საქვეყნოდ ცნობილ, „მზიანი გულის“ მწერალ ნოდარ დუმბაძეს 14 ივლისს 90 წელი შეუსრულდა. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებზე ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა-დუმბაძე და ქალიშვილი მანანა დუმბაძე გვესაუბრებიან.

ნანული დუმბაძე: -ნოდარი კარგი მეუღლე და ტკბილი მამა იყო. დილიდან საღამომდე მუშაობდა და ამიტომ ოჯახში ყველაფერს მე ვუძღვებოდი. მამასა და შვილებს არასდროს უკამათიათ. ნოდარი რასაც გადაწყვეტდა, ყველასთვის კანონი იყო.

ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. მასზე თერთმეტი თვით ვარ უმცროსი. ნოდარი ეკონომიურზე სწავლობდა, მე – ისტორიულზე. უნივერსიტეტში ლიტერატურული დღეებისთვის ვემზადებოდით. ერთხელაც, ნოდარს შევუმჩნევივარ და უთქვამს, რა მინიატურული გოგონააო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შევუღლდით.

-ქალბატონო ნანული, თავის ნაწარმოებებს თუ გაკითხებდათ?

-არასდროს უთქვამს, ნანული, მოდი, წაიკითხეო. თუმცა, არც არასდროს დახურავდა დაწერილს. ეს ნიშნავდა, რომ უნდა წამეკითხა. ჯერ მე წავიკითხავდი, მერე – მანანა. კითხვა რომ ისწავლა, ქეთინოც აბობღდებოდა ხოლმე მაგიდაზე და კითხულობდა. ასე მორიგეობით ვეცნობოდით. ქალაქში მისი ნაწარმოებების პირველი მკითხველი ვახტანგ ჭელიძე იყო. ნოდარი ამბობდა, ვახტანგი ჩემთვის მეორე მამააო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ვახტანგმა, სადაც კი სამუშაოდ წავიდა, ყველგან მიიყვანა ნოდარი – იუმორისტულ ჟურნალ „ნიანგში,“ კინოსტუდიაში, კულტურის სამინისტროში.

-თქვენი მეუღლის რომელი ნაწარმოებები გიყვართ ყველაზე მეტად?

-როგორც შვილებს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან, ისე ერთნაირად მიყვარს ნოდარის ყველა ნაწარმოები. თუმცა, რადგან პირველია, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისკენ“ უფრო ვიხრები. ამ ნაწარმოების გამოქვეყნებამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა.

ჩვენი ვაჟიშვილის, ზაზას, გარდაცვალების შემდეგ აღარ გვეგონა, თუ კიდევ რამეს დაწერდა. „მე ვხედავ მზეს“ ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დაწერა.

ნოდარი თოთხმეტი წელი ავადმყოფობდა. ამ ხნის განმავლობაში ნორმალურად არ მიძინია. ნოდარი რომ გარდაიცვალა, მეგონა, ორმოცზე აუცილებლად მეც მოვკვდებოდი… მისი გარდაცვალების შემდეგ სასწრაფოდ გავაგზავნე წერილები ნოდარის ნაცნობ-მეგობრებთან, ვინც მის წიგნებს თარგმნიდა და გამოვეცით წიგნი „მზიანი გულის მწერალი“. ამ წიგნში თავმოყრილია მოგონებები, წერილები, გამოსათხოვარი სიტყვები და ლექსები ნოდარ დუმბაძეზე.

მანანა დუმბაძე: -ერთხელ ჩემს სამსახურში, მუშაობის პროცესში, თანამშრომლებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. ოთახში უარყოფითი აურა შეიქმნა. განსატვირთად ჩავრთე აუდიო ჩანაწერი – მამა კითხულობს დავით გურამიშვილის „იესოს“ ძალიან დინამიურად – ჯერ ჩუმად, მერე ხმას უწევს. „დიდება მოთმინებასა, შენსა, უფალო იესო,“ – ამას ხან ჩუმად, ხან ხმამაღლა, ხანაც დაღლილი ამბობს. ამას უნდა მოუსმინო, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. რამდენიმე წუთში ოთახში უარყოფითი აურა გაიფანტა. პატრიარქი ილია II ამ ჩანაწერს წლების განმავლობაში მრევლს ასმენინებდა.

