უახლოეს ხანში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საუკუნოვან სკოლას მისი დამაარსებლის, ახალმოწამე წმინდანის, სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭება. ამ საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება განათლების სამინისტროს უკვე წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ, გარკვეულ გარემოებათა გამო, ლაშის სკოლას სიმონ მჭედლიძის სახელი განმეორებით ენიჭება.

1918 წელს სოფელ ლაშეში შორაპნის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველმა, მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ, სკოლა დააარსა. ქუთასის არქივებში მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ სკოლას ლაშე-ღვერკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი ეწოდებოდა. სვიმონ მჭედლიძემ ლაშეში სკოლა საკუთარი სახსრებით ააშენა. მას ამ საქმეში უფროსი შვილები ეხმარებოდნენ. სკოლის მშენებლობაში სოფლის მაცხოვრებლებიც აქტიურად ჩაბმულან. ლაშე-ღვერკის სასულიერო სკოლაში ბავშვები ხუთი ახლომახლო სოფლიდან დადიოდნენ.

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიაში დიდი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობდა. მან 1908 წლის 13 აპრილს ქუთაისში სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გაზეთი „შინაური საქმეები“ დააფუძნა.

მღვდელი სიმონ მჭედლიძე 1924 წლის 28 აგვისტოს ოთხ სასულიერო პირთან ერთად დახვრიტეს. 1994 წელს საეკლესიო კრებაზე ისინი წმინდანებად შერაცხეს და ახალმოწამენი უწოდეს.

სიმონ მჭედლიძის მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ მის შვილიშვილს, პროფესორ დამანა მელიქიშვილს ვესაუბრეთ.

სიმონ მჭედლიძის მამა ბლაღოჩინი მიხეილ მჭედლიძე გახლდათ. 1888 წელს სიმონ მჭედლიძემ სტავროპოლის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1891 წელს სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა. შემდეგ გენერალ ბესარიონ დგებუაძის ქალიშვილ ეკატერინეზე იქორწინა და საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. 1902 წლიდან სვირის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო ეკლესიის წინამძღვრად აკურთხეს.

„გაზეთში „შინაური საქმეები“ ბაბუა, რელიგიურ საკითხებთან ერთად, სხვა აქტუალურ თემებსაც აშუქებდა, – გვიამბობს დამანა მელიქიშვილი, – ერთ წერილში წერს, თუ როგორ ანგრევს რევოლუციები და პარტიულობა ქვეყანას. ყველა პარტია ხალხის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა არავის ახსოვსო. მისი თითოეული სიტყვა დღეს ძალიან აქტუალურია.

ბაბუას ხელნაწერები განადგურებულია. მის მიერ გამოცემული წიგნები ვერ მოვიძიეთ. თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქუთაისის არქივებში მხოლოდ „შინაური საქმეების“კომპლექტებია დაცული.

წიგნზე – „ახალმოწამენი – მღვდელი სიმონ მჭელიძე“ – მუშაობისას, ვეცნობოდი ბაბუას მიერ გამოცემულ გაზეთს, არქივებში დაცულ დაკითხვის მასალებს, დახვრეტის ამბავს და ასე მეგონა, ბაბუას ვესაუბრებოდი.“

მღვდელი სიმონ მჭედლიძე პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. ეპარქიის კრებებზე ხშირად გამოდიოდა და სასულიერო სკოლებისთვის დახმარებას ითხოვდა. ამ სასწავლებლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხს დიდ ყურადღებას უთმობდა.

„ნამდვილი ქართველი მხოლოდ ნამდვილ ქართულ სკოლას შეუძლია აღზარდოს. ამიტომ საჭიროა, შეიქმნას უტყუარი წყარო, რომელიც ასულდგმულებს ასეთ სკოლას. კერძო ქველმოქმედებასა და სასწავლო გადასახადზე დამყარება ამ საქმეში სილაზე სახლის შენება იქნებოდა,“ – წერს სიმონ მჭედლიძე გაზეთში „შინაური საქმეები.“

სიმონ მჭედლიძე სასულიერო პირებთან ერთად როდინოულის ეკლესიის კურთხევის წინა ღამეს დაიჭირეს. იმ საღამოს მათ მწუხრის ლოცვა აღუვლენიათ. მწუხრის შემდეგ ისინი ერთ ოჯახში წასულან ღამის გასათევად და გვიანობამდე აივანზე უსაუბრიათ. მძინარეებს თავს დაესხნენ და დააპატიმრეს. 21 წლის კომკავშირელები და მილიციონერები წერენ ჩვენებებში, როგორ უსმენდნენ მღვდლების საუბარს. დილით როდინოულის სოფსაბჭოში მისულა „მეთვალყურის“ წერილი, რომ „დღეს საღამოს ღვდლები ახთენენ კრებას, მიაქციეთ ყურადღება.“ თერთმეტი სასულიერო პირი აიყვანეს. მათგან ხუთი – მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: სიმონ მჭედლიძე, გერმანე ჯაჯანიძე, ირათეოზ ნიკოლაძე, არქიდიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე – დახვრიტეს.

სიმონ მჭედლიძე მაშინ 60 წლის იყო. შვიდი შვილი დარჩა: ბესარიონი, რომელიც 1937 წელს გადაასახლეს, ბარბარე (დამსახურებული პედაგოგი), ბიძინა (ცნობილი ინჟინერი, აფხაზეთის გზებისა და ხიდების მშენებელი), დიმიტრი (საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი და ქუთაისის საოპერო თეატრის დამაარსებელი), ნინო (მათემატიკის პედაგოგი), ეკატერინე (ინჟინერი), მარგარიტა (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი). სიმონ მჭედლიძის დახვრეტისას მისი უფროსი შვილი 26 წლის იყო, უმცროსი – 6 წლის.

სასულიერო პირებს ასეთი ბრალდება წაუყენეს – 1924 წლის აგვისტოს ავანტიურის მხარდაჭერა. ერთ-ერთი „მეთვალყურე“ ჩვენებაში წერს, რომ ღამით სასულიერო პირები ფილიპე მახარაძეს ლანძღავდნენო.

დასახვრეტად რომ მიჰყავდათ, სასულიერო პირებმა ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმა მოითხოვეს. თოკებით გადაბმულები მიიყვანეს საფიჩხიაზე, ებრაელების სასაფლაოსთან და გათხრილი ორმოების წინ დახვრიტეს. ხატზეც ასე, თოკებით გადაბმულები გამოსახეს. მათი დახვრეტის ადგილას, საფიჩხიაზე, მემორიალია აგებული.

სიმონ მჭედლიძე და მასთან ერთად დახვრეტილი სასულიერო პირები წმინდანებად 1994 წელს შერაცხეს. დამანა მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელსაც უნდა მოეძიებინა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები. წმინდანად შერაცხვისთვის უპირველესია ქრისტეს რჯულისთვის სისხლის დათხევა – მოწამეობრივი სიკვდილი, შემდეგ ის, თუ რამდენად დარჩა მათი ღვაწლი და სახელი ერის მეხსიერებაში, რამდენად მოყვასისთვის თავდადებულები იყვნენ და სხვ. ახალმოწამე სიმონ მჭელიძისა და მასთან ერთად დახვრეტილი სასულიერო პირების ხსენება 27 აგვისტოს დაწესდა.

„ჩვენს ოჯახში ბაბუას ხსენებას 14 თებერვალს, მირქმას აღვნიშნავდით, – გვიამობს დამანა მელიქიშვილი, – რადგან ბაბუას სიმონი ერქვა. მოგეხსენებათ, მირქმა პირველ საუკუნეში დაწესდა, როცა მოხუცმა სვიმონმა მკვლავზე 40 დღის იესო მიირქვა. 14 თებერვალი ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული დღე გახლდათ. დიდი სუფრა იშლებოდა, ვიკრიბებოდით ბაბუას შვილები, შვილიშვილები, ნათესავები. აუცილებლად გვსტუმრობდა ბაბუას მამიდაშვილი კოტე ფოცხვერაშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნის ავტორი. ბაბუას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ამბებს არასდროს ჰყვებოდნენ, მხოლოდ სასიამოვნო ფაქტებს იხსნებდნენ.

ბაბუას ნივთებიდან სახლში მხოლოდ სპეციალურად მისთვის იერუსალიმში დაწერილი ხატი შემოგვრჩა. ის ხატი ოთახში, კარების თავზე, ბნელ ადგილას ეკიდა. ხატს უკან ასეთი წარწერა აქვს: „ეგზავნების ხატი ესე სვიმონ მჭედლიძეს კურთხევითა…“ და მომდევნო სიტყვები აღარ იკითხება. ხატზე გამოსახულია ჩვილი იესო სვიმონ მიმრქმელთან ერთად.

1998 წელს, ლაშის სკოლის 80 წლისთავთან დაკავშირებით იუბილეზე მიგვიწვიეს. მაშინ იქ XIX საუკუნის სურნელი იგრძნობოდა. 2006 წელს უკვე გარემონტებული სკოლა დაგვხვდა. გამეხარდა, რომ ძველი შენობის ერთი კედელი ხელუხლებელია.

ვიცი, რომ სიმონ მჭედლიძის ხსოვნას ლაშეში სათუთად ინახავენ და ეს ძალიან მახარებს. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ იმ სკოლის საფუძვლის ჩამყრელის ისტორია და ღვაწლი, სადაც სწავლობენ.“

ნინო კაპანაძე