DSCN3861იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მოადგილეებთან ალეკო იოსებაშვილთან და ხვიჩა უშხვანთან ერთად 16 იანვარს ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დარბაზში გაიმართა. მას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულები და გამგეობის სამსახურების უფროსები.

შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სამსახურის უფროსს და სოფლის რწმუნებულებს გუბერნატორისგან შემოთავაზებული ფორმატით ეძლევა მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო საკითხების განხილვის შესაძლებლობა.

იმერეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ხარაგაული არის ნათელი წერტილი, რომელშიც ვერ ხედავს  შინაარსობრივ პრობლემას, რომელიც ძირფესვიან ცვლილებას ითხოვს: „პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. მათ ერთად გავივლით და მოვიფიქრებთ, რა გავაკეთოთ. ხარაგაულში საქმისა და შედეგისთვის ყველა ინტერესი თანხვედრილია.“

ზაზა მეფარიშვილის თქმით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართავს შეხვედრას. მანამდე კი ადგილებზე ეცნობა პრობლემებს. გუბერნატორმა სთხოვა სამსახურის ხელმძღვანელებს, ღიად ესაუბრათ აქტუალურ საკითხებსა და შედეგებზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებისა და პრიორიტეტების, 2013 და 2014 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, 2013-2014 წლების გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, შარშან განხორციელებული და წელს დაგეგმილი სოციალურ-კულტურული ღონისძიებების შესახებ, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი  4 089 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 400 ათასი ლარი იყო მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავალი, დანარჩენი – ტრანსფერი. მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების წყაროა ჯარიმები, სანქციები, ქონებისა და მიწის გადასახადები.

n გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი დაინტერესდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიებით. გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 207 559 ლარი. 2013 წლის პრემიების ფონდმა შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, როდესაც მომუშავეთა რიცხვი, შტატით და შტატგარეშე, ორჯერ აღემატება 2012 წელს მომუშავეთა რაოდენობას. ამ საკითხზე ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ „2014 წელი იქნება ბოლო, გარდამავალი პერიოდი, როდესაც პრემია გაიცემა ძველი ფორმითა და მეთოდით. პრემია არ არის სავალდებულო სახელფასო დანამატი და ის არის თანამშრომლის წახალისების საშუალება ხელმძღვანელისთვის. თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ პრემია არის დამსახურება იმისა, რომ უფრო მეტად და ხარისხიანად შეასრულა სამუშაო, ვიდრე ევალებოდა. 2015 წელს თითოეულმა ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს თანამშრომელზე პრემიის გაცემის საჭიროება.“

nგუბერნატორი დაინტერესდა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯის წილით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯი სახელფასო კუთხით არის მთლიანი ბიუჯეტის 34%. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კი დააზუსტა, რომ ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯი, ა(ა)იპ-ებისა და სამაშველო სამსახურის ჩათვლით, დაახლოებით 63%-ია. გუბერნატორის თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია. თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ხარჯის მაქსიმალური ზღვარი 25% იქნება.

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმმართველი კოდექსის ახალი ნორმით თვითმმართველობაში საშტატო განრიგი განისაზღვრება 30 მოხელეს პლუს ერთი შტატი ყოველ 500 ამომრჩეველზე. გარდა ამისა, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10% დასაქმდება ხელშეკრულებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 120 დღის ვადაში საკრებულო მოახდენს შტატების ოპტიმიზაციას. 2014 წლის პირველ ნოემბრისთვის ყველა საჯარო მოხელე უნდა იყოს კონკურსით შერჩეული და დანიშნული.

ზაზა მეფარიშვილის თქმით, საბიუჯეტო თანხა უნდა მოხმარდეს მოსახლეობას და ნაკლები დაიხარჯოს ადმინისტრაციულ ხარჯებზე. გუბერნატორის ინფორმაციით, აპრილიდან სახანძრო-სამაშველო და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები გადავლენ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მას არაერთხელ უსაუბრია საჯარო მოხელეებთან კონკურსის ჩატარების აუცილებლობასა და ამ გზით შტატების ოპტიმიზაციაზე; კონკურსით შესარჩევად კი საჯარო მოხელეები უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანები.

n გუბერნატორი დაინტერესდა სარეზერვო ფონდიდან გაცემული ხარჯებით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფონდიდან თანხა, ძირითადად, სოციალურ პროგრამებზე გაიცა. გუბერნატორის თქმით, თუ სარეზერვო ფონდიდან გაიცა თანხა გარკვეული მიმართულებით, შემდეგი წლის ბიუჯეტში იმ მიმართულებით თანხა უნდა გაიზარდოს.

nამის შემდეგ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროს დავით დევდარიანის თქმით, 2013 წელს განსახორციელებელი 15 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ ორი დასრულდა, დანარჩენი 13 პროექტის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაბა ხარაგაულში კინოთეატრის რეაბილიტაციის პროექტი იმიტომ გაჭიანურდა, რომ თავდაპირველი პროექტი მთლიანად შეიცვალა და ახალი პროექტის განხორციელებას თანხის დამატება დასჭირდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პირასაა. მხოლოდ ისეთი სამუშაოებია დარჩენილი, რაც კარგ მეტეოროლოგიურ პირობებს მოითხოვს.

გუბერნატორის მოადგილე ალეკო იოსებაშვილის თქმით, ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზა ძალიან დაზიანებულია და ასფალტიც გარკვეულ უბნებზე დაბალი ხარისხისაა. ამას თან ერთვის ის, რომ ამ გზაზე არ არის მოწყობილი წყლის სანიაღვრეები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ საჭიროა ლიცენზირებულმა ექსპერტიზის ორგანომ გააკეთოს დადებითი დასკვნა ამა თუ იმ პროექტის შესახებ.

ზაზა მეფარიშვილი აგრეთვე დაინტერესდა 2014 წლის პირველ ნახევარში განსახორციელებელი პროექტებით; მათ შორის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებით. დავით დევდარიანის თქმით, აქ მთავარი პრიორიტეტი არის შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა. გუბერნატორის თქმით,  „წელსაც იხრეშება იგივე გზები, რაც წინა წლებში. პროექტებისთვის გამოყოფილი 700 ათასი ლარიდან მხოლოდ გზების მოხრეშვაზე იხარჯება გამოყოფილი თანხის ნახევარი. შარშან მოხრეშეთ, გაისად ისევ გექნებათ იგივე ხარჯი და ყოველ წელიწადს 350 ათასი ლარი გაატანეთ მდინარე ჩხერიმელას. ყოველ წელს აკეთებთ ერთი და იგივეს, შედეგი კი არ არის. თქვენ კომპეტენტური ადამიანები იმიტომ ხართ, რომ განსაზღვროთ თანხის ხარჯვის პრიორიტეტულობა. საფუძვლიანად უნდა გაკეთდეს მცირე მინაკვეთი, მეორე წელსაც ისევ მცირე და ამით სამ წელიწადში მიიღებთ სრულად გაკეთებულ ნორმალურ გზას.

nხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ აგრძელებენ დიდ კულტურულ ტრადიციებს: „1987 წლიდან ხარაგაულში არ არსებობს თეატრის შენობა. ჯერ შეხიზნული ვიყავით კინოს შენობაში. წელს ახალგარემონტებულ თეატრში, ალბათ, აპრილისთვის მაინც შევძლებთ გადასვლას. ვფიქრობთ, ჩატარდეს „ხარაგაულობა.“ გვინდა აღვნიშნოთ ხარაგაულის სახალხო თეატრის საუკუნოვანი იუბილე. სასურველია გარემონტდეს ღია ესტრადა, რაც ნაწილობრივ მოხსნის დარბაზის პრობლემას. კინო-საპროექციო აპარატს კულტურის სამინისტრო დაგვპირდა.“

გუბერნატორი დაინტერესდა საკრებულოს მიერ დაფუძნებული კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ა(ა)იპ-ების რაოდენობით. ირინე ჩხეიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ათი ასეთი ა(ა)იპ-ია. გუბერნატორი ასევე დაინტერესდა ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის – „კულტურის ცენტრის“ ბიუჯეტით და მისი ადმინისტაციული ხარჯით. ზაზა მეფარიშვილის თქმით, ა(ა)იპ-ში ადმინისტრაციული დანახარჯი უნდა იყოს სავალდებულოდ აუცილებელი და ბიუჯეტი – ღონისძიებებზე ორიენტირებული. არ შეიძლება ბიუჯეტის თანხა იხარჯებოდეს მხოლოდ ხელფასებზე და ორგანიზაცია პროდუქტს არ ქმნიდეს.

n გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სამასალე ხე-ტყის მოპოვების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებზე ისაუბრა. სატყეოში მხოლოდ გუბერნატორის შუამდგომლობა არ იქნება საკმარისი. დებულების მიხედვით, ყველა განცხადება ადგილზე უნდა შეამოწმოს სპეციალურმა კომისიამ.

n სოფლის მეურნეობის საკითხების განხილვისას მთავარ პრობლემად დასახელდა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკის სიმცირე. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ „გასულ წელს მუნიციპალიტეტს ჰქონდა ხუთი ტრაქტორი. დაზიანების შემთხვევაში ზესტაფონში უნდა შეგვეკეთებინა. გუთნები ძალიან ხშირად ფუჭდებოდა. წელს დაემატა ოთხი ტრაქტორი. დამატებით თუ კიდევ შემოვა რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ძალიან კარგი იქნება. ვინაიდან აღარ გვაქვს დაფარცხვის ვალდებულება, უფრო მალე მოვრჩებით საგაზაფხულო სამუშაოებს.

n შეხვედრის დასასრულს გამგებელმა აღნიშნა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. შპს „ადითიდან“ საავადმყოფოს სახელმწიფოსთვის გადმოცემით იქ მომსახურე პერსონალისა და პაციენტებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა. საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში. ყურადღებას საჭიროებს სასწრაფო დახმარების სამსახური.

გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ 31 იანვარს ქუთაისში გამგებლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე არსებულ საკითხებს დეტალურად განიხილავენ.

თამთა გოგოლაძე