ხარაგაულის ქუჩებში დააბიჯებს კაცი, რომელიც უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. ჩემი და უფროსი თაობის ხარაგაულელები მას, როგორც საუკეთესო მიკროპედიატრს, იცნობენ. ახალგაზრდებისთვის ის „ხარაგაულკეთილმოწყობის“ თანამშრომელია.
თავად ამბობს, რომ მთავარია საქმე, რომელსაც აკეთებ, გიყვარდეს და გვერდით მყოფ ადამიანებთან კარგი ურთიერთობები გქონდეს.
ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში 27 წლის განმავლობაში ახალშობილთა სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა ექიმი გიზო მანჯავიძე.
7 ოქტომბერს მას 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბატონ გიზოს განვლილი წლებისა და საინტერესო ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.
გიზო მანჯავიძემ ხარაგაულის #1 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე 1966 წელს დაამთავრა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ერთი გამოცდით ჩაირიცხა. 1972 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, აფხაზეთში გაანაწილეს. ტყვარჩელსა და სოხუმში მუშაობდა. 1974 წელს ხარაგაულის სამშობიაროში დაიწყო მუშაობა.
ექიმობა ბავშვობიდან სურდა. მაშინ სამედიცინოზე ჩაბარება „მოდაში“ იყო. გიზო ექიმს ეს დამოკიდებულება აკვირვებს, რადგან თვლის, რომ თუ პროფესია არ გიყვარს, კარგი სპეციალისტი ვერ დადგები, ავტორიტეტს ვერ მოიხვეჭ.
ეამაყება, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობა ძლიერ კოლექტივში დაიწყო. მეან-გინეკოლოგები – ირაკლი კიკვაძე, მერი ჩიკვაიძე, რეზო ჯულაყიძე, თინა და ვალიდა არევაძეები შეთანხმებულად მუშაობდნენ. პროფესიონალებთან თანამშრომლობა ახალგაზრდა მიკროპედიატრს დიდ სტიმულს აძლევდა.
„სამსახურში მისვლა მსიამოვნებდა და მიხაროდა, – გვიამბობს გიზო მანჯავიძე, – ხარაგაულის საავადმყოფოში 31 ექიმი ვმუშაობდით. მთავარი ექიმის კაბინეტში თათბირზე ძლივს ვეტეოდით. ჩვენი ლაბორატორია საქართველოში განთქმული იყო. თინა დევდარიანი და მისი ლაბორანტები უტყუარ ანალიზს აკეთებდნენ.
სამშობიარო ბლოკში ორი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი. ქალისთვის ეს ძალიან მძიმე წუთებია. ამიტომ დედაშვილობაზე ძლიერი გრძნობა ამქვეყნად არ არსებობს. ახალშობილებთან მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო. თუ ბავშვი ასფიქსიით დაიბადა, ხელოვნური სუნთქვით უნდა გამოიყვანო მდგომარეობიდან. ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ყველა ასეთ შემთხვევაში მე და ახალშობილს გაგვიმარჯვია. პროფესიონალისთვის ამაზე ბედნიერი წუთები არ არსებობს. თუ სიტუაცია მძიმდებოდა და შესაბამისი აპარატურა ადგილზე არ გვქონდა, სხვა საავადმყოფოში გადაყვანას ვურჩევდი. დღენაკლულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. სპეციალურ აპარატში უნდა მოათავსო. ეს ჩვენ არ გვქონდა. ამიტომ ბამბებში ვახვევდი, დღე და ღამე სულ სახეზე დავყურებდი. დიდი დატვირთვის მიუხედავად, დაღლას თითქმის ვერ ვგრძნობდი. ასე იცის პროფესიისადმი ინტერესმა და სიყვარულმა.“
გასული საუკუნის 90-იან წლებში, უშუქობასა და სიცივეში გიზო მანჯავიძეს საავადმყოფოში სახლიდან შეშა და ნავთი დაჰქონდა. თავს ვალდებულად თვლიდა, ასე მოქცეულიყო. საავადმყოფოს გაყინულ კედლებში მყოფი მედპერსონალი მის ნავთქურასთან და შეშის ღუმელთან ითბობდა ხელებს, ავადმყოფობის ისტორიების დაწერისას.
