მომდევნო ერთი თვე ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და ამავე დროს დაძაბული პერიოდია ფეხბურთის მოყვარულებისა და პროფესიონალებისათვის.

14 ივნისს, სტარტი აიღო ფეხბურთში რიგით ოცდამეერთე მსოფლიო ჩემპიონატმა. 1930 წლიდან მოყოლებული ეს ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში იმართება. ჩემპიონატი ვერ შედგა მეორე მსოფლიო ომის დროს (1942 წელი) და ომის დამთავრებიდან მეორე წელს (1946 წელი).

წელს მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი მასპინძლობს. ჩემპიონატში 32 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება ჯგუფური ეტაპით იწყება. რვა ჯგუფის საუკეთესო ორ-ორი გუნდი ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებს, რასაც მოჰყვება მეოთხედფინალი და ა. შ. ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს მოსკოვში გაიმართება.

ფეხბურთის ხარაგაულელი გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჩემპიონატის ღია ჩვენებები მოეწყობა წინასწარ შერჩეულ ადგილზე.

გივი კურტანიძეს კარგად ახსოვს, როცა გასულ წლებში ჩემპიონატებს ხან კულტურისა და დასვენების პარკში, ხანაც კულტურის ცენტრის დარბაზში უყურებდნენ. მას წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისადმი განსაკუთრებული და განსხვავებული დამოკიდებულება აქვს: -ევროპის ჩემპიონატი თავისთავად დიდი ტურნირია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ყოვლისმომცველია და დიდი სიამოვნებით ველოდები.

სამწუხაროდ, ჩემი ფავორიტი – იტალიის ნაკრები, რომელსაც 1994 წლიდან ვგულშემატკივრობ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში, შესარჩევ ტურნირში წარუმატებლობის გამო, ვერ მონაწილეობს. უმოტივაციოდ ყოფნა ნამდვილად არ მინდა და ჩემი სიმპატიები საფრანგეთის ნაკრებისკენ გადაიხარა. ათი ნომრით თამაშობს ახალგაზრდა კილიან მბაპე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ასევე ძალიან ვაფასებ გერმანიის ნაკრებს. არ არის გამორიცხული, რომ გერმანია ზედიზედ მეორედ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი.

მეგობრებთან ერთად გულშემატკივრობის მომხრეა პეტრე შარიქაძე. ის არგენტინის ნაკრების ფანია და თვლის, რომ გუნდს ჩემპიონატის მოგების მაღალი შანსები აქვს. არგენტინის რეალურ კონკურენტებად ის ბრაზილიასა და გერმანიას მიიჩნევს. პეტრე ფიქრობს, რომ ფეხბურთს მრავალფეროვნება და მეტი ინტერესი შემატა ტოტალიზატორმა – ქალებიცა და მამაკაცებიც სპორტის ამ სახეობას თანაბრად გულშემატკივრობენ.

„ინტერის მიმართ ჩემი დიდი სიმპატიების მიუხედავად, იტალიისთვის არასდროს მიგულშემატკივრია, – ამბობს გიორგი მაქაძე, – 2000 წლიდან საფრანგეთის გულშემატკივარი ვარ. წლევანდელ ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები საუკეთესოა – ვარსკვლავბიჭუნები ჰყავს. იმ იმედგაცრუების შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთს პორტუგალიასთან წააგებინეს, საფრანგეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.

ხარაგაულელი გოჩა გელაშვილი იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვშია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს სტადიონზე დაესწრებიან. გოჩა ბავშვობის მეგობარმა, ვლადიმირის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორმა ანზორ სარალიძემ დაპატიჟა მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ენით აღუწერელი სიხარული იყო ჩემთვის, როცა ანზორიმ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მიმიწვია, – ამბობს გოჩა გელაშვილი, – მან კარგად იცის, რომ ბავშვობიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ. თებერვალში შემატყობინა ეს სასიხარულო ამბავი. ჯერ თვეებს ვითვლიდი, მერე დღეებს და ახლა უკვე საათების თვლაზე გადავედი. 16 ივნისს მივფრინავ. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია და იმ დროს სტადიონზე ყოფნა, უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის. ჯერჯერობითმ ანზორი სიურპრიზად იტოვებს და არ მეუბნება, კონკრეტულად რომელ მატჩებს დავესწრები.“

გოჩა გელაშვილს წლევანდელი ჩემპიონატის ფავორიტებად გერმანიის, საფრანგეთის, არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრები გუნდები მიაჩნია; შემდეგ – ესპანეთის, ინგლისისა და ბელგიის გუნდები, რომელსაც წელს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატზე დაძაბულ და საინტერესო თამაშებს ველოდებით.

ნინო კაპანაძე