ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით 2013 წლის 4 ივნისს შეიქმნა კონტროლის ჯგუფი. ჯგუფს ევალება ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ჯგუფის ინსპექტირებისას მრავალი ხარვეზი ფიქსირდებოდა. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვები ხარვეზებით იყო შედგენილი. ფიქსირდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობების დანაკლისი, სამუშაოების უხარისხოდ შესრულება, რაც კონტროლის ჯგუფის შენიშვნების შემდეგ სწორდებოდა. ხშირი იყო მეწარმეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადების დარღვევა, რის გამოც მათ დაეკისრათ პირგასამტეხლო:

შპს „ედემს“ (ბორითის ტ/ო-ში გზის შეკეთების სამუშაოები) დაეკისრა 19 ლარი, ვახანის ტ/ო-ში გზების შეკეთების, წყალსადენის სისტემის შკეთების, სარიტუალო შენობის შკეთების სამუშაოებზე – 49, 48 ლარი, სერბაისში ყორნალის უბანში სარიტუალო შენობის სამუშაოებზე – 25,74 ლარი, ზედუბანში სარიტუალო ჭურჭლის (500 ლიტრიანი პლასტმასის კასრი) შეძენაზე – 2,50 ლარი, ვახანში, დეისში, ვანში გზების შეკეთების სამუშაოებზე – 403, 07 ლარი; შპს „გეოაპექსს“ (კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა) დაეკისრა – 2, 30 ლარი; შპს „ზელმანს“ (გენერატორის შესყიდვა სრული მონტაჟით) – 61, 35 ლარი; შპს „იმერდიზაინს“ დ.ხარაგაულის ტ/ო-სთვის სახელიანი ფირფიტების დამზადება) – 7, 56 ლარი; შპს „სერვისს“ (დიზელგენერატორის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება)- 19, 78 ლარი.

ი/მ „თენგიზ მჭედლიძეს“ ბაბში სარიტუალო შენობის მშენებლობის დაგვიანებისთვის 143,26 ლარი დაეკისრა; ი/მ „დავით შარიქაძეს“ (ლეღვანში სარიტუალო დარბაზის შეკეთება) – 68, 45 ლარი; ი/მ „მიხეილ დეკანოსიძეს“ (სარგვეშის ტ/ო-ში გზების შეკეთება) – 91, 14 ლარი; ი/მ „კახაბერ ჩიქოვანს“ (მოლითის ტ/ო-ში წყალსადენის სისტემის შეკეთება) – 14 ლარი; ი/მ „გურამ ღონღაძეს“ (ქვების სარიტუალო სახლისთვის ჭურჭლის შეძენა) – 60 ლარი; ი/მ „სულიკო ჭყოიძეს“ (ქვებში წყლის წისქვილის მოწყობა) – 61, 50 ლარი; ი/მ „გელა ჭაუჭიძეს“ (საბესა და ხორითში წყლის სისტემის მოწყობა) – 128,44 ლარი, ი/მ „გიორგი გლუნჩაძეს“ (ბაზალეთის ტერიტორიულ ორგანოში წყლის მილის შესყიდვა)- 4, 75 ლარი, (ბაზალეთის ტ/ო-ში წისქვილის რემენის შესყიდვა) – 8,55 ლარი;

ი/მ „გიორგი დუგლაძეს“ – 43, 12 ლარი პირგასამტეხლო დაეკისრა თეთრაწყაროში წყლის სისტემის შეკეთების სამუშაოების დაგვიანებისთვის, 6181,98 ლარი (საღანძილის ტ/ო-ში გზების, წყალსადენების და კანალიზაციის შეკეთების სამუშაოები), 9, 90 ლარი (ბორითის ტ/ო-ში გარე განათების მოწყობა); ი/მ „გიორგი თხელიძეს“ 123,93 ლარი პირგასამტეხლო დაეკისრა საღანძილის ტ/ო-ში სასოფლო გზის შეკეთების დაგვიანებისთვის, 1 707,75 ლარი (საღანძილის ტ/ო-ში წყალსადენის სისტემის შეკეთება), 6,43 ლარი (საღანძილის ტ/ო-ში სასაფლაოს და წყლის ავზის შემოღობვა), 799, 25 ლარი (ხიდრის ტერიტორიულ ორგანოში წყლის სისტემის შეკეთება), 67,50 ლარი (დ. ხარაგაულში პირველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები).

სულ პირგასამტეხლოთი დაკისრებულმა თანხამ 10 650,80 ლარი შეადგინა.

კონტროლის ჯგუფის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე მეწარმე განცხადებით აცნობდა სამუშაოს დასრულების შესახებ, ხოლო სამუშაოები დაუსრულებელი იყო. ამის გამო მათ ეძლეოდათ გაფრთხილება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ობიექტი ჩაბარდა როგორც კონტროლის ჯგუფის, ასევე აუდიტის დასკვნის საფუძველზე. ობიექტების ვიზუალური დათვალიერებისას არ აღინიშნებოდა სამუშაოს უხარისხოდ შესრულება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაფიქსირდა დაზიანებები, რის შესახებაც ეცნობათ შემსრულებლებს.

ამის მაგალითად ინგა ლურსმანაშვილმა ერეთა-დინარის მონაკვეთის გაბიონის მშენებლობას ასახელებს. მისი ინფორმაციით, ჩაბარებულია აუდიტის მიერ. „ყველაფერი შესრულებულია პროექტის თანახმად, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – დეფექტური აქტის საფუძველზე დგება ხარჯთაღრიცხვა და როგორც ჩანს, პროექტი ისე შედგა, რომ იქ არ მივიდა პროექტის ავტორი.“

ინგა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაული-ბაზალეთის ხიდის ხარჯთაღრიცხვაში არ იყო მითითებული ბაგირის ხარისხი. პროექტის დასრულების შემდეგ ხიდი ჩაიზნიქა და ბაგირი გასაჭიმია.

„სერიოზული პრობლემა შეიქმნა რიყის მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის შემდეგ, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია, ვიზუალური დათვალიერებისას არ ჩანდა დაზიანებები. გადახურვიდან ერთი თვის შემდეგ წყალი ჩამოვიდა და ვერ გავიგეთ, საიდან. შევიტყვეთ, რომ სამუშაოს შემსრულებელმა სამშენებლო ნარჩენებით ამოავსო საჰაეროები. ნარჩენების გატანა არ იყო ხარჯთაღრიცხვაში მითითებული. პროექტს რომ ვიბარებდით, სამშენებლო ნარჩენები ადგილზე არ დაგვხვდა. სამუშაოს შემსრულებელი კატეგორიულად უარყოფს ნარჩენების საჰაერო მილში ჩაყრის ფაქტს.“

ინგა ლურსმანაშვილის თქმით, ინსპექტირების ჯგუფმა დააფიქსირა ფაქტები, როცა შესრულებული სამუშაო და პროექტი აცდენილია ერთმანეთს. „მშენებლები გვეუბნებიან, რომ შეუთანხმდნენ გამგეობის წარმომადგენლებს, – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი, – შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერია და ხელშეკრულების პირობებთან წინააღმდეგობაში მოდის. სავალდებულოა, რომ ნებისმიერი ცვლილება პროექტში უნდა გაფორმდეს წერილობით და ათი დღის ვადაში აიტვირთოს შესაბამის ვებგვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ჩაბარება გაჭიანურდება.“

თვითმმართველი ერთეულების რწმუნებულებს, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ევალებათ განსახორციელებელ სამუშაოებზე ზედამხედველობა. იყო შემთხვევები მათზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და მათ მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილებები.

ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მეწარმეებს სასამართლოს წესით დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა. შპს „რეალმშენის“ მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკვე მიმდინარეობს სააღსრულებლო წარმოება პირგასამტეხლოს (14 38, 40 ლარი) იძულებითი გადახდის მიზნით.

ნინო კაპანაძე