ნავთს რკინიგზაზე თოვლმწმენდის მემანქანეებს სთხოვდა. ერთხელაც, პურ-მარილით მისულს, მემანქანეებმა ჰკითხეს, თქვენ ამ ნავთს ხომ არ ჰყიდითო. გიზო ექიმმა თავისი გაჭირვება რომ აუხსნა, – ნავთი „კერასინკისთვის“ მინდა, საავადმყოფოში ახალშობილები არ დამეყინონო, რკინიგზელებს მოზრდილი კასრი გაუვსიათ და სახლში მიტანაშიც დახმარებიან.
დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დარსა და ავდარში ფეხით დადგომია გიზო მანჯავიძე საავადმყოფოსკენ მიმავალ გზას, რომ ახალშობილს მიშველებოდა.
„დღესაც მადლობას მეუბნებიან გადარჩენილი სიცოცხლისათვის. უნივერმაღის სავაჭრო ცენტრში რომ ნინო ლომიძე მუშაობს, მისმა რძალმა ცხრა წლის უშვილობის შემდეგ ჩვენთან იმშობიარა. ბიჭი ასფიქსიით დაიბადა. ნახევარი საათი ვაწვალე. ახალშობილმა ხმა რომ ამოიღო, შვებით ამოვისუნთქე. ორი დღის წინ ნინომ იმ ბიჭის ფოტო მაჩვენა, აბა, თუ იცნობ, თქვენი გადარჩენილიაო. გამიხარდა, ქორწილი არ გამომაპაროთ-მეთქი, ვუთხარი.
…ერთხელ ექთანი მირეკავს, გიზო ექიმო, დღენაკლული ცუდად არისო. დღენაკლულს, ჩვეულებრივ ბავშვთან შედარებით არც იმდენი სისხლი აქვს და არც ჟანგბადი მიეწოდება ნორმალურად. გავიქეცი სახლიდან. ძალიან ცუდი ამინდი იყო. განელებული ღუმელის ქვეშ დავაწვინე. დღეს ის გოგონა დაოჯახებულია. ამასწინათ დედამისი შემხვდა და მადლობა მითხრა. ადამიანების მადლიერება მსიამოვნებს და ენერგიას მმატებს.“
გიზო მანჯავიძემ 1976 წელს ოჯახი ციური ბლუაშვილთან ერთად შექმნა. მათი სამი შვილი – მაია, ნინო და ვახტანგი რომ სტუდენტები გახდნენ, მამამ თეთრი ხალათი გაიხადა და 2001 წელს თბილისში მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო. ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი იყო. სხვაგვარად ვერ შეძლებდა შვილებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობას.
რა უნდა გაკეთებულიყო სამედიცინო სფეროში ისეთი, რომ მაღალი დონის პროფესიონალები მუდმივად ყოფილიყვნენ რეალიზებულნი, – ამ საკითხზე გიზო მანჯავიძე ფიქრობს, რომ ექიმს ნორმალური ანაზღაურება და შესაბამისი აპარატურა სჭირდება.
„ხარაგაულში სადღაა ექიმები. ერთი-ორი დღით ჩამოდიან, – გულისტკივილს გვიზიარებს გიზო მანჯავიძე, – ჩამოსული პედიატრი რას გვარგია. კარგი, მოვიდა სამშაბათს და ოთხშაბათს, ხუთშაბათს რომ გამიხდეს შვილი ავად, რა უნდა ვქნა?! ექიმი მუდმივად ადგილზე უნდა იყოს. ხარაგაულში, წლების განმავლობაში, სამშობიაროდ სხვადასხვა რაიონებიდან მოდიოდნენ. აქაურ ექიმებს იცნობდნენ და ენდობოდნენ.
საავადმყოფოდან შვილების გულისთვის წამოვედი. ჩემი ხელფასით ოჯახს ვერ ვარჩენდი. ჩემი პროფესია გავწირე, მაგრამ არ ვნანობ. დღეს ჩემი შვილები ფეხზე მყარად დგანან და ამით ძალიან ვამაყობ. ნინო ნაადრევად დაქვრივდა და ამან ჩვენს ოჯახს დიდი დაღი დაასვა. ის ფრანგული ენის საუკეთესო სპეციალისტია. ძალიან ყოჩაღია და ოჯახს კარგად უძღვება.
2011 წელს, ხარაგაულში რომ დავბრუნდი, ექიმად მუშაობის გაგრძელებაზე აღარ ვიზრუნე. ჩავთვალე, რომ პედიატრად მუშაობისთვის საკმარისი ძალა აღარ მქონდა. „ხარაგაულკეთილმოწყობაში“ დავსაქმდი. რა ვუყოთ მერე, შრომა სათაკილო არ არის. ხარაგაულში მიცნობენ, ვინც ვარ.“
გიზო მანჯავიძე იუმორითა და ენამოსწრებულობითაა განთქმული.
-იუმორი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თან გაკეთილშობილებს და თან რთულ სიტუაციაში გამოსავალს მოძებნი, სხვასაც დარდს გაუქარვებ, – ამბობს გიზო მანჯავიძე, – ერთ მშობიარეს თავი განათლებულად მოჰქონდა და პალატაში დანარჩენებს ზემოდან უყურებდა. მძიმე მშობიარობა ჰქონდა, რამდენიმე ნაკერი სჭირდებოდა. მშობიარობისას გამწარებულმა თქვა, აწი ქმარს აღარ მივეკარებიო. მეან ნოდარ ბოჭორიშვილს ვუთხარი, ამას აღარაფერი ნდომებია და ბოლომდე გაკერე-მეთქი. იკივლა, მარა, რა იკივლა, ძლივს დავამშვიდე…
…70 წელი უკან დარჩა. დრო ძალიან სწრაფად გარბის. ადრე რომ გავიგებდი ვინმეზე, 70 წლის გახდაო, ვფიქრობდი, რამდენ ხანს უცხოვრია-მეთქი. თავს ბედნიერად ვთვლი. არ ვარ ცხოვრების უკმაყოფილო. კარგ კოლექტივში ვმუშაობ. გვერდით საუკეთესო მეუღლე მყავს. ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი შვილების კარგად ყოფნაა. არ უნდა იწუწუნო კაცმა – შემოსავალი ხან ბევრი გექნება და ხან – ცოტა. მთავარი ჯანმრთელობაა. ოთხი შვილი და ცხრა შვილიშვილი მყავს. მალე მეათე შვილიშვილს ველოდები.
„1985 წელს ხარაგაულის საავადმყოფოში რომ მუშაობა დავიწყე, გიზო მანჯავიძის გარდა ხარაგაულში არავის ვიცნობდი, – იხსენებს გიზო მანჯავიძის კოლეგა და მეგობარი ალექსანდრე ბარბაქაძე, – მის სახლში ვცხოვრობდი, მის შვილებს ზღაპრებს ვუკითხავდი.
თამამად ვიტყვი – გიზო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მიკროპედიატრია. მუშაობის დროს არც ერთხელ არ მოსვლია ისეთი შეცდომა, რაც ახალშობილის სიცოცხლეს ზიანს მიაყენებდა. ჰყავს შესანიშნავი ოჯახი. როცა ცხოვრება შეიცვალა და მის შვილებს დასჭირდა, ექიმობას თავი დაანება და ფიზიკურად შრომობდა.
თუ ვინმეს საპატიო და ღირსეული ხარაგაულელის წოდება ეკუთვნის, მათ შორის ერთ-ერთი პირველი გიზო მანჯავიძეა.“
„გიზო არაჩვეულებრივი სპეციალისტი და ძალიან კარგი პიროვნებაა, – ასე ახასიათებს მას ექიმი აზა ფურცელაძე, – მძიმე წლებში გიზოს სახლიდან უანგაროდ მოჰქონდა საავადმყოფოში ნავთი და შეშა, რომ ახალშობილები გაეთბო. საუცხოო იუმორი აქვს. ძალიან დამწყდა გული, ექიმობას რომ თავი დაანება, მაგრამ სიტუაციამ ასე მოითხოვა. ვულოცავ 70 წლის იუბილეს და დიდხანს, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.“
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: გიზო მანჯავიძე, გიზო მანჯავიძე ხარაგაულელ მედიცინის მუშაკებთან ერთად
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კურიოზებს საექიმო პრაქტიკიდან იხსენებს გიზო მანჯავიძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.