,,მცხეთა ისტორიული ქალაქია. აქ უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ძვ. წ. IV–II ათასწლეულებში,დასტურდება სამოსახლეობის არსებობა. დიდი მცხეთის მიდამოებში განსაკუთრებით მრავლადააგვიან ბრინჯაოს და ადრე რკინისა და გვიანანტიკური ხანის სამარხები. სწორედ ამ დროისსამარხებში ნაპოვნ ნივთებს ,,აღმოაჩენენ“ ხელახლა ,,საბავშვო არქეოლოგიის“ მონაწილეები,“ –მითითებულია სამახსოვროში, რომელიც ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებსგადასცეს მცხეთაში არქეოლოგიურ გათხრებზე
პროექტი „საბავშვო არქეოლოგია“ რამდენიმე საინტერესო ნაწილისაგან შედგება. მოსწავლეები თავიდან სამთავროს ველს სამაროვანსა და ნამოსახლარს ათვალიერებენ. არქეოლოგიასა და არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ მოკლე შესავალი საუბრის შემდეგ მოსწავლეები არქეოლოგიური იარაღით ,,აღიჭურვებიან“ და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით ებმებიან ,,გათხრებში;“ მსჯელობენ მოპოვებულ ნივთებზე; პროექტის მსვლელობას აღწერენ ,,ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში.“.
შემდეგი ეტაპი „აღმოჩენილი“ კერამიკის რესტავრაციაა. მოსწავლები თიხის ნივთების აღდგენაში თავად მონაწილეობენ. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ,,ნორჩი არქეოლოგის“ სერთიფიკატები და სამახსოვრო ტრიპლეტები გადაეცემათ.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მცხეთის სახელმწიფო მუზეუმს ათვალიერებენ და სურვილის შემთხვევაში, არქეოლოგიურ ექსპონატთა მინაბაძების შეძენის შესაძლებლობა ეძლევათ.
ზეინაბ ბუაჩიძე, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი, ,,საქართველოს ისტორიკოსთა ასოციაციის“ წევრი: -პროექტში ,,საბავშვო არქეოლოგია“ ჩემი თანაკურსელის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატისმანანა შეყილაძის დახმარებით ჩავერთვეთ. პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია“ მნიშვნელოვანია იმით, რომ ბავშვები ეჩვევიან გათხრებს და ხედავენ, თუ რა მაღალი კულტურის ერი ვართ. ასევე უღვივდებათ პატრიოტული გრძნობები. გარდა მცხეთისა, ასეთი ტიპის ,,არქეოლოგიური გათხრები“ ტარდება უფლისციხესში, ნოქალაქევში და სხვა ადგილებში. „საქართველოს ისტორიკოსთა ასოციაციის“ ამ პროქეტით ჩვენს მოსწავლეებს სხვა ადგილებშიც მოუწევთ წასვლა.
პროექტში ჩართვით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან. ამბობდნენ, რომ ასეთი შემოქმედებითი გასვლა არასოდეს ჰქონიათ. პირველ რიგში მოვინახულეთ მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი. გვყავდა შესანიშნავი გიდი, რომელმაც არაჩვეულებრივად აუხსნა ბავშვებს წარმოდგენილი ექსპოზიცია. მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილია არქეოლოგიური მონაპოვარი გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან – ქრისტეს შობიდან, მეორე ათასწლეულიდან, ვიდრე ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნემდე.
მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილია სამარხეული ინვენტარი, ქართული ყოფისა და კულტურის ნივთები, იარაღები, ჭურჭელი, სამკაულები, ფულის ერთეულები, ე.წ საკანჭურები, რომელთაც გაცვლითი მეურნეობისთვის იყენებდნენ. ასევე წარმოდგენილია რომის ეპოქის საკურთხეველი. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება – შესაძლოა, ამ საკურთხეველზე იდგა რომის იმპერატორის ქანდაკება. თუ ქართლის მეფე ფარსმან ქველს დაუდგეს რომში ძეგლი, რატომ არ დადგამდნენ ჩვენთანაც რომის იმპერატორის ქანდაკებასო, – მსჯელობდნენ ბავშვები.
შემდეგ გავემართეთ სამთავროს ველისაკენ, სადაც დაგვხვდა არქეოლოგთა ჯგუფი პროფესორ ანზორ სიხარულიძის ხელმძღვანელობით. მათ გვაჩვენეს ქრისტეშობამდე II ათასწლეულის სამაროვანი.
დავათვალიეთ გორანამოსახლარი, სადაც დიდი დარბაზის ტიპის კერიაზე მინიშნებულია პურის საცხობი ადგილი. აქვეა წარმართული სალოცავი ანთროპომორფული გამოსახულებით (ადამიანთა სახეებით). როგორც ჩანს, ეს ადგილი ჯერ ყოფილა საცხოვრებელი, შემდეგ კი ცხოვრება შეწყვეტილა და იგივე ადგილას არის ქვაყუთის ტიპის სამაროვანი.
დათვალიერებისა და არქეოლოგების რჩევა-დარიგებების მოსმენის შემდეგ ჩვენი ნორჩი არქეოლოგები შეუდგნენ მუშაობას. გასათხრელი იყო სამი იმიტირებული სამარხი. ერთი იყო ქალის ანტიკური სამარხი, მეორე – ადრე ბრინჯაოს ხანის მამაკაცის, ხოლო მესამე სამარხი (ახ. წელთაღრიცხვის II საუკუნის) – ასპარუგ პიტიახშის, რომელიც სერაფიტას ძმად იწოდება.
არქეოლოგმა ბავშვებს ასწავლა წესები, რომ აღმოჩენილი ნივთი უნდა დაფიქსირდეს არსებულ მდგომარობაში და შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღწერა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანზორ სიხარულიძემ აღნიშნა, ასეთი ბავშვები ამ პროექტში ჯერ არ გვყოლიაო. დაგვასაჩუქრეს სამკაულებით, ძველი სამარხიდან ამოღებული ბეჭდების მულაჟებით. გვაჩუქეს წიგნი, თამარ მეფის მონეტის მიმსგავსებული ბეჭედი და, რა თქმა უნდა, გადავიღეთ ფოტოები. მოვიარეთ სალოცავები და ღვთის მადლით შინ მშვიდობით დავბრუნდით.
სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან სასიამოვნო, ცოდნის მომცემი და საინტერესო აღმოჩნდა.
დავით ჭიპაშვილი: -ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ – ქალბატონ ზეინაბ ბუაჩიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი განათლების საქმეში. პროექტმა „საბავშვო არქეოლოგია“ დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ძალიან მომეწონა მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი. სამაროვანის ველზე მისულებს დაგვხვდა არქეოლოგი, რომელმაც დაგვათვალიერებინა ძველი სამარხები და გვიამბო არქეოლოგიურ გათხრებზე.
საინტერესო საუბრის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. სამარხში მიწადაყრილი ჩონჩხის მულაჟები იყო. ჩონჩხი, თუ მარჯვნივ იყო დასაფლავებული, მამაკაცის იქნებოდა, ხოლო მარცხნივ დასაფლავებული – ქალის. ამას საბრძოლო იარაღებითა და სამკაულებითაც მივხვდებოდით. X(ბ) კლასელები ერთ ჯგუფში გავერთიანდით. ჩვენს მიერ გათხრილ საფლავში მამაკაცის ჩონჩხი აღმოჩნდა. მას ჰქონდა საკანჭურები, დრაკონის თავიანი სამაჯური. გადავიღეთ სურათები. შევავსეთ საველე პრაქტიკის დღიურები. თითოეული აღმოჩენილი ნივთი აღვწერეთ ყველა ნიშნის მიხედვით. მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. საინტერესო ცოდნა და გამოცდილება შევიძინე და დიდი მადლობა ამისთვის ზეინაბ მასწავლებელს.
დავით მაჭავარიანი: –ქალბატონმა ზეინაბმა შეგვატყობინა და ვისაც სურვილი გვექნებოდა შეგვეძლო წასვლა არქეოლოგიურ გათხრებზე. 17 მოსწავლე წავედით. მუზეუმში ნახულმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვნახეთ ბრინჯაოსა და ვერცხლის ნივთები. ოქროს ნივთები არ ჰქონდათ გამოფენილი, ვინაიდან მათი დაცვის პირობები არ იყო მუზეუმში. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ არ გაგვჭირვებია არქეოლოგიური გათხრის ჩატარება. ჩვენმა ჯგუფმა ძალიან ოპერატიულად იმუშავა. დღიურში აღვწერეთ მოძიებული ნივთები. ჩვენს სამარხში მამაკაცის ჩონჩხი აღმოჩნდა. შესაძლოა, რომელიმე ჩვენთაგანი გაჰყვეს კიდეც ამ პროფესიას. ეს დღე ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
შოთა ლომიძე: – შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ადვილია არქეოლოგობა და არქეოლოგიური აღმოჩენა. ამ პროექტში ჩართვით დავინახეთ, რომ არქეოლოგიური გათხრების ჩატარება ძალიან საფრთხილო საქმეა. იმიტირებული სამარხის გათხრას ჩვენ დაახლოებით 40 წუთი მოვანდომეთ. არქეოლოგებს კი ერთი სამარხის გასახსნელად გაცილებით დიდი დრო – შესაძლოა, კვირეები და თვეები დასჭირდეთ.
დავათვალიერეთ მუზეუმი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვნახეთ ძეგლის სადგამი, რომელიც ერთ-ერთ წარმართულ ტაძარში იყო. სავარაუდოდ, მასზე რომაელი იმპერატორის ძეგლი იყო აღმართული. მეორე შეხედულებით მასზე იდგა წარმართული ღმერთის ძეგლი.
არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილია იმ დროისთვის ძალიან გონივრულად გაკეთებული სათამაშო. ერთ სამარხში აღმოჩენილი ორი ადამიანის ჩონჩხი მუზეუმში ზუსტად ისევეა გამოფენილი, როგორც ნახეს სამარხში. სავარაუდოდ, ისინი იყვნენ ან და-ძმა, რომლებიც ეპიდემიამ იმსხვერპლა ან ერთად დაღუპული ცოლ-ქმარი. ზოგიერთი მკვლევარი მათ ზედმეტსახელად მცხეთელ რომეო და ჯულიეტას ეძახის.
შინ დაბრუნებისას ცოტა სტიქიას რომ არ დავებრკოლებინეთ, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ნამდვილად ღირდა ამ არქეოლოგიურ გათხრებზე წასვლა. დიდი მადლობა ზეინაბ მასწავლებელს.
ინა მაღლაკელიძე: -ძალიან მომეწონა მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენილი ნივთები. მონაწილეობა მივიღეთ სამთავროს ველის არქეოლოგიიურ გათხრებში. ხელახლა „აღმოვაჩინეთ“ სხვადასხვა ნივთები. მე სატევარი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. კმაყოფილი ვარ ამ დღით. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ხშირად მოეწყობა ასეთი პროექტები.
ნოდარ ჭანკოტაძე: –მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგობაზე არასდროს მიოცნებია, ეს დღე ჩემთვისაც დაუვიწყარი იყო. განსაკუთრებით მომეწონა არქეოლოგიური მუზეუმი და იქ თავმოყრილი ნივთები. ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ბავშვის სათამაშოებმა და ყურსაწმენდმა ჩხირმა მიიპყრო, რაც მიუთითებდა, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროისთვის განვითარების მაღალ დონეზე იდგა. რაც შეეხება საბავშვო არქეოლოგიურ გათხრებს, პირადად მე ნაკლებად გამიმართლა და მხოლოდ ძვალი ვიპოვე, თუმცა ამითაც კმაყოფილი დავრჩი.
სოფო ჭიპაშვილი
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