მე მათთვის ქალბატონი ან ბატონი არასოდეს მიწოდებია _ დღესაც ისემოვიხსენიებ, როგორც მაშინ – სკოლის ბედნიერ წლებში, რადგან ჩემთვის მასწავლებლები იყვნენ და მთელი ცხოვრების განმავლობაშიც სწორედ ასე _  მასწავლებლებად დარჩებიან. შემოდგომის ერთ დილას, როცა აღმზრდელები ხარაგაულის საბავშვო ბაღის გაზონების გასწვრივ ვარბენინე, რადგან აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი ჯგუფელი მოსამზადებელ კლასში გადასულიყო და მხოლოდ მეღა დავრჩენილიყავ, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემს ნერვებს გაფრთხილებოდნენ და რკინიგზის #10 საშუალო სკოლის მოსამზადებელ კლასში შევეყვანე. უფ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა კლასის კარი შევაღე და დამხვდნენ ბაღის მეგობრები: ზურიკო არევაძე, ირაკლი ებანოიძე, მაია ფხალაძე, პაატა ხიჯაკაძე, ვახტანგ ლაბაძე, ლინა ბაბლიძე, ზაზა იმედაიშვილი, ჯიმშერ ქველაძე, მერაბ გიორგაძე, სერგო კიკნაძე, ლია უჩიძე… უცებ ვიგრძენი შინაურად თავი, მოვკალათდი მერხთან და ზარის დარეკვას ინტერესით დაველოდე _ მე ხომ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო სკოლა, როგორი იყო სკოლის მასწავლებელი, როგორ უნდა მესწავლა… კიდევ მაჭმევდნენ თუ არა `საზიზღარ~ მაკარონის სუფს, დამაძინებდნენ თუ არა მაშინ, როცა არ მეძინებოდა… maia toradzis klasiიმ დღეს ტყუილად ველოდე მასწავლებელს  _ გვითხრეს, ავად არის და ხვალ იქნებაო… მახსოვს, როგორ ჩამწყდა გული _ მინდოდა სახლში მომეყოლა, როგორი მასწავლებელი მყავდა… მეორე დილით შემოვიდა იგი _ მაღალი, ლამაზი, შუაზე გადავარცხნილი თმით და საოცრად ქართული გარეგნობით… შემოვიდა და აქედან დაიწყო ჩვენი ანბანთან ზიარება, მათემატიკის ჩვენთვის უცნობ სამყაროში მოგზაურობა, წიგნთან ურთიერთობა, სკოლასთან ურთიერთობა, ამხანაგობა, მეგობრობა… ჩვენ პირველი მოსამზადებელი კლასი ვიყავით _ მაშინ სკოლაში 7 წლისანი შედიოდნენ, ჩვენ კი 6 წლისანი შევედით. პატარები ვიყავით, უსუსურები, სკოლისთვის მოუმზადებლები, ბავშვურები და გულუბრყვილოები (ძალიან განვსხვავდებოდით ახლანდელი 6 წლის ბავშვებისგან). ამიტომაც ვენერა მასწავლებელი კრუხივით დაგვქოთქოთებდა თავზე _ გვშიოდა და გვაჭმევდა, გვციოდა და კედელში ჩატანებულ ძველებურ ღუმელთან (ასეთი ღუმელები ჩემს თაობას ემახსოვრება) გვათბობდა, გვეძინებოდა და იქვე ჰქონდა თავისი შავი`შუბა~, რომელიც ხან ერთ ჩემს ჩაძინებულ კლასელს ეფარა და ხან _ მეორეს… არა, მთლად ანგელოზებიც არ ვიყავით, ვცელქობდით კიდეც დ აენებიც მიგვქონდა _ `მასწ, იმან ეს თქვა~, `იმან თმებზე მომჩეჩა~… სერგო კიკნაძეს თმებზე მოჩეჩვაში ვინ აჯობებდა, მეათე კლასამდე გაჰყვა გოგოების `წამების~ ეს მეთოდი… ვენერა მასწავლებელი კი ყველას, განურჩევლად იმისა, ვინ ვისი შვილი იყო  (ჩემს კლასში კი ბევრი მასწავლებლის შვილი სწავლობდა, რაც, სანამ მაღალ კლასებში არ გადავედით, არც ვიცოდით), ერთნაირად უხსნიდა, რატომ არ უნდა მოეწიწკნათ თმა, რატომ არ უნდა მიგვეტანა ენა, რატომ უნდა გვყვარებოდა მეგობარი, სკოლა, სამშობლო, ადამიანი… ათასჯერ მაინც მოგვახაზვინებდა ასო-ბგერას საკუთარი ხელით, სანამ უაზრო დაკლაკნილი ხაზები ქართულ დამწერლობად არ იქცეოდა, მოთმინებით უსწორებდა დოდო გიორგაძეს შეცდომით დამახსოვრებულ სტრიქონს: `ჩიტმა ჩიტმა დაპატიჟა~… (ვერაფრით ათქმევინა `ჩიტმა ჩიტი დაპატიჟა~)… ღიმილით უსმენდა, როგორ წამღერებით ვყვებოდით ჩვენც შემდგომ უკვე `იმერულ ესკიზებში~ `გაჰიტებულ~ ლექსს `ვხედავ მეცხვარეს, ჯოხით მხარზედა…~ ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამ ავიწყდება. აღარ ახსოვს სახელები და გვარები, მოვლენები, შემთხვევები, ლექტორები, ზოგჯერ კლასელები და კურსელებიც კი, მაგრამ არასოდეს შევხვედრივარ პიროვნებას, რომელსაც თავისი პირველი მასწავლებელი არ ახსოვდეს. ეს ის ადამიანია, რომელზეც შემდგომ დიდწილადაა დამოკიდებული, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, რა ღირებულებები გაიღვიძებს შენში, საით გადაიხრება შენი ცხოვრების ისარი… ფსიქოლოგები ამბობენ, მშობლები მხოლოდ 6 წლამდე არიან ბავშვებისთვის მისაბაძნი, 6-დან 10 წლამდე კი სწორედ მასწავლებელია მისი კუმირიო. ასეცაა, რამდენი პატარას რვეული მინახავს შეცდომიანი ჩანაწერით და ვერ გამისწორებია _ ხელი არ ახლო, მასწავლებელმა ასე ჩაგვაწერინაო… ვენერა მასწავლებელი ჩვენთვისაც კუმირი იყო _ აი, ისეთი, საჭმელს თუ ჭამდა, ვერც რომ წარმოგვედგინა. როცა პედაგოგზე საუბრობენ – ჩემს წარმოსახვაში ის ზუსტად ისეთია, როგორიც ვენერა მასწავლებელი _ სადა, მუდამ კოხტა, ცოტა მკაცრი და თბილი. მას ყველაფერი არ ემახსოვრება (რამდენი ჩვენნაირი გაზარდა), მაგრამ მე მახსოვს – როგორ გვაკითხებდა, როგორ გვძერწავდა, როგორ სწავლობდა თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებს, რა ძალისხმევას დებდა იმაში, რომ ძლიერი კლასი ვყოფილიყავით. მახსოვს, რა უცებ მიხვდა (დედაჩემს უთხრა), რომ მე განწყობის ადამიანი ვიყავი… წლები გავიდა და არც არაფერი შეცვლილა… ისევ ისეთი ვარ – განწყობის ჟურნალისტი, განწყობის ლექტორი და მეცნიერი – თუ ეს `განწყობა~ მაქვს – მთას გადავაბრუნებ, თუ არადა, შემიძლია საათობით ვუყურო ცას და არაფერიც არ ვაკეთო… მახსოვს პატარა მოთხრობა `სახლი~, რომელშიც გადმოცემული იყო მიტოვებული სახლის ემოცია თოვლში. ეს იყო პირველი მოთხრობა, რომელიც შეუფერხებლად, უშეცდომოდ წავიკითხე კლასში. ალბათ ძალიან შემაქო ვენერა მასწავლებელმა, რადგან ზეპირად მახსოვს ყველა სტრიქონი და სადმე თუ მიტოვებულ სახლს დავინახავ, ის მოთხრობა მახსენდება… venera kiknadzeდღეს სწავლების პროცესი ცოდნის გადაცემასთან ასოცირდება, ჩვენ კი ვენერა მასწავლებელმა გვასწავლა სამართლიანობა, სიკეთე, ადამიანური ღირებულებების სწორად ტარება… გავუმართლეთ _ მართლა კარგი კლასი ვიყავით და იმ სიკეთის მარცვალმა, რომელიც ჩვენი ადამიანად ჩამოყალიბების და საზოგადოებაში ფეხის შედგმის პირველ ეტაპზე ჩანერგა ჩვენში, იხარა და ჯანსაღი ნერგიც გამოზარდა. … მას შემდეგ 43 წელი გავიდა. ჩემს არქივში დღესაც ინახება `ნიშნების ფურცლები~, რომლებშიც ყველა საგნის გასწვრივ ლამაზი კალიგრაფიითაა მიწერილი ჩვენი პირველი მასწავლებლის ხელმოწერა: `ვენერა ყიფიანი-კიკნაძე.~ რამდენს ექნება ასე, ჩემსავით შენახული. რამდენისთვის ექნება ნაჩუქარი ჩანთის ჯიბეში გადანახული ათმანეთიანი (როგორც ჩემს ძმას ჩუქნიდა ხოლმე სტუდენტობისას, როცა გზაში ხვდებოდა… ისიც მისი მოსწავლე იყო…) რამდენი გაიხსენებს, რომ ხარაგაულის რკინიგზის #10 (ახლანდელი #3 საჯარო სკოლა) საშუალო სკოლის და ცოდნის კარი სწორედ ამ დიდ პედაგოგთან, დიდ მასწავლებელთან ერთად შეაღო. რამდენი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს ახლა თავის ცხოვრებას და მიხვდება, რომ თურმე არაფერი ყოფილა იმაზე დიდი გამართლება, როცა შენი პირველი მასწავლებელი ვენერა კიკნაძე იყო… ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და გამიკვირდა ასაკი რომ გავიგე… არ მჯერა, რომ მას ასაკი ემატება, მაგრამ ვალდებულად ჩავთვალე თავი, მიგველოცა და მადლობა გვეთქვა ყოველი წუთისთვის, რაც ჩვენთვის დაუხარჯავს, სითბოსთვის, სიკეთისთვის, სიამაყისთვის და იმ ქართული საქმისთვის, რაც უკეთებია… ვენერა მასწავლებელო! ჩემთვის (და ყველა თქვენი აღზრდილისთვის) თქვენ ხართ ის მადლი, რომელმაც სამყაროს დიდებულების პირველი ფურცელი გადაგვიშალა. დღემდე ასე მოვდივართ _ ჩვენს ხელზე დადებული თქვენი თბილი ხელის დახმარებით პირველად გამოხარატულებული ასოებით, პირველად ამოკითხული `აი ია~-თი… მას შემდეგ რაც უნდა დავწეროთ და შევქმნათ, თქვენა ხართ ამისი საწყისი _ დიდებული შარავანდით მოსილი – პირველი მასწავლებელი… ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და გვინდა კიდევ დიდხანს გამოგვყვეთ ცხოვრების გზაზე. ა/კავკასიის რკინიგზის ხარაგაულის#10 საშუალო სკოლის 1982 წელს კურსდამთავრებულთა სახელით მაია ტორაძე