ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში დღეს, 15 თებერვალს, ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ექსპერტებმა მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაგვაცვნეს.
ასოცირების ხელშეკრულება სხვადასხვა სფეროებში სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.
მომხსენებლებმა ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრეს – რა მიღწევები და რა გამოწვევებია შრომითი უსაფრთხოების, ბავშვთა უფლებების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
ყველა სახის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.“ ორგანიზაციის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი ამბობს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებას მთავრობის ეკონომიკური გუნდი აფერხებს.
„იმ რეგულაციებით, რაც კანონპროექტში წერია, შრომის ინსპექტირება სამშენებლო ობიექტებზე არ გავრცელდება, – ამბობს ლელა გვიშიანი, – დარღვევის შემთხვევაში სანქცია თითოეულ შემთხვევაზე 50 ლარს არ აღემატება.“
„კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, – ამბობს ა/ო „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი, – აუცილებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. ამ კუთხით თვითმმართველობამ სერვისების (მაგ. დღის ცენტრების ფუნქციონირება) ყველასთვის ხელმისაწვდომობას ხელი უნდა შეუწყოს.“
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებას ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დადებითად აფასებს. ამ ცვლილებით გაუმჯობესდა მამხილებელთა დაცვისა და ყოფილ თანამდებობის პირთა დასაქმების რეგულაციები, ჩამოყალიბდა საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კონტროლის სისტემა.
ხელისუფლებისგან ბუნებრივი რესურსების მართვის პროცესში გამჭვირვალობის გაზრდას ითხოვს ა/ო „მწვანე ალტერნატივა.“
ზემოთ ჩამოთვლილი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უახლოეს მომავალში უნდა შესრულდეს. ამიტომ არასამთავრობო სექტორისა და მედიის თანამშრომლობას ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დაჩქარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი