საკრებულოს სხდომაზე

„მათ, ვინც თვითმმართველობის ფუნქციონირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შექმნა, ვინც საკრებულოს რეგლამენტის ნიმუში გამოგვიგზავნა, – საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა, – როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინეს ის რეალობა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას აიძულებს, უარი თქვას მათ მიერ შემოთავაზებულ მოუხერხებელ და სრულიად ზედმეტ ნორმებზე, – მიმართა კოლეგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, – შემოგვთავაზეს ძალიან უცნაური რეგლამენტი, რომელსაც ვერ ვასრულებთ. უამრავი, მაპატიეთ და, სისულელე გვიწერია დებულებაში, – რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს პრეზიდიუმი, მაგიდები, ტრიბუნა; დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი ადგილები სამუშაოდ; რომ კომისიის სხდომის დღის წესრიგი, გეგმა, პროექტები უნდა ქვეყნდებოდეს წინასწარ, კომისიის სხდომები უნდა ტარდებოდეს თვეში ორჯერ მაინც და ა. შ.რადგან რეგლამენტი ვერ სრულდება, შემომაქვს წინადადება, შეიქმნას კომისია რეგლამენტის გადასამუშავებლად. დებულებიდან ამოიღოთ ეს „სისულელეები“ და რეგლამენტი მოვარგოთ ჩვენს რეალობას.
ამ დებულების შემქმნელებმა მეც გამაბრიყვეს და ეს რეგლამენტი წამაკითხეს. რას ვკითხულობდი?!.. ჩემი თავიც შეგაძულეს…
გეთანხმებით, რომ ჩვენ ვართ უფრო გონიერი ხალხი, ვიდრე არიან პარლამენტში, ვიდრეა პრეზიდენტი, რადგან მათ „სისულელე“ შემოგვთავაზეს, მაგრამ გავასწოროთ ახლა. დღემდე ჩვენი ყოფა ვერ შევუფარდეთ საკრებულოს რეგლამენტს. ამიტომ რეგლამენტი შევუფარდოთ ჩვენს რეალობას.“
დეპუტატი ნოდარ ებანოიძე მთელი წელია, მოითხოვს საკრებულოს დებულების დაცვას. როგორც ჩანს, ამჯერად ასეთი პოზიციით გადაწყვიტა მიზნის მიღწევა.
მის ამ წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარის აკაკი მაჭავარიანის პროტესტი მოჰყვა, – ვერანაირად ვერ ჩავთვლი, რომ პარლამენტში ან მთავრობაში ჩვენზე სუსტები არიან. რეგლამენტის გადახედვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
დეპუტატებმა რომან შერგელაშვილმა და თემურ გამცემლიძემ აზრი გამოთქვეს, რომ რეალობა მაქსიმალურად უნდა შეუსაბამონ რეგლამენტს.
გასულ ორშაბათს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის ბიუჯეტის II კვარტალის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ვინაიდან ეს ინფორმაცია გაზეთის წინა ნომერში უკვე გაგაცანით, ამჯერად დეტალურად აღარ შევჩერდები. აღვნიშნავ მხოლოდ იმ ლაფსუსს, რაც ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ დაფიქსირდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, ხმა მიეცათ მოსმენილი საკითხისადმი. დეპუტატებმაც კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
„რას უყრით კენჭს, ინფორმაციის მოსმენას მხარდაჭერა სჭირდება?“ – იკითხა ნოდარ ებანოიძემ და განმარტება საკრებულოს იურისტს ინგა ლურსმანაშვილს სთხოვა.
იურისტმა განმარტა, რომ ინფორმაციის მოსმენას კენჭისყრა არ სჭირდება.
ინგა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის საყვედური საჯაროდ დაიმსახურა. თურმე თავმჯდომარემ რომ დეპუტატებს კენჭისყრისკენ მოუწოდა, იურისტი უნდა წამომდგარიყო და აკაკი მაჭავარიანისთვის ესწავლებინა, ამას კენჭისყრა არ სჭირდებაო (?!).
1 სექტემბრიდან იზრდება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობისათვის საკრებულოს თავმჯდომარეც და დეპუტატებიც ყოველთვიურად დამატებით 150 ლარს მიიღებენ, ხოლო ამომრჩევლებთან შეხვედრების, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – კიდევ დამატებით – საკრებულო თავმჯდომარე 250 ლარს, მოადგილე – 200 ლარს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები – 150 ლარს, დანარჩენი დეპუტატები კი – 100-100 ლარს. ანაზღაურების მისაღებად დეპუტატებმა (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა), ხარჯვის დოკუმენტები აპარატის უფროსს უნდა წარუდგინონ.
შპს ,,ხარაგაულ კეთილმოწყობა“-ს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალი სხდომისთვის გადაიდო, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ აღმოჩნდა ცნობა საგადასახადოდან, რომ შპს ,,ხარაგაულ კეთილმოწყობა“-ს დავალიანება არ ერიცხება.
საკრებულომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მუდმივმოქმედი კომისიის წევრად დეპუტატი იუზა კელენჯერიძე შეიყვანა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ნიკოლოზ ნიქაბაძის ნაცვლად.
მორიგი ცვლილებები შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში.
მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის #1402 განკარგულებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოუყო 260.0 ათასი ლარი, აქედან დაზიანებული ხიდების აღსადგენად 198.3 ათასი ლარი, გზებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების საწარმოებლად 50.7 ათასი ლარი და სკოლის სარეაბილიტაციოდ 11.0 ათასი ლარი.
სოფლის რწმუნებულების მომართვების შესაბამისად ხელახლა გადანაწილდა მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის #20 დადგენილებით ფინანსთა სამინისტროს მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი 655.7 ათასი ლარი. კერძოდ, ეს თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად: სოფლის შიდა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, (საფუძველი – სოფლის რწმუნებულების მომართვები) საჭიროებს ხელახლა განაწილებას, კერძოდ: სოფლის შიდა გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები განისაზღვრა 270.6 ათასი ლარით; ხიდ-ბოგირების მშენებლობა, შეკეთება – 14.7 ათასი ლარით; სანიაღვრე არხების, წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 18.0 ათასი ლარით, ტრაქტორის შეძენა – 21.6 ათასი ლარი; სოფლებში წყლის მილების შეძენა და წყლის სისტემების მოწყობა – 152.2 ათასი ლარი; სპორტული მოედნების მოწყობა – 18.1 ათასი ლარი; სოფლის კლუბების და კულტურის სახლების რეაბილიტაცია – 14.5 ათასი ლარი; სასაფლაოების შემოღობვა – 14.1 ათასი ლარი; სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება – 120. 1 ათასი ლარი (სოფლის სკვერებისა და თავშეყრის ადგილების მოწყობა, სარიტუალო სახლების აღჭურვა, წისქვილების რეაბილიტაცია); სოფლის ამბულატორიის მშენებლობა – 11.7 ათასი ლარი.
ხარაგაულის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 111.5 პროცენტით შესრულდა ძირითადად – ჯარიმების, სანქციებისა და საურავების ხარჯზე. გეგმის ზევით მობილიზებული თანხიდან 1.5 ათასი ლარით გაიზარდა დასუფთავების ხარჯები, 0.5 ათასი ლარით – პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობის, 6 ათასი ლარით – საკრებულოსა და გამგეობის ოფისის ხარჯები. 78 ათასი ლარი მიიმართა ხარაგაულში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის. საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა-2009“-ის სუბსიდირება გაიზარდა 10 ათასი ლარით.
საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმართა ხანგრძლივი კამათი ხარაგაულის საფეხბურთო კლუბის დაფინანსებასთან დაკავშირებით. დეპუტატები ნოდარ ებანოიძე და რუსუდან გურგენიძე ავითარებენ აზრს, რომ საბიუჯეტო თანხა, უმჯობესია, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და რაიონში საჭიდაო სკოლის ტრადიციების შენარჩუნება-განვითარებას მოხმარდეს. საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი და უმრავლესობა მუდმივად საფეხბურთო გუნდის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის მომხრეებად გვევლინებიან.
სხდომაზე აღინიშნა, რომ თედო ებანოიძის მიერ ორიოდე დღის წინ მოპოვებული მსოფლიოს ვიცე ჩემპიონობა სწორედ ხარაგაულის საჭიდაო სკოლისა და საქვეყნოდ აღიარებული მწვრთნელის ანზორ მაღრაძის დამსახურებაა. საკრებულომ კი უბრალო მადლობაც ვერ გაიმეტა ამ ღვაწლმოსილი პიროვნებისადმი. უსამართლოდ გული ატკინეს, მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა შეუზღუდეს.
რუსუდან გურგენიძემ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სასოფლო ბიბლიოთეკების საკითხზე და აღნიშნა, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის დირექტორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინა. დეპუტატის განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს სამი მცირეწლოვანი შვილის დედის, უმაღლესი განათლების სპეციალისტის შემცირება. ამ პიროვნების გათავისუფლების შემდეგ ბიბლიოთეკაში ახალი კადრი, თანაც პენსიონერი, მიიღეს.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ჭიპაშვილმა კოლეგას შეახსენა ბიბლიოთეკის დირექტორის ნანა ლურსმანაშვილის მიერ კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომ ის ყველა ღონეს იხმარს ამ პიროვნების, სოფო ლაცაბიძის, სამსახურში დასაბრუნებლად.
საკრებულომ დაამტკიცა სოფელ ჯაფაროულის, კიცხისა და ქროლის ქუჩების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების დამისამართების ნუსხა.
დეპუტატებმა განიხილეს დ. ხარაგაულში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები. ამ წესების დამრღვევთათვის განსაზღვრულია ჯარიმები.
საკითხი სახალხო დღესასწაულის ,,ხარაგაულობის“ და საპატიო ,,ხარაგაულელის“ წოდების დაწესების შესახებ მომავალი სხდომისთვის გადაიდო და ორკვირიანი კონკურსი გამოცხადდა ამ დღესასწაულისთვის უკეთესი სახელის შესარჩევად. საინტერესო საკითხი დასვა დეპუტატმა იუზა (ვალოდა) კელენჯერიძემ. მან ხარაგაულში ვაზის სანერგე მეურნეობის აღდგენაზე ზრუნვა შესთავაზა ადგილობრივ ხელისუფლებას. „ხარაგაულში ვაზის უნიკალური ჯიშები გვქონდა, – აღნიშნა სხდომაზე ბატონმა ვალოდამ, – პინო თეთრი, ოცხანური საფერე, კრახუნა. ვაზის ამ ჯიშებისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ვაზის ეს დარაიონებული ჯიშები, ფაქტიურად, გადაშენდა. ციცქა და ცოლიკაურიც კი აღარ არის. შარშან ზესტაფონიდან ამოვიტანეთ ნედლეული, იმის წინ – კახეთიდან. სირცხვილია, ისეთ რაიონში, სადაც შამპანურის საუკეთესო ჯიშები, კონიაკის, სპირტის წარმოება იყო, ფაქტიურად გვეცლება მეღვინეობა ხელიდან. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია სანერგე მეურნეობის შექმნა ხარაგაულში.“ საკრებულოს სხდომაზე ღორეშელმა მალხაზ კუპრაძემ თანასოფლელთა გულისტკივილზე ისაუბრა – ხალხს ეკონომიურად უკიდურესად უჭირს. ადამიანები რეალურად შიმშილობენ. მათ არ აქვთ ფქვილი, რომ პური გამოაცხონ. ოთხსულიანი ოჯახი, დღეში რომ ოც ლარს ვერ დახარჯავს საკვებში (სხვა რამეზე არაა საუბარი), შიმშილობს თუ არა?! სჭირდება თუ არა ასეთ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან დაცვა?! განსაკუთრებით საშუალო ასაკის ადამიანებს უჭირთ. მათ არც პენსია აქვთ და სოცაგენტის შემოწმების შედეგად მაღალი ქულები მოუვიდათ.
იმდენ მოსავალს ვერ ვიღებთ, რაც ყანის დამუშავება ღირს. სასუქი ვერ იყიდა გლეხმა და გაუყვითლდა სიმინდი. ტრაქტორს ფული უნდა. ხარები არ ჰყავს. ქარმა ჩაულეშა სიმინდი…
ჰიბრიდული სიმინდის თესლის გავრცელება თუ არავისთვის დაგიძალებიათ, რატომაა, რომ სოციალურად დაუცველებმა თესლი კი აიღეს, მაგრამ არ დათესეს; მაშინ როცა თითოეულ კილოგრამ ჰიბრიდულ სიმინდში 15 ლარი უნდა გადაიხადონ?!
ჩვენს პირობებში მხოლოდ ძროხითა და ქათმით უჭირთ ოჯახებს თავის გატანა.
ღორეშაზე სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი 20 ათასი ლარი რამდენად განავითარებს სოფელს. დაინტერესდით ვინმე, ფუნქციონირებს თუ არა, ღორეშაში რომ 18 ტონიანი ავზი გავაკეთეთ. სოფლის მოსახლეობამ კარგად არ იცის, რისი გაკეთება უფრო ეფექტურია. მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად კვალიფიციური დახმარება სჭირდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმით საკონსულტაციო ცენტრების შექმნაა გათვალისწინებული. სად არის?
მუნიციპალიტეტის გეგმაში დაგეგმილი გქონდათ სამუშაო ადგილების შექმნა. ხალხი უნდა დასაქმდეს და ფულადი შემოსავალი გაუჩნდეს.
სოფელში დიდი უკმაყოფილებაა სოციალური დახმარების დანიშვნასთან დაკავშირებით. უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს მაღალი ქულები მოდით და სამედიცინო დაზღვევითაც კი ვერ სარგებლობენ.
აგვისტოს ომის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს ანაზღაურება გაეზარდათ და თითოეული თვეში 2 360 ლარს იღებს. ამ თანხის 10 პროცენტი მაინც არ უნდა ჰქონდეთ ოჯახებს?!
ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის თავზე ისევ ვაუჩერს არიგებთ. ადამიანები შიმშილობენ რეალურად. ფულადი შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ფიზიკური არსებობის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. რაღაცით უნდა დაეხმაროთ მათ.
მირჩიეთ, რა ვუთხრა, რა ჰქნან, რას დამაბარებთ ამ ადამიანებთან.

ლაურა გოგოლაძე