iumori 1

 

ვასილ კიკნაძე: –ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი პოლონეთში ფესტივალზე მიიწვიეს. ანსამბლი კომპოზიტორ შოთა მილორავას სიმღერას ამზადებდა. ავტორმა რომ რეპეტიციაზე სიმღერა მოისმინა, ანსამბლის ხელმძღვანელ ბიჭიკო აბაშიძეს უთხრა, ერთ ადგილას, რაცხა, ამ სიმღერას გუნდი ისე არ ასრულებს, როგორც მე დავწერეო.

-შენ მოდიხარ პოლონეთშიო? – შეეკითხა ბიჭიკო.

-არა, მე არ მოვდივარო.

-მაშინ რას გეტყვი იცი, საზღვრამდე ვამღერებ, რავარც შენ დაწერე, საზღვარზე რომ გადავალ, მერე რავარც მე მინდა, ისე ვამღერებო.

iumori 2ნიკოლოზ მაჭავარიანი: -გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ რუბრიკაში „პაპარაცო“ გამოქვეყნდა სტადიონის „კლეტკებიან“ ღობეზე ჩამოყრდნობილი რამაზ ბრეგვაძის ფოტო. მამუკა ჭიპაშვილმა მიაწერა უამრავი ხუმრობა: „პერედაჩის მოლოდინში,“ „რა დროს ამიყვანეს, ნივის გარემონტება მაინც მომესწრო…“ „აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები სხედან…“

ახალი დამკვიდრებული იყო ეს რუბრიკა და ბევრმა ხუმრობა სინამდვილედ მიიღო. ატყდა ამბავი. თავად რამაზიც გაუბრაზდა მამუკას. იფიქრა, რომ მეც რაღაც შუაში ვიქნებოდი და არც მე მცემდა კარგა ხანს ხმას…

გავიდა დრო და რამაზი გვეძახის, – ბიჭებო, გეძებდით, ვაგონიდან 1 200 ტომარა ფქვილი გვაქვს ჩამოსაცლელი, თითო ტომრის ჩამოცლაზე ლარს ანაზღაურებენ და თუ არ გეწყინებათ, მუშების მოძებნას, იქნებ ბიჭებიც მოაგროვოთ და თქვენ ხომ არ ჩამოცლით ამ ვაგონსო.

გადავირიეთ მე და მამუკა სიხარულით, – ჯიგარი ხარ, შენ გენაცვალეთ რამაზი. გაჭირვების პერიოდია, – 12 ლარი გვაქვს ხელფასი, საახალწლოდ კიდევ 12 ლარ პრემიას შევიტანთ ოჯახში და გვიხარია. რამაზი კი ამხელა თანხის შოვნას გვპირდება.

გამოვეწყვეთ სამუშაო ფორმაში და გავიქეცით რკინიგზის სადგურზე. ბევრი ვეძებეთ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, – სად არის ფქვილის ვაგონები?!… მოვბრუნდით რამაზის სამსახურში, ნოდარიჩს ეცოდინება, სადმე ჩიხში ხომ არ დგას ვაგონიო. რამაზის კაბინეტი დაკეტილი დაგვხვდა. მივხვდით, რომ სამაგიერო გადაგვიხადა და შემოვირტყით თავში ხელი. მეორე დღეს მთელი გამგეობა ახითხითა ჩვენზე ცხონებულმა.

iumori 3დათო ჩადუნელი: -2008 წელს, საახალწლოდ, მომზადდა პროექტი „თოვლის ბაბუები.“ მე ვიყავი ერთ-ერთი „თოვლის ბაბუა“ – ჩოხით, წვერით, ნაბდით, საჩუქრებით დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის ყველა უფროსჯგუფელთან და პირველკლასელებთან უნდა მივსულიყავით. მომცეს სია, – 27 ოჯახში უნდა მიმელოცა ახალი წელი 31 დეკემბერს.

მანქანით ვმოძრაობდით. ჰამლეტ მანჯავიძის ოჯახიდან გამოვედით და ლამპიონის შუქზე სიას ვკითხულობთ, – ახლა ვის უნდა მივაკითხოთ. იქვე ცხოვრობს ლენა კალანდაძისა და ოლეგ ავალიშვილის ოჯახი. მათი ქალიშვილი უკვე მოზრდილი იყო და სიაში არ ეწერა. ისინი კი, თურმე, სტუმრებს ელოდებიან. მათი სახლის წინ რომ მანქანა გაჩერდა, ოლეგი ჩამოვიდა და ჭიშკარი გააღო… 31 დეკემბერს რომ თოვლის ბაბუას წვერით და ნაბდით კაცის ჭიშკართან გაჩერდები, იქ რომ არ შეხვიდე, სირცხვილია. ჩამოვედით მანქანიდან და მივედით.

…მერე „თოვლის ბაბუას“ ხუჯინს ერთი საჩუქარი დავამატეთ.

iumori 4მამუკა ჭიპაშვილი: -ირინე ჩხეიძისა და ნიკუშა მაღრაძის ვაჟი, ვატო, იყო ახალი დაბადებული, რამდენიმე კვირის. ნიკუშა საკუთარი სახლის აივანზე იყო გადმომდგარი, ორმა მარელისელმა, საკმაოდ ნასვამმა, მეზობელმა რომ შემოსძახა, ბავშვი უნდა ვნახოთო.

ნიკუშამ შეატყო, რომ ძალიან მთვრალები იყვნენ და უთხრა, – ბავშვს ძინავს და სხვა დროს გამოიარეთო. არა, უნდა გვაჩვენოო. ნიკუშაც იგივეს იმეორებს, – ძინავს და ახლა ვერ ნახავთო.

-მაშინ აივნიდან მაინც დაგვანახე ბავშვიო, – არ მოეშვნენ.

ნიკუშა სწრაფად შებრუნდა ოთახში და გადმოაგდო „ბავშვი,“ – აგერ არის და ნახეთო.

ამ ამბის შემხედვარეს ზოგს გული წაუვიდა, ვიღაცა აყვირდა – არიქა, დაიჭირეთ, იქნებ ცოცხალი გადარჩესო. მთვრალებმაც უცბად შეიფხიზლეს და… ნაჭრები გახვეული თოჯინა შერჩათ ხელში.

iumori 5ირინე ჩხეიძე: -ერთ საღამოს აუცილებელი საქმე გამომიჩნდა ვასიკო კიკნაძესთან. მოგეხსენებათ, ჩემი მეზობელი და მეგობარია. პირადად უნდა მენახა. იმ პერიოდში ვასიკოს დედა, ქალბატონი გიული, ავად იყო, მწოლიარე. უკვე ღამეა. მაღაზია აღარ  მუშაობს. ვიფიქრე, ავადმყოფთან ხელცარიელი ხომ არ მივალ-მეთქი. უცებ გამახსენდა, ნიკუშამ სოფლიდან კარგი კვახები ჩამომიტანა. ღამეა. დავავლე ერთ კვახს ხელი და წავედი ვასიკოსთან.

ალბათ, ყველას გაგახსენდებათ ეპიზოდი ქართული ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა,“ ხირხალი რომ ღამით გადადის კვახით ქეთო ყარაულაშვილთან. გზაში რომ მივდიოდი, გია ზუმბაძე შემხვდა და ბევრი იცინა, კვახით რომ დამინახა.

შევედი სახლში. გიული დეიდას ძინავს. ვასიკოს ტელევიზორთან ჩაუთვლემია. მთვარისა მეზობელთანაა გადასული. უნდა გენახათ ვასიკოს გაოცებული სახე, როცა გავაღვიძე და კვახით ხელში დავხვდი. ბევრი ვიცინეთ…

iumori 6მამუკა ჭიპაშვილი: -გასული საუკუნის 90-იანი წლებია. ნიკუშა მაღრაძე რაღაც ტრავმით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ნაკერები ნარკოზით დაადეს. ნარკოზიდან გამოსულს მილიციელი ადგას თავზე და ეუბნება, რომ დამალვას აზრი არ აქვს და ყველაფერი უთხრას, რა და როგორ მოუვიდა. ნიკუშამ უთხრა, „სეტკაზე“ ვიტკინე ხელიო. არ მოეშვნენ, – არ გინდა დამალვა, ჯობია, ყველაფერი აღიაროო.

-კარგიო, – უთხრა ნიკუშამ, – ოღონდ იცოდეთ, რომ არ ვჩივიო.

დაფათურდა მილიციელი, მოიმარჯვა პასტა, რომ ამბავი ჩაიწეროს.

-ციხიდან გამოსულ ჩემ მეზობელს გუშინ სუფრა ჰქონდა, დათვრა და მერე დანით დამჭრა, ოღონდ არ ვჩივიო.

მილიციელებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. ნარკოზიდან რომ გამოვიდა, ნიკუშა თავისი მანქანით ბრუნდება სახლში. მარელისამდე არ მისული, მილიციის შემხვედრმა მანქანამ გააჩერა – გაბრაზებულები 20 ლიტრი საწვავს თხოვეს, ტყუილად მოგვატარე სოფელიო.

…თურმე რამდენიმე მილიციელი ასულა მარელისში და მოუკითხავთ ნიკუშას მეზობელი. მიასწავლეს, სადაც ცხოვრობდა. გამოხედეს და გაიკვირვეს, – კი, ბატონო, სახლშიაო.

-გამოახედეთო.

-როგორ გეკადრებათ, ვერ გამოიხედავს, წევსო…

ჰოდა, ერთმა ერთი მხრიდან დაუარა თავი, მეორე ფანჯარასთან ჩაუსაფრდა, უცებ შეაღეს კარი და… 95 წლის საწოლზე მიჯაჭვული მოხუცი დახვდათ ოთახში…

მილიციელები დაჟნებით თხოვდნენ ნიკუშას, სასწრაფოდ აგვინაზღაურე საწვავიო.

-რატომ წამოხვედით, ხომ გითხარით, არ ვჩივიო…

მამუკა ჭიპაშვილის ნახატები