საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შვიდ რეგიონშიდღეს, 20 აგვისტოს, ახალი გუბერნატორები წარადგინა.

იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად – შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე – შოთა რეხვიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად – ბესიკ ამირხანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორად – გიორგი ხოჯევანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია, ხოლო გურიის გუბერნატორად – ზურაბ ნასარია დაინიშნა.

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის.

„20 წელზე მეტია, შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვმსახურობ. დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები, ეს გამოცდილება მოვახმარო ჩემს რეგიონს – იმერეთს. იმერეთში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან საპასუხისმგებლო გამოწვევების წინაშე ვდგავარ,“  – აღნიშნა შავლეგ ტაბატაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ პირველ რიგში ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მოსახლოებასთან ერთად პრობლემატურ საკითხებს გაეცნობა და პრიორიტეტებს დაგეგმავს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმერეთის ახალმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რეგიონში მოტივირებული კადრები განვითარებაზე ზრუნავენ. მისივე თქმით, კადრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებს, რაც თანამშრომლებს შეხვდება და მათ შესაძლებლობებს გაეცნობა.

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე 2018 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებით, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.

დანარჩენი ხუთი რეგიონის გუბერნატორები კი ივლისში გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.