მამაჩემი ირგვლივ არაჩვეულებრივ აურას ქმნიდა. ბავშვობაში მუდამ წიწილებივით უკან დავდევდით. ტელევიზორთან დაჯდებოდა – გვერდით მივუსხდებოდით, კაბინეტში შევიდოდა – ჩვენც შევყვებოდით. თავი დამანებეთ, მარტო დამტოვეთო, – გვეუბნებოდა.

გულრიფშში, აგარაკზე, მის ირგვლივ უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. უზღვავ სითბოს გამოყოფდა, ძალიან თბილი თვალები ჰქონდა, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მამა 21-ე კი არა, 29-ე საუკუნის და საერთოდ, დედამიწის მოქალაქეა. მას არც „პერესტროიკა“ სჭირდებოდა, არც სოციალიზმის მარწუხები აწუხებდა, თავისუფალი ადამიანი იყო. ძალიან მძიმე ცხოვრება გაიარა და გასაოცარია, ასეთი იუმორი, ასეთი სილაღე საიდან ჰქონდა.

მისი ცხოვრება უბედურების ეტაპებად იყო დაყოფილი: ხუთი წლისას მშობლები აღარ ჰყავდა – მამა 1937 წელს დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს. ნათესავებმა წაიყვანეს სოხუმში, სადაც ასევე მთელი ნათესაობა დახვრიტეს და დაიჭირეს. ქალები მარტო დარჩნენ ობოლ ბავშვებთან და ბევრი მოზარდის ერთად აღზრდა გაუჭირდათ.

ბებიაჩემის დები შეშინდნენ და ბავშვები ერთმანეთს დააცილეს. მამაჩემი გურიაში წაიყვანეს, მამიდაჩემი სოხუმში დატოვეს. მოთხრობა „სისხლი“ მამამ ამაზე დაწერა – როცა ბებიამ შვილიშვილი „გაწირა“ და ბაბუასთან გაუშვა. მამამ სკოლა გურიაში დაამთავრა. სტუდენტობისას მამა და მამიდა თბილისში ერთად ცხოვრობდნენ. დედამისი გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, რთული იყო შეგუების პროცესი. დედა შვილს ვერ ცნობდა, შვილი – დედას.

არ დარჩა პრემია, მედალი, ორდენი, რომელიც მამას არ მიუღია. ლენინურ პრემიაზე რომ წარადგინეს, საქართველოდან მოსკოვში ანონიმური წერილები გაიგზავნა. მინისტრი საერთოდ არ ჩავიდა. მამა თბილისში ავად იყო. დაჯილდოების დროს ნოდარ დუმბაძე გამოაცხადეს და წარმდგენი არავინ აღმოჩნდა. საკითხი კინაღამ გადადეს. მწერლები რასულ გამზათოვი და ყაისინ ყულიევი ადგნენ და თქვეს, ნოდარ დუმბაძეს რა წარდგენა უნდა, ის კავკასიის მწერალია და ჩვენ ვართ მისი წარმომადგენლებიო.

-ქალბატონო მანანა, თქვენ თუ იცნობდით იმ გურულებს, რომლებიც მამათქვენმა საკუთარი ნაწარმოებების გმირებად აქცია. თავად ისინი როგორ აფასებდნენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას?

-სპექტაკლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ ნახეს გურულებმა, თქვეს, მაი არაა ოლღა, ოლღა ლამაზი იყოო. მახსოვს რეალური ილარიონიც და ილიკოც. მამას თითქმის ყველა გურულ თანაკლასელს ვიცნობ. ილარიონის შვილები გურიაში ჩვენი მეზობლები არიან. ილარიონი იყო ჯუჯღუნა კაცი, რომელიც თავის ეზოში ბავშვებს არ უშვებდა. ცუდი ხასიათი ჰქონდა და მეზობლებს მაინცდამაინც არ სწყალობდა.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ რომ წიგნად გამოიცა, ჯუჯღუნა ილარიონი აბსოლუტურად შეიცვალა. სოფელი ამბობდა, ნოდარიამ შეცვალაო – ზუსტად ისეთი ილარიონი გახდა, როგორიც წიგნშია აღწერილი. ყველა ვიცანით, ნოდარა, მარა, ეს ბრმა ციცა ვინ იყოო, ხატიაზე ჰკითხეს გურულებმა.

-ნოდარ დუმბაძე შესანიშნავი საბავშვო ლექსების ავტორია. როგორ ქმნიდა საბავშვო ლექსებს?

-საბავშვო ლექსებს მაშინ წერდა, გრიპით რომ ავად გახდებოდა. ყველაზე მეტად „მანანას წერილი“ მიყვარს, რადგან მე მომიძღვნა. ლექსებს რომ გვიკითხავდა, თუ რეაქცია არ გვქონდა, არ გამოაქვეყნებდა.

-როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე გამორჩეულად საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე?

-ჩემგან ცოტა უხერხულია მამაზე საუბარი. ყველა საკუთარ თავს პოულობს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებში. ყველა ზურიკელას ჰგონია, რომ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მასზეა დაწერილი. ყველა მილიციონერს ეგონა, რომ კუკარაჩა იყო და სურდა, მასავით კეთილშობილი ყოფილიყო; ყველა ქურდს თავი ლიმონა ეგონა…

მამაჩემის ნაწარმოებები ყველასთვის ახლობელია. არქივს რომ გადავხედე, ერთი ფრანგი მკითხველი წერს, ზუსტად ოლღასნაირი ბებია მყავსო. მამამ ციმბირის ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან წერილი მიიღო – აქ გათბობა არ გვაქვს, თქვენი წიგნები მათბობს და ამით ვარსებობო. ერთი ობოლი ბიჭი წერს რუსეთიდან – ორი ძმა ვართ, თქვენი წიგნი ამდენი კითხვისგან გაგვიცვდა. ამიტომ ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე – აი, ნახე, ხელები სუფთა მაქვს, მომეცი დუმბაძე, წავიკითხოო.

ინდოეთიდან ასეთი შინაარსის წერილი მივიღე – სახლში ძალიან კარგი რუსულენოვანი ლიტერატურა გვაქვს. სტუდენტობისას წავიკითხე მოთხრობა „თალიკო“ და მას შემდეგ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ჩემი სამაგიდო წიგნია. ისე ხშირად ვკითხულობდი, ხელში შემომაცვდა. პროვინციიდან ქალაქში გადმოვედით საცხოვრებლად. ამას წინათ ჩემი მეუღლე ჩავიდა სოფელში. მირეკავს და მეუბნება, შენს ოთახში, მაგიდაზე გაცვეთილყდიანი წიგნი ვიპოვე, ძალიან კარგი მოთხრობებია და ხომ შეიძლება წამოვიღოო. რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცოლსაც იგივე განცდა დაეუფლა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვისას, როგორიც მე.

მამას იდეალიზაცია გამომდის, მაგრამ ამის თქმის საშუალებას ჩვენი არქივი მაძლევს.

