ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე სამი დასაქმებული შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო დაშავდა.
ბეჟათუბანში მშენებარე გვირაბში აფეთქება გუშინ მოხდა.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 2017 წლის პირველ ნოემბერს მიიღო. როდის და როგორ გაგრძელდება კანონპროექტზე მუშაობა და რამდენად დაიცავს კანონი მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას, – ამ შეკითხვით საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პირველ თებერვალს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ გამოთქმულ შენიშვნებს შეაჯერებენ.
„კანონში აუცილებლად ჩაიწერება, რომ შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოს შემოწმებისას გაცემული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო გახდება, – ამბობს აკაკი ზოიძე, – რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო სანქციები დაწესდება. ინსპექციას ექნება კომპანიაში რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისთვის გაუფრთხილებლად შესვლის უფლება.
მთავარია, ბალანსი დავიცვათ, რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ბიზნესს ხელსაყრელი გარემო ჰქონდეს და მეორეს მხრივ, დასაქმებულთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი ინტერესი და ჩვენი სახელმწიფოს ზეამოცანა.
შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა ბიზნესს არანაირ პრობლემას არ უნდა უქმნიდეს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად პრევენციული ეფექტი ექნება ამ სისტემას. ის, რომ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიაყენონ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არანაირი ბიზნესი არავის უღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად.
ვმსჯელობთ იმაზე, სანქციები რამდენად ქმედითი იქნება, რომელ საწარმოებზე გავრცელდება პირველ რიგში და როდიდან, შრომის უფლებებიც უნდა იყოს თუ არა მონიტორინგის ნაწილი, – უამრავი ნიუანსია. ვფიქრობთ, რომ კერძო დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო, რომ უნდა წახალისდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც შრომის უსაფრთხოების წესებს დაიცავენ.
მიმაჩნია, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი ადამიანები, საპროცესო შეთანხმებითა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდით კი არა, არამედ ციხით.“
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პარლამენტში პლენარული სესიები შვიდ თებერვალს განახლდება. ის იმედოვნებს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონს პარლამენტი თებერვალში დაამტკიცებს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი