ხარაგაულელი ახალგაზრდები მერიის კულტურის სამსახურმა სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსკურსიით დააჯილდოვა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ხარაგაულელი მოსწავლეების მონაწილეობით ისტორიულ მუზეუმში უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ წარმოდგენა გაიმართა.   

„ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება, – ამბობს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად განასახიერეს დიდი მეცნიერების, იმ ადამიანების სახეები, რომლებიც უნივერსიტეტის დაარსების სათავეში იდგნენ.

დღეს, 28 მარტს, სპექტაკლის მონაწილე მოსწავლეები მიგვყავს უნივერსიტეტში, სადაც დაათვალიერებენ მუზეუმს, კიდევ უფრო ახლოს გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიასა და დღევანდელობას. დღესვე მოსწავლეებს ვაჩვენებთ ეროვნულ გალერეას, სადაც მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრებია გამოფენილი.“

ქეთი დავაძე დღეს პირველად ეწვევა უნივერსიტეტს. თანატოლებისგან შესრულებული როლებით უნივერსიტეტის შექმნის ისტორია კარგად დაამახსოვრდა. მოხარულია, რომ დღეს ყველაფერს ახლოს გაეცნობა.

გიგა ხიჯაკაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში სტუმრობა ყველა მოსწავლისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ნახავენ იმ ადგილს, სადაც დაარსდა „ცოდნის ტაძარი.“

ფოტოზე: ხარაგაულელი ახალგაზრდები კულტურის სამსახურის უფროსთან, მუზეუმის დირექტორთან და თანამშრომლებთან ერთად უნივერსიტეტში გამგზავრებამდე