ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალში მცხოვრებ ოთარ კვინიკაძეს გასულ კვირაში მგელმა დეკეული დაუგლიჯა. შემთხვევა დღის საათებში მოხდა. ადგილზე მისულმა ვეტერინარმა გადაწყვიტა, რომ დეკეული ვეღარ გადარჩებოდა და მისი დაკვლა ურჩია. ხორცის ნაწილი ვარგისი აღმოჩნდა და მისი ოჯახში გამოყენება მაინც შეძლეს.

23 ივნისს ბაზალეთში მცხოვრებმა ხვიჩა ჭიპაშვილმა მეწველი ძროხა მოსახლეობიდან 15 მეტრის მოშორებით მგლისგან შეჭმული ნახა.

„იქვე ორი მგლის კვალი იყო, – ამბობს ხვიჩა ჭიპაშვილი, – ვიზარალეთ, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზევით ძალა არ არის. მგელი ძალიან შემოგვეჩვია. თუ რამე არ ვიღონეთ, უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით. გვეშინია, მგელი რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ.“

ერთი ხბო და სამი ცხენი დაეღუპა მგლის თავდასხმის გამო ბაზალეთში მცხოვრები ფატი ბერაძის ოჯახს. ფატი შიშობს, რომ მგელი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებს ძალიან მოუახლოვდა.

„ჩვენს სოფელში მგლის თავდასხმები ძალიან გახშირებულია, – ამბობს სოფელ ღარიხევში მცხოვრები ლევან დეკანოსიძე, – ორი თხა შემიჭამა დღის პირველ საათზე, დილით – ძუძუს ხბო დამიკბინა. ღამე ვარიდებთ და ვამწყდევთ პირუტყვს, მაგრამ დღის განმავლობაში რა ვქნათ?! გვეშინია, რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ. ეს სოფელში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ჩვენს უბანში ჯუმბერ დეკანოსიძეს 80 კილოიანი ღორი შეუჭამა.“

ლევან დეკანოსიძე პროფესიით ვეტექიმია და კარგად იცის, როგორ გადაარჩინოს მგლისგან დაკბენილი პირუტყვი. თუ მისი გადარჩენა შეუძლებელია, მიწაში ღრმა ორმო უნდა გაიჭრას და პირუტყვი დაიმარხოს.

ყოველდღე თუ არა, ყოველ მესამე დღეს მაინც თავს ესხმის მგელი შინაურ პირუტყვს სოფელ ლეღვანში. ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა მაღრაძე ამბობს, რომ სოფლის ცენტრში დღის განმავლობაში თამაზი მაღრაძეს მგელმა დეკეული შეუჭამა, იქვე კვიცი დაუკლა რევაზი ვეფხვაძეს. ლეღვნის სკოლასთან შეჭამა მგელმა გრიგოლ ვეფხვაძის ორი კვიცი. გელა მაღრაძეს სახვლარში რვა კვიცი ჰყავდა და ორია დარჩენილი.

„მოსახლეობას ვუთხარი, რომ თავდასხმის მომენტში მგლის მოკვლა კანონით დაშვებულია, – ამბობს გელა მაღრაძე, – მაგრამ მაინც ერიდებიან. ან რა იცი, რა დროს მოვარდება მგელი. თავს ზევით ძალა არ არის.“

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული #146 ბრძანება გარეულ ცხოველთა რეგულირების წესს განსაზღვრავს.

ამ ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ და აღნიშნული არ საჭიროებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინასწარ თანხმობას.

თუ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება ვერ განხორციელდა, მუნიციპალიტეტი ამის აუცილებლობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია. ამის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტთან. მინისტრის #146 ბრძანება განსაზღვრავს ასევე ბუნებიდან ამოღებული გარეული ცხოველის მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა, კარგა ხანია, გაუვიდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრო თვითმმართველობას ხუთი ერთეული მგელის გარემოდან ამოღების უფლებას აძლევდა.

„ხელშეკრულების მოქმედების დროს ხარაგაულში არც ერთი მგელი არ მოუკლავთ, – ამბობს ჯაბა ბერაძე, – ამ მიზნით არც სპეციალური ჯგუფი შექმნილა. ხელშეკრულების გასაგრძელებლად სამინისტროს რომ მივმართო, მოსახლეობისგან და სოფლებში მერის წარმომადგენლებისგან უნდა მქონდეს დასაბუთებული ინფორმაცია. აუცილებლად მოვიკვლევ ამ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს მივმართავ.“

ზეპირი ინფორმაცია მიაწოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს სოფლებში მგლებისგან მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ბაზალეთის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა.

„აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირება, რადგან მგლის თავდასხმები უკვე ძალიან გახშირდა. მგელი, ფაქტობრივად, უკვე ეზოებში შევიდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაცლილ სოფლებში მოსახლეობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. კანონი გვაძლევს უფლებას, მგელი თავდასხმის მომენტში გავანადგუროთ. მე ასეთ გზას მივმართავ, – აღვწერ ბაზალეთის თემში ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს და შუამდგომლობას დავაყენებ მერიის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს და მათ რეაგირებას დაველოდები.“

ნინო კაპანაძე