#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის საჩივარი განიხილა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძის ინფორმაციით, თორნიკე ავალიშვილი #48.24 ვანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.

„თორნიკე ავალიშვილის საჩივრის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხათუნა ფერაძემ უბანზე დაწერილი და დარეგისტრირებული ორი საჩივრის უკან გათხოვა ზეწოლის გამო მოითხოვა, – ამბობს გია ცისკაძე, – საოლქო კომისიის იურისტმა გუშინ ვანის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოკითხა. ისინი დღეს საჩივრის განხილვაზეც დავიბარეთ. მოვიწვიეთ მოსარჩელე თორნიკე ავალიშვილი და მათი პარტიის წარმომადგენელი, ხათუნა ფერაძე. საჩივრის განხილვას მოსარჩელეები არ დასწრებიან.

ვანის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელზე ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურეს. ამიტომ საოლქო კომისიამ თორნიკე ავალიშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას უფლება აქვს, კომისიის გადაწყვეტილება ორი დღეში ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივროს.“

ინფორმაციის დასაზუსტებლად ხათუნა ფერაძეს ვერ დავუკავშირდით, რადგან მას ტელეფონი გამორთული აქვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა გვითხრა, რომ ის თბილისში იმყოფებოდა და საჩირის განხილვას ამ მიზეზით ვერ დაესწრო. კომისიის გადაწყვეტილებას კი მისივე თქმით, სავარაუდოდ, სასამართლოში გაასაჩივრებს.

#48.24 ვანის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, 28 ნოემბერს, ორი საჩივარი დაიწერა.