ხარაგაულელი ფეხბურთის მოყვარულები დღეს, 19 ივლისს, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სასაუბროდ კაფე „ეიფელში“ შეიკრიბნენ.

ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა.

ამ სამსახურის სპეციალისტმა სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძემ შეკრებილთ ვიქტორინა-კონკურსი შესთავაზა, შემდეგ კი ფეხბურთის ფანებს შესაძლებლობა მისცა, განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ.

კონკურსი საინტერესოდ წარიმართა და მასში ხარაგაულელი ფეხბურთის მოყვარულთა ორი გუნდი ჩაერთო. ბათუ კიკნაძისა და გივი კურტანიძის გუნდებმა ამ დრომდე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ საკმაოდ კარგი ცოდნა გამოამჟღავნეს. მათ შორის გამარჯვება გივი კურტანიძის გუნდმა მოიპოვა.

კაფე „ეიფელი“ ღონისძიების მონაწილეებს ლუდით გაუმასპინძლდა.

კულტურის სამსახურმა პრიზით დააჯილდოვა ვიქტორინის ყველაზე გამოცდილი მონაწილე ნუგზარ კიკნაძე, პრიზი დაიმსახურა გოგონათა შორის ფეხბურთის ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარმა, გამომცემლობა „ჩემი იმერეთის“ ჟურნალისტმა, ნინო კაპანაძემ.

შეხვედრის მონაწილე ხარაგაულელმა ფეხბურთის მოყვარულებმა შეხვედრის ორგანიზატორებსა და კაფე „ეიფელს“ მადლობა გადაუხადეს და მსგავსი ღონისძიებების გამართვა მომავალი ჩემპიონატების შემდეგაც ისურვეს.

ამავე თემაზე

მსოფლიო ჩემპიონატი – ფეხბურთის მოყვარულების დღესასწაული