ხარაგაულის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის ინიციატივას – „სწავლა მობილურის გარეშე“ – საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლები და მკითხველები გამოეხმაურენ.

მოსწავლეებმა  განიხილეს, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა #2 სკოლაში მობილური ტელეფონის აკრძალვა და შესაძლოა თუ არა ეს ინიციატივა სხვა სკოლებმაც გაიზიარონ.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათეკლასელი თამარ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაში ერთი თვეა, რაც მობილურ ტელეფონს გაკვეთილზე არც ერთი მოსწავლე აღარ იყენებს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ თუ მოსწავლე გაკვეთილზე მობილურ ტელეფონს იყენებს, ეს მასწავლებლის ბრალია.

„მასწავლებელმა უნდა შეძლოს, ისე დააინტერესოს მოსწავლე, რომ გაკვეთილზე მობილური ტელეფონით გართობა აღარ მოუნდეს, – ამბობს ანა მაჭავარიანი, – მაინტერესებს, ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეები მობილურ ტელეფონს დაწესებული სანქციების შიშით აღარ იყენებენ, თუ გააცნობიერეს, რა აკლდებათ მათ გაკვეთილის მიმდინარეობისას ტელეფონზე თამაშით.“

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მეიფარიანი ფიქრობს, რომ ვისაც სწავლა უნდა, ის გაკვეთილების დროს ტელეფონით არ ისარგებლებს; სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე ანა მესხი ამბობს, რომ შესაძლოა, მოსწავლეს გაკვეთილი არ აინტერესებდეს, მაგრამ საკუთარ თავს, თანაკლასელებსა და მასწავლებელს უნდა სცეს პატივი და მობილური ტელეფონის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს.

უახლოეს ხანში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში ბულინგის შესახებ მსჯელობა იგეგმება.