ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში გზების რეაბილიტაცია იწყება.

მშენებელი ორგანიზაციების შესარჩევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერები ამ დღეებში გამოაცხადა.

ღარიხევში დეკანოსიძეების უბნის სასოფლო გზისა და სოფელ ქროლის სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 378 099 ლარზე გამოცხადდა;- სოფელ ვაშლევის მე-2 უბანში, საქასრიაში რკინის ხიდის უბანსა და უბისაში ძინძიბოურის უბანში სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ – 447 770 ლარზე;

– ბორის სასოფლო გზის რეაბილიტაციისათვის – 421 975 ლარზე;

– მარელისში კაპნარი-კელასოურის დამაკავშირებელი სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ 332 852 ლარზე;

– ნადაბურის სასოფლო გზის რეაბილიტაციისათვის – 727 502 ლარზე;

– დეისის სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ – 536 937 ლარზე;

– ხუნევში კალოს უბნისა და გრიგალათის სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის – 460 063 ლარზე;

– ვახანისა და სერბაისის სასოფლო გზების აღსადგენად – 331 087 ლარზე;

წყალაფორეთში ბუდიანეთის ცენტრალური სასოფლო გზის, ლახუნდარაში ეკლესიის უბანში ცენტრალური სასოფლო გზის და სოფელ ხონის ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაციისთვის – 531 169 ლარზე;

ზედა ლაშესა და უჩამეთში სასოფლო გზების სარეაბილიტაციოდ – 440 709 ლარზე.

მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ტენდერი 209 140 ლარზეა გამოცხადებული დაბა ხარაგაულის ქუჩებისა და ჩიხების რეაბილიტაციისთვის, ასევე არხების გასაწმენდად.

ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების მიღება თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში დასრულდება.

გამარჯვებულ მშენებელ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს სასოფლო გზების მშენებლობა ღარიხევში, ქროლში, ვაშლევში, საქასრიაში, უბისაში, მარელისში, ზედა ლაშეში, უჩამეთში, ვახანსა და სერბაისში.

მშენებლებმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დააგონ ბორის სასოფლო გზა, აღადგინონ დაბა ხარაგაულში ქუჩები და ჩიხები და ასევე – გაწმინდონ სანიაღვრე არხები.

ბუდიანეთში, ლახუნდარაში, ხონში, დეისში, ხუნევსა და გრიგალათში სასოფლო გზები, მშენებლობის დაწყებიდან, 180 კალენდარულ დღეში უნდა დაიგოს, ხოლო ნადაბურში – 240 კალენდარულის დღის განმავლობაში.

ტენდერში გამარჯვებული მშენებელი ორგანიზაციების გამოვლენისთანავე გაცნობებთ.

სასოფლო გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისგან გამოყოფილი სახსრებითა და მუნიციპალიტეტის 5%-იანი თანადაფინანსებით იწყება.

ლაურა გოგოლაძე