

ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე დილის ხუთ საათზე იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. საოჯახო საქმეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და ოჯახის წევრებზე ზრუნვა მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ხშირად საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა რთულია. თუმცა, საქმისადმი სიყვარული და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი შრომის გაგრძელების ძალას აძლევს.
როგორია ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სოფელში, რამდენად რჩება დრო პირადი განვითარებისა და მიზნების მისაღწევად, – ამის გასაცნობად, ნატო წარიაშვილის ყოველდღიურ ცხოვრებას გაგაცნობთ.
ნატომ დილაადრიან, პირველ რიგში, ათი სული საქონელი უნდა მოწველოს და საძოვარზე გარეკოს. შემდეგ რძეს მიხედავს, ყველის ამოსაყვანად გაამზადებს და ყანის ასაღებად გარბის. ცხრის ნახევრისთვის ყველს ამოიყვანს და როგორც თავად ამბობს, უკვე კარგად დაღლილს, უმცროსი შვილი ხარაგაულში, საბავშვო ბაღში ავტომანქანით თავად მიჰყავს.
ხარაგაულიდან უკან დაბრუნებული, ხეირიანად ჭამასაც კი ვერ ახერხებს, რადგან ახლა შემოდგომაა და ყველა საქმე ერთბაშადაა მოძალებული. დღის განმავლობაში ხან სიმინდს ტეხავს და სახლში ზიდავს, ხან ლობიოს არჩევს, ხან ბაღჩაში საქმიანობს. საღამოს ისევ ხარაგაულში უწევს წასვლა, ბავშვი რომ ბაღიდან წამოიყვანოს.
წელს ნატომ ერთი ტონა პომიდორი მოიყვანა, სასუქისა და ქიმიური დანამატების გარეშე. ამიტომ დღემდე მისი პომიდვრის ყიდვის მსურველი არ ილევა. ნატოს ბაღჩაში უხვადაა ბადრიჯანი, ჭარხალი, სხვადასხვა მწვანილი და ჟოლო. წელს, საადრო ლობიო რომ აიღო, იმ ადგილზე სიმინდი დათესა, გვიან შემოდგომამდე ჭყინტი სიმინდი რომ ჰქონოდათ.
სხვადასხვა საჭირო ნივთების შესანახად ნატომ ეზოში ერთი შენობა თავად ააშენა და გალესა. ყველანაირი საქმე მეხერხებაო, – ამბობს.
ხარაგაულში განთქმულია ნატოს ყველი. თუმცა, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ყველის გაყიდვით ოჯახის რჩენა, ყველა საჭიროების დაკმაყოფილება ძალიან ძნელია.
„მე და ჩემს მეუღლეს ხშირად ერთმანეთისთვის გაკვირვებით გვითქვამს, როგორ გაგვაქვს თავი, როგორ ვარჩენთ შვილებს, – ამბობს ნატო წარიაშვილი, – მართლაც თავის გატანაა სოფლად ჩვენი ყოფა-ცხოვრება. უფროსი ქალიშვილი სტუდენტია, შუათანა ბიჭი – აბიტურიენტი, უმცროსსაც რამდენი რამ სჭირდება. მარტო ჭამა ხომ არ არის, ოჯახში უამრავი გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ხარჯია. ყველს გავყიდი და კომუნალურ გადასახადებს – ბუნებრივი აირისა და დენის ფულს ვისტუმრებ. ვჯახირობთ, რომ იტყვიან, მაგრამ აბა რა ვქნათ, უშრომლად როგორ გავჩერდე?!
კარგი მოსავლისთვის მარტო მუხლჩაუხრელი შრომა საკმარისი არ არის. კლიმატის ცვლილება მოსავლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს და მთელი წლის ნაშრომი, შესაძლოა, წყალში ჩაგეყაროს.
გასულ წლებში ოჯახში გაზრდილ ღორებსა და საქონელს ვკლავდით და ვყიდდით. სამწუხაროდ, ახლა ამას ვეღარ ვაკეთებთ, რადგან ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლესობას ხორცის საყიდელი ფული აღარ აქვს.
არასდროს მიფიქრია, რომ ეს „კაცის საქმეა“ და არ გავაკეთებ. მეუღლეც ყველანაირ საქმეში მეხმარება.
სოფელში ქალის ცხოვრება ძნელია. თუმცა, ეს ჩემი არჩევანია. ქალად თავს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა სადმე წვეულებაზე გვეპატიჟებიან. ყოველდღიურ საქმიანობაში საკუთარი თავის მისახედად და გასაპრანჭად არ მცალია.
ახალგაზრდა ოჯახებს, ვინც სოფლებში დავრჩით, ხელშეწყობა გვჭირდება. დაიცალა სოფლები, სახლებიდან კვამლი აღარ ამოდის. ყველა ხელისუფლების მიმართ მაქვს მოთხოვნები, რომ რაიონებში გაიხსნას ერთი-ორი საწარმო, სადაც ადამიანი დასაქმდება და ყოველთვიური გარანტირებული შემოსავალი ექნება. უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ არ მეზარება, წავალ, კიდევ ვიმუშავებ. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აუცილებელია, – გაზაფხულზე ან საწვავი მოგვცენ, ან აგროქიმიკატები.
ჩვენს სახლამდე მისასვლელი გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. მაღალგამავლიანი მანქანა რომ არ გვყავდეს, ბავშვს ბაღში ვერ ვატარებდი“.
ნატოს ოჯახში სტუმარი ხშირადაა. ამიტომ თავისი ხელით აშენებულ და მოწყობილ სარდაფში მარაგი უხვადაა – თაროებზე ნატოს მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის კონსერვები და მწნილეული აწყვია, მათ გვერდით ყველი და ხორცია შენახული.
სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალის ოცნებაა, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლში ისევ ითამაშოს. წლების განმავლობაში ნატო წარიაშვილი ამ თეატრის დასის წევრი იყო. მოსწავლეობისას საბავშვო თეატრში მსახიობებმა – ნიკო წიკლაურმა და ლუიზა კიკნაძემ მიიყვანეს. 2001 წლიდან მისი თანამშრომლობა სახალხო თეატრში თამაზ კიკნაძისა და ირინე ჩხეიძის რეჟისორობისას გაგრძელდა.
„მახსოვს, ერთ სპექტაკლში მოხუცის როლი ისე შევასრულე, თამაზ კიკნაძემ მითხრა, ცრემლები წამომცვივდა, ისე კარგად ითამაშეო, – ამბობს ნატო, – შემდეგ ირინე ჩხეიძის მიერ დადგმულ რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი. ამ მიზანს დავისახავ და აუცილებლად მივაღწევ – ისევ დავდგები ხარაგაულის თეატრის სცენაზე“.
ნინო კაპანაძე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო