guram gogiaსოფელ ბაზალეთში მცხოვრები გურამ გოგია საკუთარ მეურნებაში ყოველწლიურად სიახლეებს ნერგავს. ტრადიციულად, სიმინდისა და ლობიოს მოყვანასთან ერთად, მის ბაღ-ბოსტანსა თუ ყანაში, ხშირად უცხო ჯიშის კულტურასაც ნახავთ.

2000 წლიდან გადაწყვიტა, მეფუტკრეობისთვის მოეკიდა ხელი. „სოფლის მეურნეობის ეს დარგი ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა, – გვიამბობს გურამ გოგია, – ხემაღალში მცხოვრებმა ოთარ კვინიკაძემ უფრო მეტად გამიღვივა ინტერესი. პირველად ალიოშა კაპანაძისგან წამოვიყვანე ორი ძირი ფუტკარი. სამ წელიწადში რვა ძირამდე ავედი. მერე ხარაგაულში ცნობილი მეფუტკრე ლაშა გურგენიძე გახდა ჩემი სიძე და საფუტკრე მეურნეობა უფრო მეტად განვავითარე. ამჟამად 30 ძირზე მეტი მყავს.

გურამ ბიძია იხსენებს, რომ პირველ წლებში ფუტკრის მოვლა გაუჭირდა. ამიტომ მის ოჯახში კონსულტაციისთვის თითქმის ყველა ხარაგაულელი მეფუტკრეა ნამყოფი – ალიოშა კაპანაძე, ბადრი არევაძე, ჯუმბერ დიდიძე. ანზორ მაღრაძესთან და ელგუჯა სებისკვერაძესთან თავად დადიოდა რჩევების მისაღებად.

„თუ სადმე მოვკრავდი ყურს და ვინმე მეფუტკრეობაზე საუბრობდა, მაშინვე ჩავერთვებოდი, – იხსენებს გურამ გოგია, – ქუთაისში შემთხვევით მითხრა ერთმა კაცმა, რომ ფუტკრის სიროფისთვის ერთჯერადი პარკების გამოყენება უმჯობესიაო. პირველად ხარაგაულში მე მოვიტანე ეგ ამბავი. მანამდე ვწვალობდით და სიროფს ნაჭრისგან სპეციალურად შეკერილ ჩანთებში ვათავსებდით.

…ფუტკარი რომ მოვიყვანე, იმ წელს 15 ძირი აკაცია დავრგე. იმის მერე მუდამ ვცდილობდი, ყოველ წელს ამდენივე ძირი მაინც დამერგო. წელს დავთვალე და ასი ძირი აკაცია გამიხარებია. ძალიან მინდა, წაბლიც გავაშენო, მაგრამ ნერგი ვერ ვიშოვე.“

შარშან, გურამ გოგიამ 2 000 მ2 ფართობზე მეგრული ჯიშის თხილი გააშენა. მისი თქმით, თხილი საკმაოდ შემოსავლიანია და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

ბაზალეთში ციცქა-ცოლიკაურის მოყვანისთვის საუკეთესო პირობებია. გურამ გოგიამ კი ეზოში ალადასტურიც გააშენა. ბოლო ორი წელია, კარგ მოსავალს იღებს. შარშან 130 კილოგრამი ყურძენი დაკრიფა 100 მ2 ფართზე გაშენებულ ვაზზე. „ვაზის ეს ჯიში ბაზალეთში ჩვენმა ნათესავმა – თამაზი ლომსაძის დედამ, ელენე ბიცოლამ გააშენა. მან ჩრდილოეთით დარგო და ვერ იხარა. მეც მომცა ოთხი ძირი. ალადასტურს უნდა განსაკუთრებული მოვლა – წამლობა ზუსტად ვადების დაცვით. ვაზის სხვა ჯიშმა შეიძლება გაუძლოს წამლობის ვადის დარღვევას, მაგრამ ალადასტური „არ გაპატიებს.“

გასულ წელს გურამ გოგიამ სოიას მოყვანა გადაწყვიტა. „აგვისტო-ოქტომბერში მწვანე სოიოთი ვკვებავდი  პირუტყვს. რაც დამრჩა, მეყოფა ზამთარში საქონლის გამოსაკვებად. სადაც თხილი გავაშენე, წელს იმ ადგილებს მოტობლოკით დავხნავ და სოიას დავთესავ,“ – ამბობს გურამ ბიძია.

გურამ გოგიას ოჯახში ცალკე ბიბლიოთეკა აქვს, სადაც წიგნებისა და ჟურნალების უმრავლესობა სოფლის მეურნეობის საკითხებს ეძღვნება – ჟურნალი „ჩემი მამული“, „ბიოინტენსიური მეურნეობა“ და სხვ. ამავე დროს, როგორც თავად ამბობს, რჩევებს მუდმივად იღებს კარგი მეურნეებისგან.

„უფრო მეტად მაინც საკუთარი გამოცდილება გაძლევს ყველაზე დიდ ცოდნას, – ამბობს გურამ გოგია, – ჩემი დაკვირვებით, ჩვენი სოფლის ნიადაგს უხვი მოსავლის მოსაყვანად ძალიან უხდება ნაკელი. ოჯახში ყოველ წელს დიდი რაოდენობით მოგვყავს პომიდორი. წლების მანძილზე სამყოფი კარტოფილიც მოგვყავდა. მიწა აღარ მაქვს თავისუფალი, თორემ კარტოფილსაც მოვიყვან. მთავარია, დაიცვა აგროვადები და შედეგსაც მიიღებ. ნიადაგის მონაცვლეობა კარგია, მაგრამ ბაზალეთში სად გვაქვს დასასვენებელი მიწები?!“

გურამ გოგიას ოჯახში თესლს არ ყიდულობენ. „ორმოცი წელია, რაც ამ ოჯახში ვარ, სულ საკუთარი თესლით მომყავს ყველაფერი. ვამუშავებ თესლს, შემდეგ ჩითილები გამომყავს. აბა, სოფელში მცხოვრები ადამიანი ბაზარში როგორ ვიყიდი ნერგს,“ – ამბობს გურამ გოგიას მეუღლე ლია ასლანიკაშვილი, რომელიც ოჯახში ძირითადად მებაღეობითა და მებოსტნეობითაა დაკავებული.

საკუთარ მეურნეობაში იმდენი ძირი კარალიოკი აქვს, რომ 150 კგ ჩირი ჩააბარა სხვადასხვა ბაზრებს საახალწლოდ. კარალიოკის დანარჩენი მოსავლით სამი ჭური გაავსო და 150 ლიტრ არაყს გამოხდის. „შეიძლება ხარაგაულში სოფლის მეურნეობის მიმდევარი კაცი ვერ გამდიდრდე, მაგრამ ოჯახის სამყოფი ყველაფერი მომყავს. კარგი ცხოვრებისთვის ბევრი გარჯაა საჭირო. ბავშვობიდანვე დაკავშირებული ვიყავი სოფლის მეურნეობასთან. შრომის შედეგს რომ ხედავ, სიამოვნებას განიჭებს და გახარებს,“ – ამბობს გურამ ბიძია.

გურამ გოგიამ კარგად იცის მყნობა. „14-15 წლის ვიყავი, ჩემმა ნათესავმა გოგია ლომსაძემ რომ დაამყნო კარალიოკი. მაშინვე გამოვიქეცი და რაც ვნახე, გავიმეორე. გაიხარა კარალიოკის ნამყენმა და ის ხე ახლაც ხარობს ჩემს ეზოში.

…სენაკის ტექნიკუმში ვსწავლობდი. ლექტორმა სტუდენტებს გვკითხა, ვინ იცის თქვენს შორის მყნობაო. მხოლოდ მე ვიცოდი. წამიყვანა ტექნიკუმის საცდელ მეურნეობაში, სადაც ვაშლის მწარე ნერგები იყო გაშენებული და დამამყნობინა. მომიწონა პირველივე ნახელავი. იმ ზაფხულს ყველა სტუდენტი წაიყვანეს ჩაის საკრეფად. მხოლოდ მე დამტოვეს მყნობელად. დაახლოებით ათასი ძირი ვაშლი დავამყენი. ტექნიკუმს რომ ვამთავრებდით, სოფლის მეურნეობის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. საჩვენებლად გამოეტანათ ჩემი ნამყენი ვაშლის ხე, – ორი მეტრი სიმაღლის გაზრდილიყო ორ წელიწადში.“

სტუდენტობის შემდეგ გურამ გოგია ჯერ ბაზალეთის კოლმეურნეობაში, შემდეგ სოფლის მეურნეობის სამმართველოში მუშაობდა. მისი ძირითადი პროფესია ბუღალტრობაა. შემდეგ წლებში სამშენებლო-საპროექტო სამმართველოში, ბოლოს კი ხარაგაულის ფოსტაში მუშაობდა.

-ხშირად გვესმის, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სათანადო აგროგანათლება არ გვაქვს.

-ტექნიკუმში რომ ვსწავლობდი, ლექტორების უმრავლესობა პროფესიით აგრონომი იყო. ერთმა, უმაღლესი განათლების მქონე აგრონომმა, ჩუმად წამიყვანა სახლში და მთხოვა, – ნამყენები გამიკეთეო. ინტერესი უნდა გქონდეს ადამიანს და შეუძლებელი არაფერია.

ნერგის გამოყვანას უნდა მუშაობა და დაკვირვება. მთავარია, რომ ის საქმე, რასაც აკეთებ, გიყვარდეს. ვენახის მოვლა შრომატევადია, თხილის – ადვილი, მაგრამ ყველა თხილს ხომ არ მოიშენებს.

ჩემი აზრით, საკუთარ მეურნეობაში თანაბრად უნდა განავითარო სოფლის მეურნეობის ყველა დარგი. ყველაფრის მოყვანა შეიძლება. მთავარია, მიწა გქონდეს საკმარისი. აკაცია რომ დავრგე, ის ადგილები სახნავ-სათესად არ ვარგა. ასი ძირი აყვავებული აკაცია საოცრად ლამაზი სანახავია. ამ ნერგებით ბევრი საქმე გამომივიდა: ქარსაცავი ზოლი გაკეთდა, ხე ნიადაგს აჩერებს, მის ძირში კარგი ბალახი ამოდის, კარგი ჩრდილი აქვს, ფუტკრისთვის ძალიან საშურია აკაციის ყვავილი, ფოთოლი საქონლის საკვებად სასარგებლოა, ბოლოს და ბოლოს, მოჭრი და ჭიგოდ გამოიყენებ.

გურამ გოგია ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მცირემიწიან სოფლებში კოოპერატივი ვერ გაამართლებს. მისი თქმით, აქ არ არის დიდი ოდენობის მიწები, რომ გაერთიანდეს. კოოპერატივის მეწილეებს შორის მორიგებაც ცოტა რთულად წარმოუდგენია. კოოპერატივის შექმნას ადამიანური რესურსი სჭირდება. შრომისუნარიანი ადამიანი კი თითქმის აღარ დარჩა სოფელში.

გურამ გოგიას მოსწონს ის პროგრამა, რომლითაც შარშან სახელმწიფო სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარა. მისი თქმით, თუ შხამქიმიკატების შეძენისა და მიწის დამუშავების შესაძლებლობა ექნება, ქალაქებიდანაც ჩამოვა ხალხი და დაამუშავებს კუთვნილ მიწას. გამრჯე გლეხი იმუშავებს და მოსავალსაც მეტს მოიყვანს. ეს კი გააიაფებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას“ – ამბობს გურამ გოგია და წელს საკუთარ მეურნეობაში დასანერგ სიახლეს გვიზიარებს:

-მინდა, ისე მოვაწყო ბოსტანში ერთი ადგილი, რომ მწვანილი მთელი წლის განმავლობაში მქონდეს. მთავარია, მწვანილზე არ დაათოვოს. ოჯახისთვის საჭირო მწვანილს როგორ ვერ მოვიწევ.

გურამ გოგია მხოლოდ ერთ რამეს დარდობს, – თავისუფალი მიწა თითქმის აღარ დარჩა ახალი კულტურების გასაშენებლად. საკუთრებაში არსებული ყველა ნაკვეთი დამუშავებული და გამოყენებული აქვს.

ნინო კაპანაძე