კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში ბოლო დროს წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური მოვლენების რიცხვი გაიზარდა. რა პრობლემებს გვიქმნის კლიმატის ცვლილება და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ამ მოვლენის შესამცირებლად, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს თამარ ბაგრატიას ვესაუბრეთ:
-კლიმატის ცვლილება გლობალური მოვლენაა, თუმცა ამ პროცესში წვლილი ყველა მოქალაქეს მიგვიძღვის. კლიმატის ცვლილების ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ე.წ. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების ატმოსფეროში დიდი რაოდენობის ემისიასთანაა დაკავშირებული.
ამაში განსაკუთრებით დიდი წვლილი ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებს მიუძღვის. ყურადსაღებია აგრეთვე ტყის მასივების, როგორც ძირითადი სათბურის გაზის – ნახშიროჟანგის მშთანთქმელის ინტენსიურად ჩეხვის პრობლემა.
–ქალბატონო თამარ, რა ლოკალური და გლობალური პრობლემების წინაშე გვაყენებს კლიმატის ცვლილება?
-კლიმატის ცვლილების პრობლემებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია – კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა პანელი (IPCC) სწავლობს. დასკვნების თანახმად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 0,8 გრადუსითაა აწეული.
ამ ფაქტმა დედამიწაზე ყინულოვანი და თოვლის საფარის ფართობების მნიშვნელოვნად შემცირება, მყინვარების დნობის ინტენსივობის გაზრდა, ზღვის დონის მატება და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვია. გლობალურმა დათბობამ შესამჩნევად შეცვალა მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული კლიმატური სისტემა, დაარღვია ატმოსფეროს გლობალური ცირკულაციური პროცესები და გამოიწვია ამა თუ იმ რეგიონისთვის იშვიათი ან უჩვეულო სტიქიური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და მათთან დაკავშირებული გეოლოგიური მოვლენები.
მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სტიქიური მოვლენები – წყალდიდობა, წყალმოვარდნები, თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვები, ძლიერი ქარიშხლები – საშუალოდ 1,5-ჯერ გაიზარდა. შეიმჩნევა ქვეყანაში არსებული მცირე მყინვარების გაქრობის, საშუალო და დიდი მყინვარების უკან დახევის პროცესები.
–დასავლეთ საქართველოში ახლახან განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ სოციალური ქსელში დაწერეთ, რომ კლიმატის ცვლილების რომელიღაც ციკლში ვცხოვრობთ, როდესაც გახშირებულია ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები, შესაბამისად ყველა ტიპის ისტორიული ნიშნულებისთვის უნდა ვიყოთ მზად. კიდევ რა ტიპის კლიმატის ცვლილებას უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში?
-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო ათწლეულებში მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, გაზრდილია სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განმეორებადობა. ამას ექსპერტები კლიმატის გლობალურ დათბობას უკავშირებენ. ექსპერტების მოსაზრებით, სათბურის გაზების ემისიის შემცირებისთვის აუცილებელი ეფექტური ღონისძიებები უნდა გატარდეს.
დამაიმედებელია ის, რომ კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა ბოლო შეხვედრაზე (პარიზი, 2015 წელი) ქვეყნების უმეტესობამ გამოთქვა მზადყოფნა, გაატარონ ეფექტური ღონისძიებები სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად და არ დაუშვან საუკუნის ბოლომდე ტემპერატურის 1,5 გრადუსზე მეტით მატება.
–რა უნდა გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად? როგორია თქვენი რეკომენდაციები, რჩევები, პროგნოზები?
-კლიმატის ცვლილების პროცესების შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალია ამ ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების ემისიების შემცირება. ეს მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესარბილებლად შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების შემუშავება და ცხოვრებაში გატარებაა აუცილებელი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელდა მასშტაბური ღონისძიებები მდ. რიონის აუზში წყალდიდობა-წყალმოვარდნების ადაპტაციის ღონისძიებების გასატარებლად.
პროექტის ფარგლებში მდინარის აუზი აღიჭურვა ჰიდრომეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების თანამედროვე ავტომატური გამზომი ხელსაწყო-დანადგარებით, ჩატარდა მასშტაბური ჰიდრომეტრული და ტოპოგრაფიული სამუშაოები წყალდიდობა-წყალმოვარდნების რისკების გამოსავლენად, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და სხვ. სასიხარულოა, რომ პროექტის დონორმა შესრულებული სამუშაოები მაღალ დონეზე შეაფასა.
ამჟამად „მწვანე ფონდში“ წარდგენილია მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგებისადმი ადაპტირების ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
ესაუბრა ნინო კაპანაძე
რადიოთავისუფლების ფოტო
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი