2018 წლის თებერვლიდან იმ სოციალურ პროგრამაში, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ცვლილებები იგეგმება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, სიახლე ის, რომ თებერვლიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მრავალშვილიან ოჯახებზე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და მარტოხელა მშობლებზეც გაიცემა;
მედიკამენტების შესაძენად მხოლოდ იმ ბენეფიციარებს დაეხმარებიან, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობენ;
ერთჯერადი ფულადი შემწეობა რომ მიიღოს, ოჯახის სარეიტინგო ქულა ასი ათასს არ უნდა აჭარბებდეს;
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახს 200 ლარს იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 ათასის ფარგლებშია.
წელიწადში ერთხელ ფულად დახმარებას მხოლოდ ის მრავალშვილიანი ოჯახები (ოთხი და მეტი შვილი) მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასზე ნაკლებია. ოთხშვილიანი ოჯახის შემთხვევაში დახმარება 200 ლარით განისაზღვრა. ყოველ მომდევნო შვილზე, ერთჯერადად, ამ თანხას 50 ლარი დაემატება.
იმ მარტოხელა მშობლების დახმარება, რომელთაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ, წელიწადში ერთხელ 200 ლარით განისაზღვრა. ნანა კიკნაძე ამბობს, რომ ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ აქვთ, თუ რამდენ პიროვნებას აქვს ოფიციალურად მარტოხელა მშობლის სტატუსი.
წელიწადში ერთხელ 100 ლარით დაეხმარებიან ობოლ 21 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც ერთ-ერთი ან არც ერთი მშობელი არ ჰყავთ. ნანა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ახალი პროგრამები უფრო მეტად მიზნობრივია.
„პრაქტიკამ გვიჩვენა ახალი პროგრამების დანერგვის აუცილებლობა, – განმარტავს ნანა კიკნაძე, – ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განცხადებით მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგულთა ოჯახები ხშირად მოგვმართავდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ სოციალურ პროგრამაში მათი ჩასმა. ყველა მრავალშვილიან დედას სარვამარტოდ 50-50 ლარით ვეხმარებოდით. ეს უსამართლობა გამოდიოდა – ოთხშვილიანსაც 50 ლარი და ათშვილიანსაც. ამიტომ 200 ლარს ოთხშვილიანი ოჯახი მიიღებს, ყოველ მომდევნო შვილზე თანხა 50-50 ლარით იზრდება. სამომავლოდ, შესაძლოა, მარჩენალ დაკარგულთა ოჯახებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარება დავაწესოთ.“
სოციალური დახმარების მიზნით 2018 წელს ბიუჯეტში 504 ათასი ლარია დაგეგმილი.
„მოსახლეობის საჭიროებები ბევრად მეტია, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ოპერაციების თანადაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუ 2016 წელს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხა – 150 ათასი ლარი პროპორციულად გადავანაწილეთ და თვეში 12 500 ლარი უნდა გაგვეცა, შარშან თვეში 35 ათასი ლარის გაცემა გვიწევდა. ფაქტობრივად, თანხა გაორმაგდა. უარს არავის ვეუბნებით და ყველას ვაფინანსებთ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქალაქეებისთვის სასარგებლოა. თუმცა პაციენტებს, საავადმყოფოების შიდა სტანდარტით მომსახურებისთვის, თანადაფინანსებაში დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. ძალიან იმატა ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა. ყოველი 20-30 საგარანტიო წერილიდან 15 ონკოლოგიური მკურნალობის დაფინანსებაზე იცემა.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში 2017 წელს ერთჯერადი ფულადი დახმარების მოთხოვნით 908 განცხადება შევიდა. აქედან 310 განცხადების დაკმაყოფილება, თანხების უკმარისობის გამო ვერ შეძლეს.
2018 წლის თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი პროგრამები დაფინანსდება:
1. უფასო სასადილო;
2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვა სახის დახმარებები:
2.1. ოპერაციისა და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
2.2. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობა;
2.3. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსური დახმარება;
2.4. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება;
2.5. სოციალურად დაუცველი და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება;
2.6. 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარება;
2.7. დახმარება სადღესასწაულო დღეებში;
2.8. ჰემოდიალიზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება;
2.9. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ბავშვების ელემენტით უზრუნველყოფა;
2.10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
2.11. კომუნალური ხარჯების დახმარება;
2.12. მრავალშვილინი ოჯახების დახმარება;
2.13 მარტოხელა მშობლების დახმარება;
2.14 მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება;
2.15. სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების დაფინანსება;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება;
4. ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის დაფინანსება;
5. სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების თავშესაფარით უზრუნველყოფა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი