ზაფხულს ახლავს ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ქვეწარმავლები. ისინი აქტიურდებიან მარტის ბოლოდან გვიან ოქტომბრამდე. გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, თუ შემთხვევით ფეხს დაადგამენ.

ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ: ნუ მიეცემით პანიკას – თქვენმა მღელვარებამ, შესაძლოა, ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ; ერიდეთ აქტიურ ქმედებებს; არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

თუ გველი შხამიანია, ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას – მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ძლიერი ტკივილი ნაკბენ მიდამოში და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება შეშუპება და სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები.

შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია  გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს.

გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს. ღამით ისარგებლეთ ფარნით.

გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.

ებრძოლეთ მღრღნელებს. მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.

 

თუ მაინც გვიკბინა:

  • ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთათმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
  • ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
  • ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.
  • მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ კლინიკას. აკრძალულია: ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, ნაკბენი არის გაკვეთა, მოწვა. არ შეიძლება ნაკბენი ადგილის დამუშავება დამჟანგველი (წყალბადისზეჟანგი) ნივთიერებით დამუშავება, ლახტის დადება.

თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

მაკა გელაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე