mama filipe vachestanმამა ფილიპეს გზა ქრისტესაკენ, როგორც მისგან გამიგია, სულიერი თვითჩაღრმავებით, ღვთისადმი დიდი სიყვარულით და უკიდურესად მძიმე მარხულობით დაიწყო: „სხეული ისე დამისუსტდა, რომ აღარ მემორჩილებოდა. გულაღმა ვიწექი, გონებით კი სხვა სამყაროში გადავედი და რაღაც უცნაურ ხილვებს ვხედავდი,“ – გვიამბობდა ხოლმე იგი თავისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ მან ეს ხილვები ჩაწერა. ეს ნაწერი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ წიგნადაც დაბეჭდეს. ეს არის წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის შესახებ, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება. მამა ფილიპე ყველაფერ ამას თავად გვიამბობს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით გადაიღეს. ამ ფილმში შეკრებილია ყველა დიდი წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე. მათ შორის არის მამა ფილიპეს წინასწარმეტყველებაც: „როცა ჩემი თავი დიდი წმინდანების გვერდით ვნახე და ჩემი ნაამბობი მათ წინასწარმეტყველებასთან ერთად მოვისმინე, ძალიან შემრცხვაო,“ – ამბობს იგი.

მამა ფილიპე ბუნებით თავმდაბალი, გულთბილი და კეთილი მოძღვარია, რომელიც თავისი ცხოვრებით იძლევა მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი.

ერთხელ მოწამეთაში წავედი აწ გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის მამა გიორგის სანახავად. ტაძრის ეზოში ორი ბერი დამხვდა, ვთხოვე მათ:
– მამა გიორგიმდე მიმიყვანეთ, დიდი პრობლემა მაქვს, რჩევა მინდა ვკითხო-მეთქი.
მათ მკითხეს: -ვინ არის შენი მოძღვარი?
ვუპასუხე: -დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.
ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, თუ ასეთი მოძღვარი გყავს, რჩევის საკითხავად აქ მოხვედიო?

მამა გიორგისთან შეხვედრაზე უარი მითხრეს.

ჩემი ვაჟი რომ დაქორწინდა, სამი წელი შვილი არ ეძლეოდა. მამა ფილიპეს პარაკლისის გადახდა ვთხოვეთ. დაიბადა ვაჩე, რომელიც მამა ფილიპეს ნათლული გახდა. როდესაც ვაჩეს არსებობის ამბავი გავიგეთ, მამა ფილიპეს მივახარეთ. მან გაიღიმა და ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: „ჰო, მესამე წელს უნდა დაბადებულიყოო“. როდესაც ეს თქვა, გამიკვირდა და შემრცხვა. გამოვიდა, რომ პარაკლისის შედეგს არ დაველოდე და უნდობლობა გამოვიჩინე. საქმე იმაშია, რომ მოწამეთაში სწორედ ამ პრობლემის გამო ვიყავი. მამა ფილიპემ კი წინასწარ იცოდა, რომ ბავშვი სამ წელიწადში დაიბადებოდა.

თავდაპირველად ბერობის სურვილი ჰქონია. ყოფილა კიდეც მორჩილად, თუ არ ვცდები დავით გარეჯის მონასტერში. მისი ნაამბობიდან მახსოვს, რომ იქ გაუცვნია წმიდა გაბრიელ ბერი. მამა ფილიპე იგონებს: „როცა შემხვდებოდა, ასე მომმართავდა, ჩემი მოძღვარი მოდისო. მე მაშინ უბრალო მორჩილი ვიყავი, მღვდლობაზე არც მიფიქრია. მან კი ყველაფერი წინასწარ იცოდა“.

თბილი და ლმობიერია მამა ფილიპე აღსარების მოსმენისას. აღსარებას იმით გვიადვილებდა, რომ თვითონაც გვიყვებოდა საკუთარი „ცოდვების“ შესახებ. კანონად აუცილებლად მოგვცემდა „იესოს ლოცვას“, ხშირად გვესაუბრებოდა ამ ლოცვის დიდ მადლზე.

არასდროს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი, ამ ათიოდე წლის წინ, როცა ორ წელიწადში ხუთი ახლობელი ადამიანი დამეღუპა. ეს უმძიმესი წლები თავიანთი ლოცვებით მამა ფილიპემ და მამა მათემ გადამატანინეს. წარმოიდგინეთ, მოძღვარი პარაკლისს უკითხავდეს ადამიანს და მან თვითონ ეს არ იცოდეს. როცა ამის შესახებ ჩემმა ახლობელმა ნათესავმა თემურ ფცქიალაძემ მითხრა, მაშინ მივხვდი, თუ რამ გადამატანინა ის დიდი უბედურება.

თოთხმეტი წლის წინ, როცა მამა ფილიპე ხარაგაულის ეკლესიის წინამძღვარი გახდა, ეს ამბავი ძალიან გაეხარდა დეკანოზ მამა ზაქარია ფერაძეს, ჩვენი ეკლესიის პირველ მოძღვარს. მან გვითხრა, ფილიპესთან ისე გტოვებთ, თითქოს მე ვრჩებოდე თქვენთანო. შემდეგ დასძინა: -იცით, ფილიპე როგორი მოძღვარია? მესამე შვილს როცა ელოდებოდა, ერთი მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებთან დაიჩოქა, ილოცა და ღმერთს შეევედრა: „ღმერთო მაჩუქე მესამე ვაჟი, გიორგობას დაიბადოს და გიორგის დავარქმევო“. მართლაც 23 ნოემბერს დაიბადა მისი გიორგი.

ბევრი რამ შეიძლება გავიხსენოთ მამა ფილიპეს მსახურებიდან: მაგალითად ის, თუ როგორ ატარებდა იგი შვიდგზის ზეთისცხებას, – მარტო ერთი მოძღვარი, შვიდის ნაცვლად. შვიდი ფუნჯით ხელში, მთელი დღე ფეხზე იდგა, მოდიოდა უზღვავი ხალხი. ყველას ემსახურებოდა, ლოცავდა, უღიმოდა.

თავის მსახურებას ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის დირექტორობას უთავსებდა. გიმნაზიისთვის წირვა-ლოცვის დაყენება, ბავშვების სულიერებაზე ზრუნვა ევალებოდა. როცა გიმნაზიაში შემოვიდოდა, ყველა ბავშვი მისკენ გარბოდა, ყველას ლოცავდა და ეფერებოდა. წირვის დროს ხშირად ასობით ბავშვს აზიარებდა. ბავშვებს ეკლესიაში მშობლები, ბებია-ბაბუები და სხვა ნათესავები მოჰყვებოდნენ. ისინიც ეზიარებოდნენ.

ამ წერილის წერისას გვერდით მიდევს მამა ფილიპეს ნაჩუქარი საეკლესიო სამედიცინო კალენდარი. მას ამშვენებს 2003 წლით დათარიღებული წარწერა, მამა ფილიპეს ხელით დაწერილი: „უფალო გარდმომივლინე ძალი მაღლით შენით და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას (ფს.)“ მართლაც, დიდი სიძლიერე და მადლი სჭირდება მოძღვარს მსახურებისას. მამა ფილიპეს მსახურებამ ხარაგაულში გაზარდა მრევლი. მის დროს გაფართოვდა ხარაგაულის სამლოცველო, დაიწყო ტაძრის მშენებლობა. უფლისადმი დიდი სიყვარული იგრძნობოდა მამა ფილიპეს მსახურებაში. ასე იქნება ეს ჩვენგან შორს, აჭარაშიც, სადაც მან თავისი მოღვაწეობა გააგრძელა.

ჩვენ კი დიდი მადლობას ვუძღვნით უფალს იმისთვის, რომ მამა ფილიპე გვყავდა მოძღვრად, რომლის ხარაგაულიდან წასვლა გადაგვატანინა ჩვენთვის ყველასათვის ძვირფასი მღვდელმონაზვნის, მამა მათე ბუაჩიძის დანიშვნამ. ხარაგაულელთა სახელით ვუსურვებ ორივე მოძღვარს დიდ სიკეთეს, წელთა სიმრავლეს, ღვთის დიდ წყალობას თავიანთ ურთულეს მსახურებაში.

ზეინაბ ბუაჩიძე

ფოტოზე: მამა ფილიპე ნათლულ ვაჩესთან ერთად