გასულ ორშაბათს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას დავესწარი. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხის – ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2011 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების მდგომარეობისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის“ მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა ინფორმაციის ცნობად მიღებას  ერთხმად უყარეს კენჭი (?!)  და „საკუთარ უფლებამოსილებაში კარგად გათვითცნობიერებულები“ მორიგი საკითხების განხილვას შეუდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ.“ ამ დადგენილებით საკრებულოს წევრებს ანაზღაურებება ეზრდებათ.შესაძლოა ჩვენ, ე.წ. ,,ოპოზიციური აზროვნების“ ადამიანებს, გვჩვევია სიტუაციის დრამატიზება და „დაუნახაობა“ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესისა, მაგრამ როგორ მოვიქცე, თუკი ჩემს წინ მდგარი რეალობა გაცილებით მუქი და ნაცრისფერია, ვიდრე თქვენ ამას აღვიქვამთ, მეგობრებო.
დამერწმუნეთ, მეც გულწრფელად მინდა, ვერ ვხედავდე ჩემს ირგვლივ ამდენ დაბეჩავებულ და დაჩაჩანაკებულ ადამიანს; ,,მასტერაოს“ მატარებელში სახედასიებულ, გასაცოდავებულ მგზავრებს; ბანკის რიგში, საპენსიო სესხის ასაღებად ჩამდგარ უსუსურ და თვალცრემლიან მოხუცებს; მოწუწუნე, ჯანღონით სავსე ახალგაზრდებს, დასაქმების პერსპექტივა დაკარგულები, თვეები და წლები რომ ელიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემში არამარტო პროტესტის გრძნობას ამძაფრებს, არამედ გულისამრევ ზიზღსაც იწვევს. ამას ,,პოპულიზმი“ არ მალაპარაკებს. ზუსტად ვიცი, ჩემი თანასოფლელი ვერ შეძლებს საკუთარი შვილი ისეთი ევროპული დონის ქალაქში გაასეირნოს, როგორიც თუნდაც ბათუმია და რომელთანაც სულ რაღაც სამი საათის სავალი გზა აშორებს. ვერ შეძლებს იმიტომ, რომ წინა თვეში ნაყიდი პურის ფქვილის ფული თუ არ გადაუხადა მაღაზიის მეპატრონეს, ახალ ნისიას ვეღარ სთხოვს.
ოღონდაც თქვენი დაყენებული, ირონია ნარევი სახეებით ბანალურ პასუხებსაც ნუღარ გაგვცემთ – ვიცით, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ! და ა.შ.
ნურც ჭკუის დარიგებას დაგვიწყებთ, თუ როგორ გავმართოთ საოჯახო მეურნეობა. ეგ ფრაზები ისედაც ნიჭიერად გავიზეპირეთ. ,,დამსახურებულად“ გაზრდილ შემოსავალს დასჯერდით და საკუთარი თავიც დაარწმუნეთ იმაში, რომ რაღაცის კეთება ნამდვილად შეგიძლიათ და ქვეყნისა და ხალხისათვის სარგებელი მოგაქვთ.
დასასრულს მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ძვირფასო საკრებულოს წევრებო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებო, თუ თქვენთვის მაამებლად სხვათა მსგავსად სამადლობელი სიტყვები ვერ გავიმეტე. დამერწმუნეთ, არც ისე უმადური და დაუნახავი ვარ, საჭირო დროს მადლობის თქმა დავიშურო თქვენთვის.

ინგა მაღრაძე