I gv.გიორგობას ლეღვანში, ქვიანთის უბანში, ახალაგებული ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ  (კაპანაძე) სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა. ტაძრის მშენებლობა ამ სოფლის მკვიდრმა, საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენმა გიორგი შარიქაძემ დააფინანსა. მან, როგორც მეუფემ აღნიშნა, ეკლესიის აგებით მშობლების ანდერძი შეასრულა.

leRvanshi cmindaლეღვანში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ტაძრის კურთხევას სადღესასწაულო წირვა მოჰყვა. ყველა ერთსულოვნად აღნიშნავდა, რომ სოფელში ტაძრის ამოქმედება ხელს შეუწყობს საეკლესიო ცხოვრების გაძლიერებას.

წირვის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წმიდა გიორგის ცხოვრება ძალიან ჰგავს ქართველი ერის ცხოვრებას. მან დიდი მადლიერებით მოიხსენია გიორგი შარიქაძე და ბრძანა, რომ ტაძრის აშენება უდიდესი საქმე და დიდი მადლია. მეუფემ რობიზონ შარიქაძის თამადობით დალოცა ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.

ტაძრის კურთხევაზე ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) იმყოფებოდა. მეუფეს თქმით, ყველაზე დიდ ცოდვად ითვლებოდა უფლის სახლის ხელყოფა. „დღესაც ლეგენდებად დადის ხალხში, თუ რა უბედურება დაემართა იმ ოჯახებს, რომელთაც დაანგრიეს ტაძრები. ამის საპირისპიროდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათნოება ტაძრის მშენებლობაა. მინდა დავლოცო ამ ტაძრის ამშენებელი, რომელმაც აღასრულა ღვთის ნება.“

მეუფე დიმიტრიმ ხარაგაულელებს ახალი მღვდელმთავრის დადგენა მიულოცა. მისი თქმით, ამას მრავალი წელია იმსახურებდა მარგვეთის ეპარქიის მრევლი. „მეუფე დიმიტრი ერთ-ერთი ღირსეული სასულიერო პირია ქართულ ეკლესიაში, – აღნიშნა მეუფემ, – აქ მომიყვანა თქვენდამი პატივისცემამ, თქვენი ახალი მღვდელმთავრისა და თქვენი თანასოფლელის, მამა პეტრეს (ყრუაშვილი), სიყვარულმა. მამა პეტრემ ამერიკაში შექმნა ვაშინგტონის თამარ მეფის სახელობის სამრევლო, ფილადელფიის წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო. ახლა ნიუჯერსში მსახურობს. დიდ საღვთო და საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს.“

სასულიერო პირებმა გიორგი შარიქაძე ბიბლიით დაასაჩუქრეს.

ნინო კაპანაძე