მოთხრობა „ძაღლი“ მამამ 1937 წელს რეპრესირებულებზე დაწერა. მასში მთელი ფილოსოფიაა – ამდენ ძაღლს სრულიად უდანაშაულოდ კლავენ. მაშინ ყველაფერს პირდაპირ ვერ დაწერდა. საბჭოთა პერიოდში, თუ სიმართლეს წერდი, დიდად რისკავდი და მუდმივად დანის პირზე უნდა გევლო. მამამ ერთ კრიტიკოსს უთხრა, – „თეთრ ბაირაღებში“ რომ კამერაში ათი კაცი ზის, ათი მცნების დამრღვევები არიანო.

მამას ნათქვამი აქვს, – „კუკარაჩა“ იმ ერთი ფრაზისთვის დავწერე, სახარებაზე რომ ამბობს კუკარაჩა – უფლება რომ მომცენ, ამ წიგნს სკოლაში ვასწავლიდიო. მაშინ ამის დაწერა გმირობის ტოლფასი იყო. მამა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ და ერთხელ ყრილობაზე თქვა – ხატზე დავიფიცებო. მერე იხსენებდა, შევარდნაძე როგორ გაფითრებულა მის სიტყვებზე.

საბავშვო ლიტერატურაში სულ ღმერთზე საუბრობს. არ ეშინოდა. რატომ იყო და რატომ არის დღესაც ასეთი პოპულარული და საყვარელი? ის ახერხებდა ეროვნული ყოფილიყო, არ ეღალატა თავისი მრწამსისა და იდეალებისათვის.

-ცნობილია, რომ ნოდარ დუმბაძემ ხელოვნურ გულზე უარი თქვა…

-მამასთვის უჩვეულო იყო, რომ დრენაჟი და პლასტმასის სტიმულატორები ჩაედგათ გულში. ვერაფერს გახდნენ და ბოლოს კარდიოლოგმა გულიკო ჩაფიძემ ნანული შევარდნაძეს სთხოვა, იქნებ თქვენ დაიყოლიოთო. მამამ ქალბატონ გულიკოს უთხრა, – გურული წისქვილი ხომ გინახავს, საფქვავი რომ ჩამოილევა, ხომ გაჩერდება წისქვილი, მოვრჩი ცხოვრებას და გამიშვითო. ხუმრობდა, იმდენჯერ ვარ გაღმა გასული, საიქიოს თვალდახუჭული მივაგნებო.

ერთხელ საავადმყოფოში მამასთან პატრიარქი ილია II მოვიდა. მამას ეძინა და ექიმებმა პალატაში არ შეუშვეს. რომ გაიღვიძა და ეს ამბავი გაიგო, დედაჩემს წაეჩხუბა. ექიმები ძალიან შეწუხდნენ და თავად სთხოვეს პატრიარქს, მობრძანებულიყო. მამამ შეძლო, ფეხზე წამოუდგა და აღსარება ჩააბარა.

-ცნობილია ის ფაქტიც, რომ ნოდარ დუმბაძემ სიკვდილის წინ იმღერა…

-საავადმყოფოში თავთით დიქტოფონი ედო. ხშირად იხსენებდა დოსტოევსკის ფრაზას „სამყაროს სილამაზე გადაარჩენს“. მამამ ამ საკითხზე თავისი დამოკიდებულება ჩაწერა და დაამატა – სამყაროს სილამაზე და გულმოწყალება გადაარჩენს.

საავადმყოფოში ვაჟა ჟღენტი მოვიდა. გვერდით პალატაში გიგა ლორთქიფანიძე იწვა. მანამდე მე მთხოვა, სიმღერა ჩავწეროთო. ვერ ავყევი. გიგას დაუძახა და უთხრა – შენ პირველს იტყვი, მე – მეორეს, ვაჟა – ბანსო და იმღერეს – სიკვდილით ერთხელ მოვკვდები, შენ კი ყოველდღე მამიწებ, თუ არ გიყვარვარ, გულიკო, მითხარი, დედას გაფიცებ.

მიხარია, რომ ახალგაზრდები კითხულობენ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ეს იმის საწინდარია, რომ მისი შემოქმედება დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

ნინო კაპანაძე