26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში მოსახლეობამ კრებაზე უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი პრობლემის მოგვარება სურს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით.

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის დროულად და სრულყოფილად ინფორმირება, მათი აქტიურობა და ჩართულობა. გადაწყვეტილება, ხმათა უმრავლესობით, კრებაზე დამსწრე მოქალაქეებმა უნდა მიიღონ.

წელს, ისევე როგორც შარშან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50 მილიონი ლარია განსაზღვრული. პროექტების განსახორციელებლად თანხა განაწილდება თითოეულ სოფელზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ თანხის მთლიანი ოდენობა, შარშანდელთან შედარებით, არ შეცვლილა, წელს მცირერიცხოვანი სოფლები, თანხის განაწილების მეთოდიკის შეცვლის გამო, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მრავალრიცხოვან სოფლებზე (ათასი და მეტი მცხოვრები), ეს ცვლილება კი უმნიშვნელოდ აისახება.

სოფელი, რომლის მოსახლეობაც 200 კაცამდეა, პროექტის განსახორციელებლად, შარშანდელი 2 ათასი ლარის ნაცვლად, წელს მიიღებს 4 ათას ლარს, პლუს მოსახლეობის რაოდენობა გამრავლებული კოეფიციენტზე.

200-დან 400 კაცამდე – 5 ათას ლარს, პლუს მოსახლეობის რაოდენობა გამრავლებული კოეფიციენტზე;

400-დან 1000 კაცამდე – 8 ათას ლარს, პლუს მოსახლეობის რაოდენობა გამრავლებული კოეფიციენტზე;

1000-ზე მეტი მოსახლეობით – 12 ათას ლარს, პლუს მოსახლეობის რაოდენობა გამრავლებული კოეფიციენტზე.

ზემოთაღნიშნული კოეფიციენტი, – სავარაუდოდ, 12,0185 – განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, რომელიც უახლოეს დღეებში გამოიცემა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. თანხების განაწილების პრინციპი, მიზნობრიობა, პროცედურები და რისი გაკეთება შეიძლება ამ პროგრამით, – ეს საკითხები განუმარტა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს უფროსმა გიორგი ცინცაძემ და ამავე სამმართველოს იმერეთის მხარის კოორდინატორმა კობა ქიმაძემ. სამუშაო შეხვედრა 17 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში ჩატარდა.

სოფლის კრებაზე უნდა დაფიქსირდეს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. სასურველია, რომ განისაზღვროს არა მხოლოდ ერთი. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა კრებაზე დააფიქსირებს მეორე და მესამე პრიორიტეტებს, მიუხედავად იმისა, თანხა ეყოფა თუ არა. საკმარისია თანხა პირველი პრიორიტეტისთვის? – გაკეთდება პირველი. არ ყოფნის თანხა? – მაშინ ვმსჯელობთ, – მეორე პრიორიტეტს თუ ჰყოფნის ან ხომ არ ჯობია, რომ გაკეთდეს პირველი პრიორიტეტის გარკვეული ნაწილი. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა დაფინანსების მორგება პროექტებზე. თუმცა, რწმუნებულებმაც იციან, რა თანხა ექნებათ და სოფლის კონკრეტულ პროექტს დაახლოებით რამდენი დასჭირდება.

განსახორციელებელი პროექტის სავარაუდო და დაზუსტებულ ღირებულებას შორის თანხობრივი სხვაობა იმავე სოფელს სამინისტროსთან შეთანხმებით მოხმარდება. შარშან ამას მთავრობის განკარგულებაში ცვლილება სჭირდებოდა.

რწმუნებულებმა უნდა განუმარტონ მოსახლეობას, ამ პროგრამით რისი გაკეთება შეიძლება. პროექტით შექმნილი ღირებულება, – გზის სანიაღვრე იქნება თუ ხიდი, – მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩება (სოფელს, ამ ეტაპზე, იურიდიული სტატუსი არ აქვს). ამიტომ ამ პროგრამით ისეთი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი, რომლის მოგვარების უფლებაც მუნიციპალიტეტს აქვს. მაგალითად, საბავშვო ბაღების შექმნა და მოვლა-პატრონობა თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამიტომ საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა თავისუფლად შეუძლია აირჩიოს მოსახლეობამ. მაგრამ საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს ბალანსზეა და ამიტომ სკოლების პრობლემებს სოფლის განვითარების პროგრამით ვერ მოვაგვარებთ.

გიორგი ცინცაძის თქმით, თუ სოფლის კრებებზე, რწმუნებულებისგან განმარტების მიუხედავად, მაინც დაისმება თვითმმართველობის უფლებამოსილებებისგან აცდენილი პრიორიტეტები, მაშინ ეს  გაიცხრილება ან მუნიციპალიტეტის დონეზე, ან სამინისტროში. მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს პროექტს, თუ შემდგომ ბალანსზე აყვანის საშუალება არ ექნება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას ან/და გრძელვადიანი სასარგებლო ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.

იმ მიზეზით, რომ კონკრეტული პროექტისთვის მცირე თანხაა გამოყოფილი, დიდი კომპანიები ასეთ ტენდერებში იშვიათად მონაწილეობენ. ამიტომ მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლება, თანხა განკარგონ ერთ პირთან მოპალარაკებით. თუმცა, ერთგვაროვანი საქმიანობების გაერთიანებით თუ ტენდერით  შეისყიდის მომსახურებას, ამით თანხასაც დაზოგავს და უკეთეს ხარისხსაც მიიღებს თვითმმართველობა. „ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არის თქვენი უფლება და არა ვალდებულება, – განუმარტა სამინისტროს წარმომადგენელმა რწმუნებულებს, – შარშან ბევრმა მუნიციპალიტეტმა ჩაატარა ტენდერები, – მართალია დროში გაეწელათ, მაგრამ ფასში დაეზოგათ და უკეთესი ხარისხი მიიღეს.“

გიორგი ცინცაძის თქმით, პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია მუშახელად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

წლევანდელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული თანხები უნდა დაიხარჯოს 2014 წელს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს არა მხოლოდ პროექტების შესრულების მონიტორინგს, არამედ შერჩევით გააკონტროლებს მოსახლეობის კრებების ეფექტურობას, – რამდენად გამჭვირვალედ, მთავრობის დადგენილების პროცედურების დაცვით და ობიექტურად მიმდინარეობს პროცესი. გიორგი ცინცაძის თქმით, მონიტორინგს განახორციელებენ ასევე გუბერნიის სამსახურები.

„გადაწყვეტილებას იღებს სოფლის კრება. პრიორიტეტის შერჩევისას მაქსიმალური უფლებამოსილება მიენიჭება მოსახლეობას. სამინისტრო გააკეთებს იმას, რაც ჩაიწერება კრების ოქმში და შესაბამისად – აისახება მუნიციპალიტეტიდან სამინისტროში მოწოდებულ ინფორმაციაში, – უთხრა რწმუნებულებს გიორგი ცინცაძემ, – მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ბევრი ხალხი დაესწროს კრებას. მოსახლეობის უმრავლესობამ კრებაზე ხელმოწერით უნდა დაადასტუროს კრების ოქმზე თანხმობა. ოქმში უნდა დაფიქსირდეს სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილება. სასურველია, რომ მუნიციპალიტეტმა მალევე შეაგროვოს ეს ინფორმაცია კრებებიდან.

თუ, ვთქვათ, 5 ათასი ლარი ეკუთვნის სოფელს და ითხოვს 300 ათასიან ლარიანი ხიდის მშენებლობას, შეუძლებელია, ამაზე დაიხარჯოს 5 ათასი ლარი. შესაძლოა, დაპროექტებას არ ეყოს ეს თანხა. 5 ათასი ლარი ამ დროს შეიძლება მოხმარდეს, ვთქვათ, ხიდის კონკრეტულ გაფუჭებულ მონაკვეთზე ბეტონის დასხმას.

ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ითხოვენ გზის მოხრეშვას. ჩვენი განწყობაც ასეთია და თავად მოსახლეობის დიდი ნაწილიც თვლის, რომ ეს თანხა წყალში იყრება. თუ ისეთ ადგილზე ვყრით ხრეშს, სადაც ან დაღმართია, ან ვიცით, რომ ნალექები ხშირია და სანიაღვრე არ აქვს, პირდაპირი მნიშვნელობით არის წყალში ჩაყრილი. პირველივე დიდი წვიმის შემთხვევაში დაყრილი ხრეში მოხვდება ისევ მდინარეში, საიდანაც მერე ვზიდავთ და ისე იქ ვყრით.

გზის მოხრეშვა ღირს იქ, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ჯობია, სანიაღვრე არხი გავაკეთოთ, ვიდრე გზა – სანიაღვრეს გარეშე. ასევე დასადგენია გარემოს დაცვის სამინისტროს მიდგომა ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით.

თუ ორი მომიჯნავე სოფელი სარგებლობს ერთი და იგივე ობიექტით, შესაძლოა, სოფლებმა გააერთიანონ თანხა და ერთ საერთო საქმეს მოახმარონ.“

შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ რამდენადაა შესაძლებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბუნებრივი გაზის მოსახლეობისთვის შეყვანა. სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თუ რომელიმე სოფელში, სადაც ახლოს ბუნებრივი გაზის მაგისტრალი გადის, ამის განსაკუთრებული აუცილებლობაა, მოსახლეობამ დასაბუთებულად მოითხოვა და გადაწყვეტა, მიეცემათ ამის უფლება. თუმცა, შეხვედრაზევე აღინიშნა, რომ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩნდება განსხვავებული ვალდებულებები და გასავლელია სხვა პროცედურები – შექმნილი ღირებულება მუნიციპალიტეტმა უნდა გადასცეს კომპანიას.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ის, რომ რაც კეთდება, მოსახლეობის უმრავლესობაზე უნდა იყოს გათვლილი. პროექტი არ უნდა იყოს ერთჯერადი მოხმარების; არამედ, – გამოყენების თვალსაზრისით მრავალ წელზე გათვლილი, მდგრადი პროექტები უნდა განხორციელდეს.

ლაურა გოგოლაძე