DSCN3629ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცეტრის გასული წლის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, შემდეგი ღონისძიებებისგან შედგება:
ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები;
არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები;
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები;
სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ღონისძიებები.

რამდენად შეძლო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, რა მდგომარეობაა მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხით, რა უშლით ხელს მუშაობაში და რა პროგრამები განხორციელდება მომავალ წელს, – ამ საკითხების გასარკვევად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ.

ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, გულნაზი ვეფხვაძის ინფორმაციით, 2013 წელს დაფიქსირდა ცხოველებისგან ადამიანის დაკბენის, დადორბვლისა და დაკაწვრის 429 შემთხვევა. ყველა მათგანს ინსტრუქციის შესაბამისად ჩაუტარდა ანტირაბიული აცრების სრული კურსი. გულნაზი ვეფხვაძის თქმით, ანტირაბიული ვაქცინების მიწოდებაზე შეფერხება ცენტრს არასდროს ჰქონია.

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, 2013 წელს ხარაგაულში ეპიდსიტუაცია სტაბილური იყო. დაფიქსირდა მხოლოდ წითელას 21 შემთხვევა. წითელა გამოვლინდა 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებში. ამის გამომწვევ მიზეზად გულნაზი ვეფხვაძე რამდენიმე წლის წინ წწყ-ს მასიური აცრების უმიზეზოდ ჩაშლას მიიჩნევს. „უფროსი ასაკის ადამიანებში უფრო რთულად მიმდინარეობს ინფექციური დაავადებები. ამიტომ ისინი სტაციონარში მკურნალობდნენ. გადაიცრა ყველა, მათ შორის შვიდი თვის ბავშვიც, რომელთანაც წითელათი დაავადებულებს ჰქონდათ კონტაქტი,“ – ამბობს გულნაზი ვეფხვაძე.

გასულ წელს ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის 12 შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აქედან მხოლოდ ექვსია ფილტვისმიერი.

რაც შეეხება გეგმიურ აცრებს, ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, ხარაგაულში იმუნიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გულნაზი ვეფხვაძის თქმით, 2013 წელს ჩატარდა გადაცრა, – ანუ აიცრა ყველა ის ბავშვი, რომელსაც თავის დროზე არ ჩაუტარდა აცრა. გადაცრა ჩატარდა წითელა, წითურა, ყბაყურაზე ორიდან შვიდ წლამდე და შვიდიდან ცამეტ წლამდ ასაკის ბავშვებში. ასევე მთლიანად გადაიცრა14 წლიანი მოზარდების კონტიგენტი.

რაც შეეხება ინფექციის თავიდან აცილებას, გულნაზი ვეფხვაძის თქმით, პირველ რიგში, მართვადი ინფექციების საწინააღმდეგოდ აუცილებელია პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ზუსტად იმ ასაკში, რასაც ითვალისწინებს ეროვნული კალენდარი. „აცრები იწყება ორი თვის ასაკიდან. ეს იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდია, ალერგიული ფონიც ნაკლებია. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა.საყოფაცხოვრებო პირობები განაპირობებს ისეთ სოციალურ დაავადებას, როგორიცაა ტუბერკულოზი. ბაქტერიულ ინფექციებს იწვევს პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ვადაგასული და არასაიმედოდ შენახული საკვების მიღება,“ – ამბობს გულნაზი ვეფხვაძე.

ეპიდემიოლოგი თვლის, რომ, რადგან ხარაგაულში არ გვყავს ინფექციონისტი, ნოზოლოგიების მიხედვით არასაიმედო კერები გამოვლენილი არ არის. ინფექციონისტის არარსებობა ცუდად აისახება ინფექციური დაავადებით დაავადებულთა აღრიცხვაზე. მოქალაქეები სამკურნალოდ მიდიან სხვა მუნიციპალიტეტებში. თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ გამოვლინდა, არ ატყობინებენ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

-ქალბატონო გულნაზი, რა წინადადებები გაქვთ, რომ  ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური?

-აუცილებელია, რომ ინფექციონისტი იყოს ხარაგაულში. ოჯახის ექიმების მიმართ მაქვს თხოვნა, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მათ მიაკითხავს და დაუდგენენ ინფექციურ დაავადებას, შეგვატყობინონ ჯანდაცვის ცენტრში ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად.

მივმართავ მშობლებს, რომ გაითავისონ აცრების მნიშვნელობა. ზოგი ფიქრობს, რომ უმჯობესია ბაშვს მოზრდილ ასაკში აუცრას. პირიქით, აცრა უნდა ჩატარდეს ჩვილობისას, როცა პატარას არც შიში აქვს თეთრი ხალათის და შპრიცის მიმართ, არც მექანიკური გაღიზიანება და არც ალერგიული ფონი.

ეპიდზედამხედველობის კუთხით ყველა საექიმო უბანზე კარგი მდგომარეობაა.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ჩვენ სამსახურს  მხოლოდ მონიტორინგის უფლება აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მათ მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებით არ ამარაგებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ხარაგაული არ ითვლება მალარიის გავრცელებისთვის საშიშ ზონად. ჯანდაცვის ცენტრში იმედოვნებენ, რომ წელს მაინც გამოუყოფენ სადეზინფექციო საშუალებებს.

nრა მდგომარეობაა მოსახლეობის ჭიებით ინვაზიის კუთხით, ამ საკითხზე ჯანდაცვის ცენტრის პარაზიტოლოგი ნინო ყიფშიძე გვესაუბრება. მისი თქმით, გასულ წელს ტრანსპორტირების თანხის სიმცირის გამო ვერ მოიცვეს ყველა სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება. 2012 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოიკვლია 1 616 პირი. მათგან ჭიებით დაინვაზირებული აღმოჩნდა 243 ადამიანი. 2013 წელს გამოკვლეული 307 მოსწავლიდან 20% დაავადებულია. პარაზიტოლოგი ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით მათ ლაბორატორიას 2012 წელს 392-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო 2013 წელს – 291-მა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სოფელში მიდიხარ და ანალიზს აკეთებ. ჩვენ ვიკვლევთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პირველი-მესამე კლასების მოსწავლეებს, თუმცა, ხშირად ინტერესდებიან მშობლები, უფროსკლასელები და შემდეგ ლაბორატორიაში მოდიან გამოსაკვლევად,“ – ამბობს ნინო ყიფშიძე და დასძენს, რომ რატომღაც მშობლები არ აქცევენ ყურადღებას ჭიებით ინვაზიას. „ალერგიულ ფონს ყველაზე ძლიერ ავითარებს ჭიით ინვაზია. ბავშვი ახველებს და ეჭვი იმწუთას ბრონქიტზე აქვთ. ექიმიც უნდა დაფიქრდეს, რომ ფილტვში გადასული ჭია იწვევს საშინელ ხველას. კბილების კარიესი უფრო მეტია ინვაზირებულ ბავშვებში. ინტოქსიკაცია შეიძლება იყოს ჭიებით ინვაზიის დროს. შესაძლოა, ბავშვებში ანემია, გაუვალობა და განგრენა განვითარდეს.

ჩვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის ტრანსპორტირების ხარჯი აუცილებელია, რომ ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში მივიდეთ.

მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ჭიებზე გამოკვლევა არის უფასო,“ – ამბობს ექიმი პარაზიტოლოგი.

nხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ 2014 წელს რამდენიმე ახალი პროგრამა უნდა განახორციელონ, რომელიც მათ ზემდგომმა სტრუქტურამ მოაწოდა. ალექსანდრე ბარბაქაძის თქმით, პროგრამები პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მოიცავს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის.

„აუცილებლად უნდა ჩავატაროთ მოსწავლეთა ღრმა სამედიცინო შემოწმება. ამისთვის დაგვჭირდება, სავარაუდოდ, ათი ათასი ლარი. რომ გამოზაფხულდება, დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებაზე ზრუნვას,“ – ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პოლიციის ყოფილი შენობის მეორე სართულზე გადავიდა. ამიერიდან ცენტრის მისამართია – სოლომონ მეფის ქ. #19. არ შეცვლილა ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონი: 22 17 47.

ნინო კაპანაძე

 ფოტოზე: ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში