ბულინგი ჩაგვრა, აბუჩად აგდება, აგრესული ქცევაა, რომელიც, უმეტესად, ბავშვებში ვლინდება.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტები ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.

მონიკა ბუცხრიკიძე: –ბულინგი – ბავშვთა ძალადობა – ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრას დიდი ყურადღება სჭირდება. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ხსნის, თუ რა შეიძლება იყო ბავშვთა შორის ძალადობის მიზეზი. ზოგი ეპოქას და თაობათა ცვლას აბრალებს.

ჩემი აზრით, ოჯახსა და სკოლას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირდა ბავშვთა შორის ძალადობის ფაქტები. სკოლის მოსწავლეთა შორის დაპირისპირება კი მსხვერპლითაც დასრულდა. იოლი ნამდვილად არაა ბულინგთან შებრძოლება, მაგრამ არა – შეუძლებელი.

ძალისხმევას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი. მასწავლებლები და მოსწავლეები თუკი ბულინგს ერთად შეებრძოლებიან, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

გუგა ბერაძე: -ბულინგი, ძირითადად, სკოლებში გვხვდება. მისი მოტივაცია სხვადასხვაგვარია; მაგალითად, – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა. მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, პატარა და სუსტია.

ჩემი აზრით, გარკვეული რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. უფროსების მოვალეობაა, აღზარდონ პასუხისმგებლიანი შვილები, რომლებიც იხელმძღვანელებენ ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ურთიერთპატივისცემა და გენდერული თანასწორობა.

მაგდა მესხი: –ადამიანი ზოგჯერ გარემოებათა მსხვერპლი ხდება და ამის მიზეზი საზოგადოებაა. დღეს აქტუალურია ბულინგი, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლა არავის გამოუცხადებია. საქართველოში კანონმდებლობა ბულინგის დასაძლევად არაქმედითია. რადგან კანონმდებლობა არასაკმარისად მუშაობს, ჩვენ, საზოგადოების წევრებს, მეტი მოგვეთხოვება, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიზრუნოთ.

ჩვენი ვალია, არა მარტო საკუთარი, არამედ ბულინგის მსხვერპლთა კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ. მჯერა, შევძლებთ ბულინგის დაძლევას და პრობლემებს არ შევუშინდებით. თუ გეგმა „ა“ არ გაამართლებს, ჩვენს ანბანში კიდევ ოცდათორმეტი ასოა. თუ შემართებით და ერთიანობით ვიზრუნებთ, მივიღებთ მომავალს ბულინგის გარეშე!

საბა ებანოიძე: –აგრესიული ქმედება, ბულინგი, მიმართულია სხვათა საზიანოდ. ბულინგი ძირითადად ოთხ ტიპად იყოფა: ფიზიკური, ფარული, ვერბალური და კიბერ-ბულინგი. ჩაგვრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვერბალური ბულინგი: დაცინვა, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება, დაშინება…

ბულინგი მთელ მსოფლიოში უდიდესი პრობლემაა. ამიტომ იზრდება ინტერესი და ყურადღება მის მიმართ. ბულინგს საკმაოდ მძიმე და სერიოზული შედეგები მოაქვს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ გათავისუფლდეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებებისგან, განიცდის მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიას.

ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებთ ჩაკეტილობა, სხვა ბავშვებისგან გარიყულობა, დაბალი თვითშეფასება და გაუბედავი საუბარი. ამიტომ ებრძვიან ბულინგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მარიამ კოჩაძე: –ბულინგის ფართოდ გამოხატული ფორმა ოჯახში ძალადობაა. ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვი ხშირ შემთხვევაში თავად ხდება მოძალადე. სწორედ ამიტომ ბავშვის აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა.

კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის დამკვიდრებასთან ერთად ახალი პრობლემა გამოიკვეთა – კომპიუტერული თამაშები, სადაც უმეტესად ძალადობის ფაქტებია. ასეთი თამაშები ბავშვის ფსიქიკას საფრთხეს უქმნის.

ამასწინათ ერთი თანატოლისგან მოვისმინე: „თითქმის ოთხი წელია, რაც „ქაუნთერს“ ვთამაშობ. ეს ჯგუფური თამაშია და რაც უფრო მეტ ადამიანს მოკლავ, მით უფრო მაღალი ქულა გეწერება. ეს ძალიან მსიამოვნებს და როდესაც ვთამაშობ, თითქოს ვითიშები, არც ძილი მახსოვს და არც შიმშილი.“

ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარება სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, უნდა აიკრძალოს ძალადობის შემცველი კომპიუტერული თამაშები, ცივი იარაღის, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოზარდებზე მიყიდვა. ეს ბულინგს შეამცირებს.

თამარ ჭიპაშვილი: –რა სოციუმშიც იზრდება და ვითარდება ბავშვი, იმ საზოგადოების შესაბამისად ყალიბდება. ამასთანავე ბავშვის, როგორც „სუფთა ფურცელის“ ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ვიდეოთამაშები. ამ დროს ბავშვი ეჩვევა ომს, მოწინააღმდეგის ძალადობით დამარცხებას. ამგვარი ცხოვრება მისი თანამდევი და განუყოფელი ნაწილი ხდება. იწყებს ნანახის კომპიუტერში გადმოტანას.

როგორ ავიცილოთ ბულინგი თავიდან?

მშობლებო, რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ თქვენს შვილებს ჰუმანურობაზე, ადამიანურობაზე, სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი მშობლების დიალოგი ჩემთან. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ესაუბრათ და ჩემთან საერთო ენა გამოენახათ.

ბულინგს ოჯახის ეკონომიური მდგომარეობაც იწვევს. ბულინგი, ჩემი აზრით, ჯაჭვური კავშირია მოძალადესა და დაზარალებულს შორის. ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულია, ცდილობს, მოძალადე გახდეს და საკუთარ თავზე განცდილი სხვებს განაცდევინოს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ეს გაუაზრებელი ქმედება ფატალური შედეგით არ დამთავრდება.

ბავშვებო, ისაუბრეთ საკუთარ პრობლემებზე ღიად. ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არ უნდა გაჩუმდეთ, როცა ჩაგრულმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადოს „დუმილის აღთქმა,“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ.

ჩვენ ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, ნუ დავხუჭავთ თვალს ჩვენს ირგვლივ არსებულ ძალადობაზე. ერთად შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ!

ლუკა გურგენიძე: -ბულინგის გამომწვევი უმთავრესი პრობლემა ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობაა. ამის გამო ოჯახის წევრები ხშირად ჩხუბობენ და მოზარდებში ბევრი ნეგატივი გროვდება. სკოლაში მოსწავლეს თავისნაირად გაღიზიანებული თანატოლები ხვდებიან და კონფლიქტი წარმოიქმნება.

ბულინგის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ტელევიზია და ინერნეტ სივრცე. ბავშვები ერთვებიან ისეთ ინტერნეტთამაშებში, სადაც ერთმანეთს ვირტუალურად კლავენ, სცემენ. ეს პრობლემები ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ გახშირდა გაუცნობიერებელი დანაშაულები.

ჩემი აზრით, ყველაფერი გამოსწორდება, თუ ამ პრობლემის მოგვარებას ოჯახი, სკოლა, განათლების სამინისტრო და საზოგადოება ერთობლივად შევეცდებით.

ნათია ბურჯანაძე: –ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვ. ბულინგისთვის დამახასიათებელი ქცევებია: ზედმეტსახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ნივთების წართმევა, წერილობითი ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, მსხვერპლის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება – იმოქმედოს საკუთარი ნების წინააღმდეგ.

ბულინგის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს პრობლემა უფროსების მხრიდან მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქმებოდა. მათმა მიდგომამ – „ბავშვები არიან და ერთობიან“, პრობლემა გაამწვავა. მანდატურებმა შეამცირეს სკოლებში ბულინგის შემთხვევები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია.

ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის. საჭიროა ოჯახებსა და სკოლებში ისეთი პოლიტიკა გატარდეს, რომელიც კონფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის და ბულინგის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს.