ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის მოთხოვნით, „ხარაგაულდასუფთავების“ აუდიტორული შემოწმების ანგარიში განიხილა.
მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა „ხარაგაულდასუფთავების“ 2016 წლის დოკუმენტაცია შეისწავლა. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ
– არასაკმარისადაა დასაბუთებული 33 063 ლარი ღირებულების საწვავის ხარჯვა და ტექნიკის მიერ გავლილი კილომეტრაჟი შესაბამისი მრიცხველით აღრიცხული არ არის;
-ოფისისთვის შეძენილი საწმენდი საშუალებების განკარგვა კონკრეტულ პირზე არ არის დავალებული;
-ვერ დგინდება ავტოსადგომის, დარაჯისა და მექანიკოსებისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობის ხარჯები. მშენებლობა 2015 წლიდან დღემდე გრძელდება;
– ხშირ შემთხვევაში საშტატო განრიგში სახელფასო ცვლილებები და ხელფასების ზრდის შესახებ ბრძანებები ერთმანეთს დროში არ ემთხვევა;
-შესყიდვების დოკუმენტაცია ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაგვიანებით, ან საერთოდ არაა ატვირთული.
„რადგან არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, ვეჭვობ, რომ თქვენ ბენზინს იპარავთ, – „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორს მიმართავს დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი, – დარაჯების შენობისთვის სამშენებლო მასალები, ჩემი ვარაუდით, ყოფილი საავადმყოფოს დამხმარე ნაგებობიდან წამოიღეთ.“
„ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორი თემურ ფურცელაძე ამბობს, რომ 5 ავტომანქანას, მათ შორის 4 სპეცტექნიკას, ე. წ. ჩიპები აქვს დამონტაჟებული და საწვავის ხარჯვა ელექტრონულად კონტროლდება. ის არ ეთანხმება მანქანის ხარჯის ჩამოწერას ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, რადგან ნაგავშემგროვებელი ავტომანქანის მიერ საწვავის ხარჯვა დამოკიდებულია სპეცტექნიკის დატვირთვაზე, ბუნკერების ზომასა და წონაზე. საწვავი იხარჯება გაჩერებულ მდგომარეობაშიც, ბუნკერების გაცლისას.
რაც შეეხება ახლადაგებულ შენობას, თემურ ფურცელაძე განმარტავს, რომ მასალები მეორადია და აუქციონზე შეიძინეს. შენობა ორგანიზაციის თანამშრომლებმა ააგეს, რადგან მშენებლების დაქირავების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
შესყიდვების დოკუმენტაციის გაუმართაობაზე „ხარაგაულდასუფთავების“ იურისტი ზვიად ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ „შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დოკუმენტაციის ატვირთვას სააგენტო აკონტროლებს. უმჯობესია, ყველა დოკუმენტი დროულად აიტვირთოს. თუმცა, თუ ასე არაა, სამართალდარღვევად არ ითვლება.“
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, „ხარაგაულდასუფთავების“ ხელმძღვანელს შეცდომების გამოსწორების სურვილი არ აქვს. „აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თქვენი საქმიანობა ფინანსური რისკის შემცველია, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – არ მაქვს იმედი, რომ 2017 წელს რაიმე გამოასწორეთ ან წელს გექნებათ უკეთესი მდგომარეობა.“
საკრებულოს საფინანსო-საბუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ხარაგაულდასუფთავების“ აუდიტორულ შემოწმებაში 2015 წელსაც ანალოგიური პრობლემები იკვეთებოდა. „ეს სამსახური დღე და ღამე მუშაობს და საწვავი სჭირდება, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – საწვავის ხარჯვისას არ არის გათვალისწინებული ფინანსთა მინისტრის ბრძანება. რთული არაა ავტომანქანის მიერ გავლილი მანძილის დათვლა და საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა.
დიდი დარღვევაა, რომ საშტატო განრიგში სახელფასო ცვლილებები და ბრძანებები ერთმანეთს არ ემთხვევა. რა გახდა შესყიდვების დოკუმენტაციის სრულყოფილად ატვირთვა. ამ საკითხზე მსჯელობის მიზანია, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური „ხარაგაულდასუფთავებას“ კვლავ შეამოწმებს. აპრილში გაირკვევა, რამდენად გაითვალისწინა ორგანიზაციამ აუდიტის რეკომენდაციები.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი