რამდენიმე წუთის წინ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა.
ხარაგაულის საოლქო კომისიაში ოთხი საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეიტანეს.
საჩივრები #48.02 პატარა ხარაგაულის, #48.13 ლაშისა და #48.22 საბის საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებზე დაიწერა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კახა კალანდაძემ #48.02 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით შედგენილი საჩივარი არ განიხილა. მისი განმარტებით, საჩივარი საუბნო კომისიისთვის უნდა წარედგინათ.
ამ საჩივრის მიხედვით, არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები აგიტაციას საარჩევნო უბნის ეზოში ეწეოდნენ, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.
ორი საჩივარი #48.22 საბის საარჩევნო უბანზე დაიწერა. ერთი საჩივარი ეხება იმას, რომ ამომრჩეველი არ შეამოწმეს მარკირებაზე. მეორე საჩივრის თანახმად კი, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემი ორი ამომრჩევლის ვინაობა კედლის სიაში მითითებული არ იყო.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საბის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მარკირებასთან დაკავშირებით მან მყისიერი რეაგირება მოახდინა.
ორი ამომრჩეველი, რომელთა სახელისა და გვარის გასწვრივ კედლის სიაში არ იყო მითითებული, რომ ისინი გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლებდნენ, ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობამ მნიშვნელოვან დარღვევად არ მიიჩნია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მოთხოვნა, კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე არ დააკმაყოფილეს.
კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თამარ მაღლაფერიძე და „ევროპული საქართველოდან“ ნატო თაბუკაშვილი. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, გაასაჩივრონ თუ არა #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლოში, ამის შესახებ პარტიის რაიონულ ოფისში ხვალ იმსჯელებენ.
#48.13 ლაშის საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით დაწერილი საჩივრის განსახილველად საოლქო კომისიას ორკვირიანი ვადა აქვს. ამ საჩივრის მიხედვით, ამომრჩევლის ბარათები კომისიის წევრმა არაუფლებამოსილ პირს, „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, გადასცა ამომრჩევლებთან მისატანად.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი