მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს გიორგობის სადღესასწაულო წირვა ლეღვანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა.

ხუთი წლის წინ, 23 ნოემბერს, ლეღვანის ქვიანთის უბანში ბიზნესმენ გიორგი შარიქაძის დაფინანსებით აგებული ტაძარი ეკურთხა, ცოტა ხნის წინ კი – მამათა მონასტერი.

ტაძრის წინამძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს გიორგობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„გიორგობა განსაკუთრებული დღეა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით კი ამ ტაძრისთვის, – აღნიშნა მამა ანტონმა, – წმინდა გიორგის ცხოვრება, ღვაწლი, ვაჟკაცობა და ქრისტესთვის თავდადება, თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა. მას ტანჯვა-წამებამ ქრისტიანობაზე უარი ვერ ათქმევინა. გისურვებთ ისეთ ურყევ სიყვარულსა და სიმტკიცეს, როგორიც წმინდა გიორგის ჰქონდა.

ხშირად მესმის, რომ ადამიანებს ტაძარში მოსასვლელად სხვადასხვა გარემოებები აბრკოლებთ. ქრისტიანი სხვის ცხოვრებაზე კი არა, საკუთარი ცოდვების მონანიებაზე უნდა ფიქრობდეს. მოყვასის ტკივილი და განსაცდელი გულთან უნდა მივიტანოთ, დავეხმაროთ და არ განვიკითხოთ. ამის მაგალითია წმინდა გიორგის ცხოვრება.

ადამიანის ცხოვრებაში არის დაცემა, მუდმივი ბრძოლა, მაგრამ ქრისტესადმი გულწრფელი სიყვარულითა და სინანულით ისევ ფეხზე დავდგებით. გვიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოყვასი ისე, როგორ საკუთარი თავი.“

მამა ანტონთან ერთად ლეღვანის ტაძარში წირვა იტრიის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა მამა საბამ (ნატროშვილი) აღავლინა.

გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება, 23 ნოემბერს და 6 მაისს. დღეს, 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეა.