„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძესთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. სულ ახლახან მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი „ხარაგაულის ქრონიკები.“ ზეინაბ ბუაჩიძეს წიგნის გამოცემის ისტორიასა და ჩვენთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრეთ.

ნათია ბურჯანაძე: -რაზე ოცნებობდით ბავშვობაში და აგიხდათ თუ რა ბავშვობისდროინდელი ოცნებები?

-ბავშვს უსაზღვრო ოცნებები აქვს. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი. ძალიან მიყვარდა ისტორია. ხარაგაულის რკინიგზის #10 საშუალო სკოლა, დღევანდელი #3 საჯარო სკოლა, დავამთავრე. ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი მყავდა – გუგული ინარიძე.

მან განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. მეექვსე კლასში რომ აგვიხსნა ეგვიპტე, უკვე „მოვიწამლე“ ისტორიით. ასე რომ, ბავშვობაში ორი ოცნება მქონდა – მხატვრობა და ისტორიკოსობა. არ მცალია ხატვისთვის და ძალიან მაწუხებს, ოცნება ბოლომდე რომ ვერ ავისრულე.

კესო ჩხიკვაძე: -თავიდან რომ დადგეთ არჩევანის წინაშე, ისევ მასწავლებლობას აირჩევდით თუ არა?

-სიმართლე გითხრათ, მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ მინდოდა მასწავლებლობა. მქონდა ამბიცია, რომ მხატვარი ან მეცნიერი გავმხდარიყავი. საბოლოოდ, ღმერთი მიგიყვანს იქ, სადაც უნდა მიხვიდე. უნივერსიტეტში ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი – ისტორიულზე და ფერწერის. ორ საათზე რომ მიმთავრდებოდა ისტორიულზე ლექციები, შემდეგ სამხატვრო სტუდიაში მივდიოდი.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა ხარაგაულის მუზეუმში დავიწყე. ჩემი პედაგოგიური ნათლობა ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში შედგა სახვითი ხელოვნების მასწავლებლად. იქ შეთავსებით ვმუშაობდი. სკოლის დირექტორმა ბატონმა გივი გოგოლაძემ საათებით დამტვირთა. ამბობდა – პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო და დაწყებით კლასებშიც მომცა სახვითი ხელოვნების გაკვეთილები.

თავიდან მეგონა, რომ მოსაწყენი იქნებოდა ყოველ წელს ერთი და იგივე პროგრამით სწავლება. თუმცა, რეალურად, ეს პროცესი ყოველწლიურად განსხვავებული აღმოჩნდა. ყოველი თაობა სასწავლო პროცესს ახლებურად აღიქვამს და ეს პედაგოგის შემოქმედებით უნარს ავითარებს. ამიტომ გახდა ჩემთვის პედაგოგობა საინტერესო. თავად მოსწავლეები მაძლევენ სტიმულს, რომ ყოველ წელს განსხვავებულად ვასწავლო.

იმ პერიოდში მუზეუმში ძალიან ბევრი საქმე გვქონდა – ექსპოზიცია იხსნებოდა. იძულებული გავხდი, სკოლიდან წამოვსულიყავი. აი, შემდეგ დამეწყო ნოსტალგია. მივდიოდი ქუჩაში, ვუყურებდი ბავშვებს და მაშინ მივხვდი, რომ მოსწავლეების გარეშე არ შემეძლო. მალე ბაზალეთის სკოლაში დავიწყე მუშაობა ქალბატონ იზოლდა ოკრიბელაშვილთან. დღემდე სკოლაში ვასწავლი. ყველა ბავშვი ჩემთვის უდიდესი სიყვარულია.

მაგდა მესხი: -თქვენ გალობთ, ხატმწერიც ბრძანდებით, ლექსებსაც წერთ. როგორ და როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს შესაძლებლობები?

-ხატწერა ხატვის სიყვარულით დავიწყე. სულ განვიცდიდი, რომ უფალმა მომცა ხატვის ნიჭი და მოუცლელობის გამო ვერ ვხატავდი. ლექსიც დავწერე ამაზე. მივუძღვენი საწყალ დიასახლისს, რომელიც ტაფებს ხეხავს, ფუნჯები და საღებავები ეძახიან და მას ხატვისთვის არ სცალია.

ჩვენთან რომ ეკლესია ამოქმედდა, ხატწერა მაშინ გავბედე. არ ვიცოდი კანონიკა, თუ როგორ უნდა დამეწერა ხატი. შემდეგ აწ განსვენებულ მარგვეთ-უბისის მიტროპოლიტ კონსტანტინესაგან (მელიქიძე) ავიღე კურთხევა და შევეცადე კანონიკის დაცვით ხატწერას. გასულ წელს არქიმანდრიტმა ანტონმა (სულთანიშვილი) მომცა კურთხევა და ასე დაიწერა ხატი „ხარაგაულის მფარველი ღვთისმშობელი,“ რომელიც სამლოცველოშია დაბრძანებული.

ლექსების წერას ყველას სიყვარული აწყებინებს. მეც სტუდენტობის დროს სიყვარულმა დამაწერინა ერთი-ორი ლექსი. ლექსებს, იცით, როდის ვწერ? როცა ძალიან დიდი ემოცია მაქვს, უფრო – ტკივილი. დავჯდები ჩემთვის კუთხეში, დავწერ ლექსს და მერე ვთავისუფლდები მძიმე ემოციისაგან.

წლების წინ ჩემი პირველი წიგნი რომ გამოვიდა, 18 ლექსი დაიბეჭდა, მაგრამ მას შემდეგ რაც დავწერე, უკვე ჩემთვის მაქვს, არ მგონია გამოვაქვეყნო. ვწერ მოთხრობებსაც. ესეც ჩემი ემოციის ნაწილია.

ალბათ, ოცი წელია, რაც მეორე ხმას ვგალობ. გალობა დიდი მადლია. ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც 2002 წელს ხუთი ადამიანი დამეღუპა – ძმები, მშობლები და გამზრდელი დეიდა. აღარ მინდოდა გალობა და გადავწყვიტე, მოძღვრისთვის მეთქვა ამის შესახებ.

აწ განსვენებული ირა შავიძის ნათქვამმა გადაწყვეტილება შემაცვლევინა: -ხომ იცი, უფალს ზეცაში ანგელოზები უგალობენ, ასეთ რამეზე უარი არ უნდა თქვაო. და მეც დღემდე ყოველ კვირა დღეს დიდი სიხარულით ველოდები, რომ ეკლესიაში ვიგალობო.

თამარ ჭიპაშვილი: – რა არის თქვენში ის თვისება, რომელმაც ცხოვრების რაღაც ეტაპებზე უკან დაგხიათ?

-უკმარისობის გრძნობა მაქვს – ძალიან მინდოდა, სამეცნიერო ხარისხი მქონოდა და შევძლებდი კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ ამას სიზარმაცის გამო ვერ მივაღწიე. უბრალოდ ჩემი ცხოვრება აეწყო ასე. ძალიან მძიმე, 90-იან წლებში პატარა შვილი მყავდა, რომელიც, ფაქტობრივად, მარტომ გავზარდე. ჩემი უარყოფითი თვისებებიდან გამოვყოფ არაორგანიზებულობას. ვფიქრობ, დრო გამექცა, მეტის გაკეთება შემეძლო.

მონიკა ბუცხრიკიძე:40 წელი გავიდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც საქართველო ენის შენარჩუნების საფრთხის წინაშე დადგა. ვიცით, რომ თქვენ სხვებთან ერთად მონაწილეობდით 14 აპრილის მოვლენებში. რას და როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

-თამარ ჩხეიძემ, ჩემმა ჯგუფელმა, მოგვიტანა ამბავი, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან 75-ე მუხლს იღებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში სახელმწიფო ენად რუსული ენა დაწესდებოდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი 15 რესპუბლიკის, 1936 წელს მიღებული, კონსტიტუციიდან მხოლოდ საქართველოს სსრ და სომხეთის სსრ კონსტიტუციებში ჩაწერეს სახელმწიფო ენად ეროვნული ენები. 1977 წელს ლეონიდ ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია მიიღო. 1978 წელს გამოქვეყნდა მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციების პროექტები.

მშობლიური ენის დასაცავად იბრძოდნენ ჩემი ჯგუფელები – თამარ ჩხეიძე, გელა ნიკოლაიშვილი, გიორგი ჩხიკვიშვილი, ლეილა გოგუაძე და სხვ. მე მათ გვერდით ვიყავი. მოვამზადეთ ტექსტი, რომ არ შეიძლება კონსტიტუციიდან 75-ე მუხლის ამოღება, ქართველებს უნდა შეუნარჩუნდეთ ქართული ენა. მერე წვრილ ლენტებად დავჭერით ქაღალდები და ზედ ხელმოწერები გავაკეთეთ. გამოვიდა უზარმაზი პეტიცია.

ბიჭებმა უნივერსიტეტის ყველა კორპუსი, მაშინ არსებული თექვსმეტივე ფაკულტეტი მოიარეს ხელმოწერების შესაგროვებლად. ის ხელმოწერები თამარ ჩხეიძეს „კეისში“ ედო. ფაკულტეტის დეკანმა ნოდარ ასათიანმა დაგვიბარა. გვეხვეწა, დაანებეთ ხელმოწერების შეგროვებას თავი, სამსახური დამეკარგებაო.

რექტორთანაც შეგვიყვანეს. 6-7 სტუდენტი ვიყავით ამ საქმის ინიციატორები, ყველა ფრიადოსნები. უნივერსიტეტიდან გარიცხვით გვემუქრებოდნენ. რექტორმა ხელმოწერების გადაცემა გვთხოვა. ჩვენ განვუცხადეთ, რომ არავითარი ხელმოწერები არ გვქონდა. საბოლოოდ, წავედით საკონსტიტუციო კომისიაში და ჩვენი პეტიცია ჩავაბარეთ. ხელმოწერები კრემლში გაიგზავნა.

მეორე დღეს სტუდენტების გამოსვლები დაიწყო. ნოდარ ასათიანმა ორი ლექცია შეუსვენებლად გადააბა. არადა, ჩვენ გარეთ გასვლა გვინდოდა. თამარმა თვალით გვანიშნა და ყველა ერთად აუდიტორიიდან გავცვივდით. უნივერსიტეტის კარები ჩაკეტილი იყო, მაგრამ ჩვენ საიდუმლო გასასვლელები ვიცოდით.

რუსთაველის გამზირი სტუდენტებით გაივსო. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები აუდიტორიის ფანჯრებიდან ხეებზე მოცოცავდენ. იმ დროს მამაჩემიც ჩამოსულა თბილისში. ქუჩებში მეძებდა – სადაც ჩემი შვილი მოკვდება, მეც იქ უნდა მოვკვდეო – ფიქრობდა თურმე და ეს გარკვეული დროის შემდეგ მითხრა. საფრთხე მართლაც იყო – მერვე პოლკის ტანკები რუსთაველის გამზირის ჩიხებში იდგა. ჩვენ გავიმარჯვეთ, კონსტიტუციაში 75-ე მუხლი – საქართველოს სახელმწიფო ენა ქართული – დარჩა.

მოგვიანებით ისე წარმოაჩინეს, რომ შევარდნაძეს უხდიდნენ მადლობას ქართული ენის შენარჩუნებისთვის. რატომღაც სტუდენტების როლს ივიწყებდნენ. არადა, ეს ნამდვილად ეროვნული სტუდენტური მოძრაობა იყო. თან ჩვენ სხვა ლიდერი არ გვყავდა. გამსახურდია და კოსტავა იმ დროს დაპატიმრებულები იყვნენ.

საბა ებანოიძე: -ვინ არის თქვენი საყვარელი ისტორიული პიროვნება და რატომ?

-ფემინიზმში თუ არ ჩამომართმევთ, ჩემი საყვარელი ისტორიული პიროვნებაა თამარ მეფე, ელისაბედ დედოფალი, კლეოპატრა. ძალიან მიყვარს დავით აღმაშენებელი, სოლომონ პირველი, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე. მათ განსაკუთრებული ღვაწლის გამო გამოვარჩევ. დავით აღმაშენებელი ხომ საოცრება იყო. ომი გონებით მოიგო.

დიდგორის ბრძოლის წინ დავითი რომ ერთი წამითაც კი პანიკაში ჩავარდნილიყო, ვერ გაიმარჯვებდა. წარმოიდგინეთ, მის წინ ნახევარმილიონიანი ჯარი იდგა. თვითონ კი 55 600 მეომარი ჰყავდა. დავითის ისტორიკოსი საუბრობს მის სულიერ სიმშვიდეზე და ამბობს, რომ მან ისე გამოიხსნა საქართველო, ამას მე კი არა, მთელი მსოფლიოს ბრძენნიც ვერ აღწერენო.

დიდად ვაფასებ სოლომონ პირველს. მან ერი ტყვეთა სყიდვის ცოდვისაგან გადაარჩინა. იმ დროს მამა საკუთარ შვილებს ფულის გულისთვის ჰყიდდა. ქართველი ქართველს არ ინდობდა. დიდი ცოდვა ტრიალებდა. ამ ცოდვისგან იხსნა სოლომონ პირველმა ერი. ამიტომაც შერაცხა ქართულმა ეკლესიამ წმინდანად.

ლიზა ბარბაქაძე: -რომ არა 1921 წლის ოკუპაცია, თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა დღეს საქართველო?

-ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ცოტა შორიდან დავიწყებ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ანექსიაც პირველ მსოფლიო ომს უკავშირდება. ომი 1914-18 წლებში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, მაშინ მსოფლიოში ორი დაჯგუფება – ანტანტა და სამთა კავშირი ებრძოდა ერთმანეთს. საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან ეროვნულ-დემოკრატები მიიჩნევდნენ, რომ კარგი იქნებოდა ომში სამთა კავშირის – გერმანიის მხარის – გამარჯვება; ხოლო სოციალ-დემოკრატები კი ანტანტის (რუსეთის მხარე) მომხრენი იყვნენ.

პირველ მსოფლიო ომში სამთა კავშირს (შემდგომში ოთხთა კავშირი) რომ გაემარჯვა, ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც უკეთესი მეოცე საუკუნე იქნებოდა. არც ფაშისტები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და არ მეორე მსოფლიო ომი იქნებოდა. საქართველო, როგორც გერმანიის მოკავშირე ქვეყანა, შეინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რუსეთი, ალბათ, იქნებოდა დემოკრატიულ-ფედერაციული სახელმწიფო.

თამარ ჭიპაშვილი: -დროის პორტალი რომ გქონდეთ, რომელ ისტორიულ ეპოქაში მოინდომებდით ყოფნას?

-თუ მილიონი წლების წინანდელ ცას ვხედავთ ყოველ დღე და ღამე, დროის პორტალი მართლაც არსებობს. ოქროს ხანის საქართველოში – თამარის ეპოქაში ვიცხოვრებდი.

ლუკა გურგენიძე: -როგორ და რატომ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა და როგორ იქმნებოდა „ხარაგაულის ქრონიკები“?

-დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს არის ჩემი დიდი ხნის ნაოცნებარი. ორიოდ სიტყვით წიგნის ყდაზე გეტყვით. ნახატი ჩემი შესრულებულია. მუქი ყავისფერი ხარაგაულის მიწაა, ტოტები ფესვებსაც წააგავს, ფოთლები ისტორიის მდინარებაა, – ზოგი ყვითელია, ზოგი მწვანე. ეკრანში ჩასმულია ჩხერის ციხე. ჩემი შვილის გადაღებული ეს ფოტო ძალიან მომწონს.

აქვე არის რუსი მხატვრის მიერ შესრულებული ლაშელ აბაშიძეთა სასახლე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა. ეს ფოტორეპროდუქცია მომაწოდა აბაშიძე-ღაბუაშვილთა შთამომავალმა დავით აბაშიძემ – ოთარ აბაშიძის შვილმა. წიგნის ყდის უკანა მხარეს მეცხრამეტე საუკუნის ხარაგაულელთა ფოტოებია.

ამ რამდენიმე წლის ხარაგაულში ფსიქოლოგი ალექსანდრე რუსეცკი ჩამოვიდა. ისტორიკოსები შეგვკრიბა და გვითხრა, – ხარაგაულელები რატომ უნდა წუწუნებდეთ იმაზე, რომ თქვენი რაიონი მწირია, სინამდვილეში ბევრი რესურსი გაქვთო. მან გვირჩია, რომ ისტორიკოსებს შეგვექმნა წიგნი, რომელიც ხარაგაულის ტურისტულ პოტენციალს წარმოაჩენდა.

ლეღვნის სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ჯემსი ვეფხვაძემ მაშინ თქვა, რომ კარგი იქნება, თუ დაიწერება წიგნი ხარაგაულის სოფლების შესახებ. 20-ზე მეტმა ისტორიკოსმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ხარაგაულელ ისტორიკოსთა ასოციაცია. ხელმძღვანელობა მე დამავალეს. წინასწარი გეგმა შევიმუშავეთ, თუ როგორ უნდა აეწყოთ თხრობა. შესანიშნავი ნამუშევრები წარმოადგინეს.

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. მისი მეორე ნაწილი სოფლების ისტორიას ეძღვნება. ყველა სოფელი არ არის მიმოხილული, მაგრამ რადგანაც წიგნს „ხარაგაულის ქრონიკები“ ჰქვია, არ შეიძლება და ვერც იქნება სრულყოფილი. ეს არის დაუსრულებელი პროცესი, რომელსაც თქვენ, მომავალი თაობა გააგრძელებთ.

სამი წლის წინ წიგნის შექმნაში ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ჩაერთო. ძალიან ბევრი იშრომა ეთერ ვეფხვაძემ, მუზეუმის კურატორმა. მან არქივებში ხარაგაულში მოღვაწე და ხარაგაულელ სასულიერო პირთა ისტორიები მოიძია. დიდი შრომა ჩადო წიგნის შექმნაში მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძემ. მან მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ხარაგაულის ისტორია დაწერა. არქივებში მოიძია და ახლებურად წარმოაჩინა ხარაგაულის სახალხო თეატრის ისტორია.

წიგნში შევიდა ჩემს მიერ დაწერილი ნარკვევებიც. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ, მომავალ თაობას, გახსოვდეთ ჩვენი კუთხის ისტორია, თაობათა ქმედებები, ღვთისა და მამულის წინაშე თავდადების მაგალითები. თუ რამდენად მოვახერხეთ ეს, თქვენი განსასჯელია.

მარიამ კოჩაძე: -გვიამბეთ საინტერესო ამბავი ან კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან.

-სხვათაშორის, კურიოზებს ჩემთვის ვინიშნავ ხოლმე. ძირითადად, მოსწავლეების მონაყოლიდან გავიხსენებ: ვახტანგ გორგასალს იღლიის ქვეშ კოსტუმი ჰქონდა დაფხრეწილი და ამიტომ მოხვდა ისარი; ჰერაკლე კეისარმა გადაურეკა ჯიბღუ ხაკანს, ის წამოვიდა ჯარით, შეესია თბილისს და რაც წარმოება-დაწესებულებები იყო, ყველა ააოხრა; იოანე მხარდამჭერმა სილა გააწნა რუქნადინის ელჩს.

ბოლოს გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თქვენთან შეხვედრა. დიდი სითბო ვიგრძენი. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. ჩვენი, პედაგოგების დიდი სურვილია, რომ საუკეთესო ადამიანებად გაიზარდოთ. გული მწყდება, საქართველოს რომ ტოვებენ და მიდიან. თუ სადმე წახვალთ, ისწავლეთ და აუცილებლად დაბრუნდით. მაშინ რა გამოდის – ჩვენ აქ რისთვის ვწვალობთ, თუ საზღვარგარეთ საცხოვრებლად უნდა წახვიდეთ. ისწავლეთ უცხოეთში, მაგრამ თქვენი პატარა საქართველო და ხარაგაული არ დაივიწყოთ.

 ფოტოზე: „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები ისტორიკოს ზეინაბ ბუაჩიძესთან ერთად ინტერვიუს შემდეგ