ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საუკუნოვანი სკოლა დამაარსებლის, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის, სახელს ატარებს.

ლაშის სკოლაში 100 წლის იუბილე სიმონ მჭედლიძის შთამომავლებთან ერთად აღინიშნა.

ღონისძიებაზე ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ისტორია და დღევანდელობა გვიამბეს. ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრმა ლიტერატურული სპექტაკლი „ილიას კვალდაკვალ“ წარმოადგინა. მსახიობებმა ირინე ჩხეიძემ და ბათუ კიკნაძემ საუკუნის წინ მოღვაწე წმინდანის ცხოვრება გააცოცხლეს.

სიმონ მჭედლიძემ ილია ჭავჭავაძის გზა გააგრძელა. გამოცემდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთს „შინაური საქმეები,“ რომლის ფურცლებზეც აქტიურად გამოდიოდა მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ. სიმონ მჭედლიძე თავისი წერილებით საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას ცდილობდა. ის, ოთხ სასულიერო პირთან ერთად, 1924 წლის აგვისტოში დახვრიტეს.

სიმონ მჭედლიძის შვილიშვილმა, პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა, ლაშის სკოლის საიუბილეო ღონისძიებაზე მისგან გამოცემულ წიგნზე „წმინდა ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალ თაობას ეს წიგნი საკუთარი მიზნის დასახვასა და განხორციელებაში დაეხმარება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ, ლაშის სკოლის კურსდამთავრებულმა ჟუჟუნა კალანდაძემ სკოლას ასი წლის იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს, სკოლის ხელმძღვანელობას და სიმონ მჭედლიძის შთამომავლებს, რომლებიც 100 წლის შემდეგ ისევ უანგაროდ ზრუნავენ სკოლაზე.

სიმონ მჭედლიძის შთამომავლებმა ლაშის სკოლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადასცეს.