დღეს, 8 თებერვალს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი აღინიშნა.
100 წლის წინ, ამ დღეს, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა; 8 თებერვალი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
ხარაგაულელმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტის შექმნის ისტორია წარმოგვიდგინეს. მათ შესანიშნავად მოირგეს უნივერსიტეტის დამფუძნებლების – ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, ანდრია რაზმაძის, დიმიტრი უზნაძის, კორნელი კეკელიძის, ივანე ბერიტაშვილისა და სხვა იმდროინდელი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების როლები. უნივერსიტეტის დაარსების ისტორიასთან ერთად ახალგაზრდებმა შთამბეჭდავად გვიამბეს დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები.
ღონისძიება ისტორიული მუზეუმისა (დირექტორი ნინო დიდიძე) და ხარაგაულელი ახალგაზრდების თანამშრომლობით შედგა. მიწვეულმა სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლიერება გამოხატეს ღონისძიების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ. მათ უნივერსიტეტის დაარსებისა და ქვეყნის მომავლისთვის განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შემთხვევით არ აირჩიეს უნივერსიტეტის დაფუძნების დღედ 8 თებერვალი – დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, – აღნიშნა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა, ღონისძიების იდეისა და სცენარის ავტორმა ეკა შველიძემ, – დავით მეფემ შექმნა საქართველოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო კერები.
ხარაგაულის საზოგადოება ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ხარაგაულელებმა დედა უნივერსიტეტის დაფუძნებაშიც წვლილი შეიტანეს. 1918 წელს მოლითში მოქმედ კოოპერატივს უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 300 მანეთი შეუწირავს.
დიდი პატივია, რომ ხარაგაულელი აკადემიკოსი ევგენი ხარაძე უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, უნივერსიტეტს გარკვეული პერიოდი რექტორობდა ხარაგაულელი გიორგი კიკნაძე. უნივერსიტეტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს და დღესაც შეაქვთ ხარაგაულელ პროფესორებს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტიტეტში ექსკურსიას დაჰპირდა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი