სუმოს პოპულარიზაციისთვის „ახალგაზრდა ინიაციატორთა კავშირმა“ დღეს, 29 დეკემბერს, ხარაგაულში „დევების ბაშო“ ჩაატარა.

ტურნირის ორგანიზატორის, მირიან შარიქაძის ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში, ივლისის ბოლოს ჩატარებულმა ჩემპიონატმა საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სუმოს მოყვარულთა ტურნირი ზამთარშიც გაემართათ.

გაიზარდა ტურნირში მონაწილეთა და სპონსპორების რაოდენობა. ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იაპონური საბურავების იმპორტიორი შპს „ჯეო ჯაპ მოტორსი“ გახლდათ. ოფიციალური მედიაპარტნიორი Live.ge ტურნირს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

საქართველოს ტერფისა და კოჭ-წვივ-სახსარის ინსტიტუტის მიერ დაწესებული თასის მოსაპოვებლად 13 მოყვარული და 3 პროფესიონალი სუმოისტი იბრძოდა.

ფინალში ერთმანეთს სუმოისტი ზურაბ აქუბარდია და ზაფხულში გამარჯვებული ხარაგაულის პირველი ოძეკი ლადო არევაძე შეხვდნენ. დაძაბულ შეჯიბრებაში ზურაბ აქუბარდიამ გაიმარჯვა.

ფინალისტებმა ფულადი ჯილდოები და ტერფისა და კოჭ-წვივ-სახსარის ინსტიტუტისა და სარეაბილიტაციო ცენტრის – „მოძრაობა თავისუფლებაშია“ – მიერ დაწესებული ვაუჩერები მიიღეს. თასის მფლობელი „კავკასია ფუდისგან“ 200 ხინკალით დასაჩუქრდა.

„ხარაგაულში გამარჯვებისთვის ჩამოვედი და მადლობა ღმერთს, რომ ორთაბრძოლა მოვიგე, – ამბობს „დევების ბაშოს“ ზამთრის ტურნირის ჩემპიონი ზურაბ აქუბარდია, – ამ შეჯიბრების შესახებ ინტერნეტით შევიტყვე. მიხარია, რომ რეგიონებში სუმოს მიმართ ინტერესი იზრდება. მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ხარაგაულში ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან.“

„დევების ბაშოს“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირი 2019 წლის ზაფხულში ხარაგაულში აუცილებლად გაიმართება. ისინი სუმოს ჩემპიონატის ჩატარებას სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავენ.

ნინო კაპანაძე