თამარ თხელიძე ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეცხრე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. უყვარს მხატვრული ლიტერატურა, ცეკვა და მუსიკა. ეს თავისუფალი თემა თამარმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნელი შარიქაძის დავალებით შეასრულა.

-იცით? მე მინდა ფრენა შემეძლოს. მინდა, რომ ხელით ვეხებოდე თეთრ ფაფუკ ღრუბლებს… მინდა, რომ აღვიქვამდე სისწრაფის ღვთიურ განცდას, შიშს, რომელიც სისწრაფეს თან სდევს და უკიდეგანო სიხარულს, რომ შეგეძლოს იყო ისეთი, როგორიც არ შეუძლია სხვას გახდეს. სულისათვის ხომ ეს ყველაფერი დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ადამიანის ქვეცნობიერში აუცილებლად არსებობს ის საზღვრები, რომლის გადაფრენის და დაპყრობის სურვილი გვიჩნდება, მაგრამ ზოგჯერ არ შეგვწევს საკმარისი ძალა, გამძლეობა და მოთმინება ჩვენი ოცნებების, მიზნების ასასრულებლად. ხშირად სრულიად უნებლიედ, გაუზიარებლად ვკარგავთ ცხოვრების მთავარ აზრს, ან ვერ ვხედავთ, სად არის ნამდვილი თავისუფლება და ბედნიერება. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ საკმარისად კარგად არ ვიცნობთ საკუთარ თავს და მუდამ მის ძიებაში, შეცნობაში, ახლის აღმოჩენაში ვართ. ამ დროს კი გვავიწყდება ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი და ასე უბრალოდ, გაუაზრებლად ვკარგავთ მას.

ღმერთმა ქვეყანაზე ხომ სიყვარულისთვის გაგვაჩინა, რომ გვიყვარდეს ადამიანები და ჩვენი საქმით სხვებს ვემსახუროთ. ყველა ადამიანის სულში  არსებობს ის პატარა ნაწილი თავისი საქმის სიყვარულისა, რომელიც ხშირად მთელ ცხოვრებას მოიცავს, რაღაც ეტაპზე ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელობანი ხდება. თუ შეგიძლია თავდავიწყებით  მიეცე შენს საქმეს, მისი გულისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო, გიყვარდეს ის მთელი სულით და გულით, მთელი არსებით და ამავდროულად შენით სხვებსაც მოუტანო სიხარული, გაულამაზო სიცოცხლე და დააფიქრო იმაზე, რომ საჭიროა გქონდეს მიზანი და მისთვის ბოლომდე, შეუდრეკელად იბრძოლო, – ამაზე დიდი ბედნიერება ხომ არაფერია.

ცხოვრება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ყველა  მიზანი და ოცნება ხშირად არ სრულდება, მაგრამ მჯერა, რომ რაც მთელი გულით გინდა, ის აუცილებლად ახდება. მნიშვნელოვანია, დაინახო მიზანი და ყოველდღიურად ეცადო, მას ერთი ნაბიჯით მაინც მიუახლოვდე. მართალია, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, უამრავი ადამიანი გაგკიცხავს, ზურგს შეგაქცევს, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, – თუ შენ პატიოსნად იბრძვი, შენს თავთანაც და უფლის წინაშეც მართალი ხარ, სხვების გამო არასოდეს უნდა დაიხიო უკან. შესაძლოა, ცხოვრებაში წაიქცე, გადაგთელონ, მაგრამ ყოველთვის უნდა შეგეძლოს წამოდგე და მედგრად განაგრძო ბრძოლა, ოღონდ ისე, რომ ამით სხვას ტკივილი არ მიაყენო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ოცნებებში, მაგრამ უფლის შეწევნით და მფარველობით „ყველაფერი კარგად იქნება“.

თამარ თხელიძე

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეცხრე კლასი