ძვირფასო ხარაგაულელებო, – წერს სოციალურ ქსელში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, – გთავაზობთ წერილს, რომლის ავტორი გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბატონი არნოლდ გეგეჭკორი – მეცნიერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოგზაური, ბიოგეოგრაფი, ფოტოხელოვანი, პუბლიცისტი, მწერალი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი; ერთადერთი ქართველი, რომელმაც დედამიწის ხუთივე კონტინენტის ყველა ბუნებრივი ზონა შეისწავლა, 40 წლის განმავლობაში, სამჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო, იცხოვრა პირველყოფილ ტომებთან.

გაუვალ ჯუნგლებში ლომების გამაყრუებელი ღრიალისთვის მოუსმენია, აქლემებით გადაუსერავს უდაბნოები, ყველა კონტინენტის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს და ერთადერთი ქართველია, რომლის მოგზაურობის ადგილების აღნიშვნით ინგლისურ ენაზე გამოიცემა ატლასი…

და სწორედ ასეთი ადამიანი მოიხიბლა ხარაგაულის ბუნებით, კოზმანის მთის მშვენიერებითა და იდუმალებით… ეს ხარაგაულის ისტორიის ჭეშმარიტად ბრწყინვალე ფურცელია… გავა დრო და ბატონი არნოლდის ეს დამოკიდებულება ხარაგაულის მიმართ ოქროს ასოებით ჩაიწერება ხარაგაულის მატეანეში.

აი, ეს წერილიც:

„ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია“…

ახალგაზრდობიდან აკვიატებული მაქვს დიდებული მწერლის დიდებული სტრიქონები: …,,დავეძებ ღვთიურ ჰარმონიას ჰანგად დარხეულს,

დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას“…
დავეძებ და… ამდენი ხეტიალის განმავლობაში, იშვიათად, მაგრამ მაინც წავაწყდები მსგავს ჰარმონიას. ზემო სვანეთში, უშგულში, ყინულის კედლად აღმართული შხარას პირდაპირ არანაკლებ რელიეფურად გამოკვეთილი, დიდებული ლამარია – განა ღვთიური ჰარმონია არ არის? მყინვარწვერის კალთებთან წამომართული სამების ტაძარი თავისი რენესანსული მასშტაბით ტოლს რომ არ უდებს ესოდენ გოროზ ბუნებას – განა ღვთიური ჰარმონია არ არის? სვეტიცხოვლის დედატაძრის ვერტიკალურ ჭრილში აღმართული ჩვენი იდენტობის დასტური, ჯვრის მონასტერი – განა ანალოგიური ჰარმონია არ არის?

ბუნებისა და ადამიანის ხელთქმნილობათა თვალთშეუდგამი, მსგავსი სინერგიზმი ის არქეტიპია, რომელზედაც დგას ქართველთა სამიათასწლოვანი სულიერება. თუ არა მსგავსი სინერგიზმი, ფრიად საეჭვოა, შექმნილიყო რენესანსის საწყისი წყარო დიდი რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ სახით, ანდა ვაჟა-ფშაველას საკაცობრიო ფილოსოფია ზღვა მეტაფორების საბურველში გახვეული („რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა“…).

არ ვაჭარბებ, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, აგერ ახლა, კიდევ ერთხელ შევეხე მსგავსს ჰარმონიას. და ეს მოხდა საპოვნელა – ყვავილებით მოჩითულ იმერეთის ერთ კუთხეში. ამ კუთხეს კოზმანის მთა ეწოდება (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). თითქმის 130 მილიონი წლის წინათ შექმნილ კირქვულ დანალექებზე იქმნება ფართოფოთლოვანი ტყე, მასში ჩაწინწკლული სოფლები იმერული ოდა-სახლებით (მათ შორის ისტორიული ღირებულებისა – სოფელი ამაშუკეთი).

კოზმანის მთაზე, ზღვის დონიდან 740 მეტრზე აგებულია ამავე დასახელების სალოცავი. ამ ადგილისდედაზე ლოცულობდნენ ჯერ კიდევ წარმართები, მე-14 საუკუნიდან მან მიიღო თანამედროვე სახე და ახლა ქრისტიანულ ტრადიციებს ეზიარებიან მომლოცველები.

30 ოქტომბერი „კოზმანობის“ დღეა. კოპწია ტაძრიდან იშლება კირქვული კანიონის პანორამული, ტანში ჟრუანტელის მომგვრელი ხედი. მანამდე გვხვდება 210 მეტრი სიგრძის ულამაზესი კარსტული პეიზაჟებით დამშვენებული მღვიმე. ყველაფერი ეს რეალურთან ერთად, ლეგენდების ბურუსში ხვევს აქაურობას…

რას მოვისაზრებდი, ერთი ლეგენდა სულ რაღაც წუთებში წინ მელოდა…
2018 წლის 1 ივლისს კოზმანის სალოცავის მისადგომებთან, გრუნტის გზაზე, გაიმართა გრანდიოზული მასშტაბის სოლო-კონცერტი. ამ დიდებულ ღონისძიებას უძღვებოდა შეუდარებელი მსახიობი-წამყვანი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე (სოლო-კონცერტი მიეძღვნა თქვენს მონა-მორჩილს).

ერთხელ კიდევ შევახსენებ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ქართველი ეროვნების მატარებელ მოქალაქეებს ახლო თუ შორეულ უცხოეთში, ვინ არის ქალბატონი იზა. ეს არის უზადო გარეგნობის ქალბატონი, უზადო სულიერებით, უზადო გონიერებით, უზადო ენთუზიაზმით, უზადო პატრიოტიზმით და… უზადო n – ჯერ!!!

ქალბატონმა იზამ ანალოგიური, იგივე სოლო-კონცერტი აპრილში ჩაატარა თბილისში, მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში. მაგრამ თუ რას ნიშნავს იგივე სპექტაკლი წარმოადგინო ხარაგაულის ტოპოგრაფიულად ყველაზე მაღალ გარემოში, დამერწმუნებით, ეს სულ სხვა გზითა და ხერხით გადასაწყვეტი პრობლემაა.

ფაქტობრივად, გრუნტის სამანქანო გზაზე მოაწყო 150-200 კაციანი ამფითეატრი, შეიყვანო ელექტროენერგია სპექტაკლის გასახმოვანებლად, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. შეიძლება ეს სცენა წინასწარ იყო მოფიქრებული, მაგრამ „ღვთიური ჰარმონია“ ვერ შეიქმნებოდა, თუ არა ერისა და ბერის შესატყვისი გაერთიანება.

მხოლოდ სცენარის ტოტალური ძალისხმევით განხორციელება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შექმნიდა თვითკმაყოფილების, თვითდაჯერების, რწმენის უდიდეს პატრიოტულ განწყობილებას, თუ არა იმპროვიზებულად შექმნილი მთელი რიგი სიტუაცია, რასაც ასე უხვად ჰქონდა ადგილი…

…თურმე შესაძლებელია, ორსაათნახევრის განმავლობაში ვიყო ქართველი ანთროპოლოგიურადაც და სულიერადაც. სწორედ მსგავსი ძალისხმევები გახდის შესაძლებელს, უკუაგდოს არაერთმა ქართველმა ნიჰილიზმიც, აპატიაც და ნოსტალგიაც.

უღრმესი მადლობა მამა პეტრეს – კოზმანის სალოცავის თავკაცს, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი იღონა ამ წარმატებული დღის ასე მშვენივრად დაგვირგვინებაში. თითქოსდა სხვანაირად არც შეიძლებოდა მისი ბიბლიური მოგვის სახიდან გამომდინარე.

უღრმესი მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თავკაცებს, რომელებიც უკლებლივ ჩართულნი იყვნენ ამ დიდებული დღის ესოდენ ლამაზად დამთავრებაში.

უღრმესი მადლობა მობრძანებულ მრევლს ადგილობრივი სალოცავისა, სტუმრებს თბილისიდან, კახეთიდან, იმერეთის სხვა რაიონებიდან… მათაც, ვისაც გულით სურდა დასწრებოდა ამ დღეს, მაგრამ მიზეზთა და გარემოებათა გამო ვერ შეძლეს ჩამობრძანება.

უღრმესი მადლობა ადგილობრივ ახალგაზრდობას, ქართული დროშებით ხელდამშვენებულებს, რომელთათვისაც, მეტწილად გაიმართა ეს საღამო…
გონიერებისა და ზნეობის ზეობის ამ გამოხატულებას ერთი წინადადებით ვუწოდებდი „ბედი შექმნილი

ჩალისფერ დროშით და ნინოს თმებით შეკრულ ჯვარითა“…
„შეჩერდი წამო“, რამდენი ინატრებდა მსგავსს შეგონებას, თუმცა ორსაათნახევრიანი საღამოს თითოეული წამი შესაჩერებელი იყო…

პერიფრაზი: ივლისის თვეს თუ ამ მთაში გაგივლია, მსგავს გარემოში, მაგრამ უეჭველად მსგავსი სპეკტაკლისას ბევრი იპოვნის სანატრელ საპოვნელას, ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით…
საღამოს სუფრა (პურისჭამა) აკურთხა მამა პეტრემ, პურისუფლობა ითავა ჩემმა ძმამ და მეგობარმა რეზო სულავამ.

P.S. იმავე დილით, ვერტყვიჭალაში, არც ისე შორს მთა კოზმანიდან, რესტორან „მარანის“ თავკაცმა, დიდებულმა პროფესიონალმა, ორგანიზატორმა და ბიზნესმენმა – პაატა ჭიპაშვილმა – შემოგვთავაზა ბრწყინვალე საუზმე თავის მეუღლე, ქ-ნ თამართან ერთად. ეს რესტორანი მხოლოდ კუჭის საკვები ნამდვილად არ არის. იგი უდიდესი გემოვნებით არის გაწყობილი და მორთული მრავალსაუკუნოვანი საყოფაცხოვრებო ნივთებითა და სხვა აქსესუარებით. მათ უდიდესი შემეცნებითი ღირებულება გააჩნია – რას წარმოადგენს და წარმოადგენდა საქართველოს თვალმარგალიტი – იმერეთი! მალე აქ საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა!!!
არნოლდ გეგეჭკორი

ფოტოზე: ღონისძიების შემდეგ