თორნიკე ებანოიძე ერთ-ერთი წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდაა. ის ამჟამად პოლონურ-ამერიკული „Lane Kirkland Scholarship Program“-ის სტიპენდიანტია. სწავლობს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში იაგელონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. თორნიკე მუშაობს ნაშრომზე, რომელიც ეხება საკუთრების უფლების დაცვას საქართველოსა და პოლონეთში, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
თორნიკე გვიამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ, რა ეტაპები გაიარა, რა როლი უჭირავს მის ცხოვრებაში ხარაგაულში მიღებულ განათლებას, რას უსურვებს თანატოლებს, როგორია მისი სტუდენტური ცხოვრება პოლონეთში.
-ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე ხარაგაულის #3 საშუალო სკოლაში, – გვიამბობს თორნიკე ებანოიძე, -12 წლისამ გავიარე კონკურსი ჯანსუღ კახიძის ვაჟთა კაპელაში და რადგან ხარაგაულიდან ვერ შევძელი რეპეტიციებზე სიარული, მეშვიდე კლასიდან საცხოვრებლად გადავედი თბილისში. დავამთავრე თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 2006 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2010 წელს მივიღე ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2012 წელს – სამართლის მაგისტრის ხარისხი. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად გავდიოდი სტაჟირებას საადვოკატო ფირმაში, შემდგომ – თბილისის საქალაქო სასამართლოში. სტაჟირების დამთავრებამდე დავინიშნე სისხლის სამართლის კანცელარიაში სპეციალისტის თანამდებობაზე. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იქ მიღებულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. შემდგომ მივიღე შემოთავაზება იურიდიული კომპანიისგან და მუშაობა გავაგრძელე იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე. ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ჩავაბარე მაგისტრატურაში. სამსახურში არსებული დატვირთული გრაფიკის გამო, „იძულებული გავხდი“ ისეთი სამსახური მომეძებნა, რომელსაც შევუთავსებდი სწავლას. 2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ სს „თიბისი ბანკი“-ს თანამშრომლად, ხელშეკრულებებზე იურისტად. 2010 წელს ჩავაბარე ადვოკატურის გამოცდები საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით და ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
საზღვარგარეთ სწავლების პროგრამის შესახებ გავიგე განათლების სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. პროგრამაში მოსახვედრად აუცილებელია პროფესიული და სამუშაო გამოცდილება, მაგისტრის ხარისხი, გამოცდებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა, რაც შევძელი და გადავლახე.
ამჟამად ჩემი მთავარი მიზანია პროფესიული განვითარება. მინდა მივაღწიო მაქსიმალურს, ჩამოვყალიბდე პროფესიონალად. ამ ყველაფრისთვის საჭიროა, განათლება შეუქცევად პროცესად აქციო. საჭიროდ ჩავთვალე სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. მსურდა, მომეხდინა შედარებით-სამართლებრივი ანალიზი საქართველო-პოლონეთის კანონმდებლობას შორის. დღესდღეობით, ქართველი სტუდენტისთვის რთული არ არის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, მაგრამ მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ფინანსებს უკავშირდება. საბედნიეროდ, მოვიპოვე დაფინანსება, – ეს ეხება სწავლას, ცხოვრებას, მგზავრობას. მაქვს ასევე სტიპენდია და შემიძლია ოჯახის დახმარების გარეშე თავი გავიტანო.
ვსწავლობ ინგლისურ ენაზე. ვეუფლები პოლონურ ენას. იაგელონის უნივერსიტეტში სწავლის გარდა, გავდივარ სალექციო კურსს ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის კოლეჯში. აქაც პოლონურ-ამერიკული „Lane Kirkland Scholarship Program“ მაფინანსებს.
გავიარე პრაქტიკა კრაკოვის ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც ჩემი მთავარი მიზანი იყო შედარებით-სამართლებრივი ანალიზის წარმოება ქართულ-პოლონურ სასამართლო სისტემებს შორის. მივაღწიე შეთანხმებას, რომ მიმდინარე წლის ივნისში გავივლი პრაქტიკას საკონსტიტუციო ტრიბუნალში ვარშავაში, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
მაქსიმალურად ვცდილობ ჩავერთო არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაში. მეორეს მხრივ, ვცდილობ სეიმში, პოლონეთის პარლამენტში, გავიარო პრაქტიკა.
რაც შეეხება ჩემს პოლონურ ცხოვრებას, ვცხოვრობ სტუდენტურად, – მაქსიმალურად დატვირთული. ახალ გარემოსთან შეგუება ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან ჯერ კიდევ პატარა ასაკში მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას. ერთადერთი, როდესაც ოჯახიდან ასე შორს ხარ, შენი ფიქრი მაინც ახლობლების გარშემო ტრიალებს – თუ ისინი კარგად არიან, შენც კარგად გრძნობ თავს.
პოლონეთი საქართველოსთვის ყველაზე ძლიერი მეგობარია ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის. თუ გადავხედავთ პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ნათელია, თუ რა შრომის ფასად მიაღწია ქვეყანამ ჯერ ნატოს წევრობას 1999 წელს, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის წევრობას. ჩემი აზრით, პოლონეთი დაახლოებით ორი ათეული წლით არის ჩვენზე წინ. მაგალითად, ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში დღეს ხორციელდება, თუნდაც თვითმმართველობის რეფორმა, ეს ეტაპი პოლონეთმა 90-იან წლებში გაიარა. ყველაზე მეტად განსხვავება ვიგრძენი მაშინ, როდესაც ვეწვიე პოლონურ სოფლებს. თუ ქვეყნის სიძლიერე გაინტერესებს, პირველ რიგში სოფელი უნდა ნახო. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. სოფლის და ქალაქის განვითარება ურთერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ვერ მოხერხდა.
სამომავლოდ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მინდა საქართველოს, კერძოდ საჯარო სექტორს დავუკავშირო. ეს არის სფერო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიზიდავს დატვირთული, დაძაბული სამუშაო გრაფიკი. შესაბამისად, ჩემს მიერ მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ცხოვრების ყოველ ეტაპზე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, პირველ რიგში, ჩემი მშობლებისგან. მინდა, რომ მათ, და ჩემმა დიდმა ოჯახმა (ვგულისხმობ მამაჩემის და დედაჩემის დედმამიშვილების ოჯახებს), ჩემი განვლილი ცხოვრებით იამაყონ. როგორც ოჯახში მასწავლეს, ჯერ უპირველესი ადამიანობა, სითბო, სიკეთე და ურთიერთთანადგომაა, შემდგომ კი – პროფესიული წარმატებები.
nჩემთვის ძალზედ რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ხარაგაული. პირველ რიგში, ჩემთვის ხარაგაული იწყება სოფელ სერბაისიდან, ჩემი მამა-პაპისეული სახლიდან. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩემი პირველი მახსოვრობა უკავშირდება ჩემს გამზრდელ ბებოს, ნათელა კურტანიძეს. ჩემთვის ხარაგაულელებთან ურთიერთობა იწყება ჩემს მეზობლებთან – ავალიშვილებთან, არევაძეებთან ურთიერთობით. მეორეს მხრივ, ხარაგაული ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ვალდებულების გრძნობა. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინო, რადგან ხარაგაულელები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახალგაზრდების სიკეთე უხარიათ და ცუდი არ სიამოვნებთ. ხარაგაული ჩემთვის არის ჩემი ბავშვობის მეგობრები, ის ადამიანები, რომელთა მხარდაჭერას დღემდე ისე ვგრძნობ, როგორც საწყის ეტაპზე.
თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებს, ჩემი ვენერა მასწავლებლიდან დაწყებული, ბატონი ანზორ არევაძით დამთავრებული. სწორედ ამ სკოლაში დავეუფლე საბაზისო უნარ-ჩვევებს. მადლობა ჩემს ხათუნა მასწავლებელს, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩემთვის ფორტეპიანოზე დაკვრა შეეყვარებინა; ბატონ ანზორ მაღრაძეს. ჩემგან მოჭიდავე არ გამოვიდა (ოჯახური ტრადიცია ვერ გავაგრძელე ამ მხრივ), მაგრამ წვრთნის პერიოდი ძალზე ტკბილად მახსენდება. მინდა მოვიგონო ბატონი თამაზ კიკნაძე, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა შემაყვარა, ბატონი ლერი ბუხნიკაშვილი, რომელიც ცეკვას მასწავლდა და დედაჩემს ამაოდ ურჩევდა ჩემს მოცეკვავედ გამოზრდას.
n რაც შეეხება ახალგაზრდებს, ცხოვრება სწრაფად ვითარდება და თვითრეალიზაციის მეტი საშუალება ჩნდება. ხარაგაულში სულ უფრო უკეთესი და უკეთესი თაობა მოდის. ოროდე წლის წინ მე მქონდა მათთან ურთიერთობა და ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. მინდა მოვიკითხო და თითოეულს წარმატება ვუსურვო. ასე თუ ისე, უფროს თაობას თუ ვინმე გვაჯობებს, ისევ დღევანდელი მოსწავლეების თაობაიქნება! ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ მე შემიძლია მათ რაიმე ვურჩიო, მაგრამ ჩემის მხრივ, შემიძლია ვისაუბრო იმ რჩევებზე, რასაც ჩემს თავს ვურჩევდი და რითაც ვხელმძღვანელობ. ჩემთვის პირველ ადგილზე მოტივაცია დგას. „რასაც მოინდომებ, იმას მიაღწევ“, – ეს ჩემთვის ბანალური ფრაზა ნამდვილად არ არის. ჩემი რჩევაა, შევაფასოთ რეალობა, განვსაზღვროთ, რა გვინდა და შემდგომ ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. სულ მახსენდება ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სიტყვები, რომელიც მან ახალგაზრდებს შეხვედრაზე გვითხრა: „არასოდეს შეეგუოთ გაჭირვებას, რადგან მიჩვევა იცის“. არა მხოლოდ უნდა ვიფიქროთ უკეთესზე, არამედ საქმე ვაკეთოთ უკეთესის მოსაპოვებლად. ასევე მნიშვნელოვანია, პროფესიული არჩევანი. უნივერსიტეტის ჩაბარების დღიდან არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემთვის შეუსაბამო პროფესია ავირჩიე (თუმცა ბავშვობაში, ზურიკელასი არ იყოს, მეც „არტისტობაზე“ ვოცნებობდი). მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი საქმე. მთავარია, შენს პროფესიაში იყო წარმატებული. კარიერული წინსვლის სხვადასხვა ეტაპზე ყველა აკვირდება შენს განათლებას. პირველ რიგში იმას, თუ რას აკეთებ შენი განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ მუშაობა ადამიანს სტაბილურობას და განვითარებას უკარგავს. როდესაც მუშაობ და ყველა ხედავს, თუ როგორ შრომობ, როგორც სწავლობ, როგორ ზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, ეს უკვე დიდ უპირატესობას გაძლევს. არ მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის აუცილებელია უცხოეთში მიღებული განათლება. მთავარია მონდომება და ბევრი შრომა.
ხარაგაული ყოველთვის გამოირჩეოდა ინტელექტით, წარმატებული ადამიანებით, ურთიერთობებით და მინდა გისურვოთ, რომ ის მემკვიდრეობა, რაც უფროსმა თაობებმა დაგვიტოვეს, არა მარტო გაგვეგრძელებინოს, არამედ მეტი გაგვეკეთებინოს.
თუ ვინმეს წარმატება გამიხარდება, უპირველესად თქვენი წარმატება იქნება.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“