#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ 25 ოქტომბერს ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამი საჩივარი განიხილა. საოლქო კომისიაში საჩივრები ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანეს.
საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსების გამო სადამკვირვებლო ორგანიზაციები კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივარი საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა. კომისიის გადაწყვეტილებით, შემაჯამებელ ოქმებში ციფრების გადასწორების გამო #48.28 წიფისა და #48.35 საქარიქედის საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნა მისცეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივარი, რომელიც #48.03 ბაზალეთის, #48.04 ბორითის, #48.09 ვახანის, #48.24 ვანის, #48.25 ჩხერის, #48.27 ღორეშისა და #48.34 ჯაფარეულის უბნებს ეხებოდა, არ დაკმაყოფილდა.
საიას წარმომადგენლების, ელენე კობახიძისა და ხათუნა ტურაბელიძის აზრით, ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს საყვედური ან მინიმუმ შენიშვნა მაინც უნდა გამოუცხადონ, რადგან ოქმებს არ აქვთ კომისიის ბეჭედი, არასწორადაა ჩაწერილი ბეჭდის ნომერი, არ აქვს თავმჯდომარის ხელმოწერა და სხვ.
საია #48.27 ღორეშის უბნის შედეგების გაუქმებას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვს. საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„ყველა ოქმთან დაკავშირებით, რომლებზეც საჩივრები დაიწერა, არსებობს ახსნა-განმარტებები და შესწორების ოქმები, – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე, – დოკუმენტები ატვირთულია ცესკოს ვებგვერდზე. კომისიის თავმჯდომარეებსა და მდივნებს მექანიკური შეცდომა მოუვიდათ. მე ვიცავ მათ, როგორც ჩვენს თანამშრომლებს.“
27 ოქტომბერს გაირკვევა, გაასაჩივრებს თუ არა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი