„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბრისას, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის რეკომენდაცია ხარჯების 10%-ით შემცირებასთან დაკავშირებით არ გულისხმობდა აუცილებლად ხელფასების შემცირებას და მუნიციპალიტეტმა სხვა ხარჯები შეამცირა.
„ცენტრალური ხელისუფლების მითითება, ხარჯების 10%-ით შემცირებაზე, სარეკომენდაციო ხასიათის იყო და უპირობოდ ხელფასების შემცირებას არ გულისხმობდა. 2017 წელს გამგეობასა და საკრებულოში გავაუქმეთ საპრემიო ფონდი. საკრებულოში წარმომადგენლობითი, საწვავისა და სატელეფონო ხარჯები შევამცირეთ“, – განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა სიმრავლისა და, შესაბამისად, გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ ფაქტ-მეტრმა რამდენჯერმე დაწერა.
ხარაგაულის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საკრებულოსა და გამგეობაში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი შემცირებულია, თუმცა, ეს ცვლილება 10%-ს არცერთ კომპონენტში არ აღწევს.
ცხრილი 1: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი (ათასი ლარი)
2016 | 2017 | ცვლილება | ||
საკრებულო | ხარჯები | 535.0 | 492.0 | -8% |
შრომის ანაზღაურება | 310.8 | 295.0 | -4.8% | |
გამგეობა | ხარჯები | 1 587.1 | 1 471.5 | -0.72% |
შრომის ანაზღარულება | 1 246.9 | 1 184.0 | -0.5 % |
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2017 წელს გამგეობაში გაუქმდა საპრემიო ფონდი. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საპრემიო ფონდის ბოლო ორი წლის მონაცემი შემდეგნაირია:
ცხრილი 2: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საპრემიო ფონდი (ლარში)
2016 | 2017 | ||
საკრებულო | პრემია | 1 000 | – |
დანამატი | – | – | |
გამგეობა | პრემია | 13 000 | 1 600 |
დანამატი | 7 900 | – |
წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუნიციპალიტეტისვე ინფორმაციით, შარშან ფონდში არსებული სახსრები საკრებულომ და გამგეობამ სრულად აითვისეს. მხოლოდ გამგეობაში გაკეთდა 50 ლარიანი ეკონომია. წელს კი, პრემია და დანამატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის გამგეობის 2017 წლის საპრემიო ფონდი (1 600 ლარი) გასულ თვეებში უკვე სრულადაა ათვისებული.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობით და სატელეფონო ხარჯს, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ხარჯი არათუ იკლებს, იმატებს კიდეც. უმნიშვნელოდ იკლებს მხოლოდ საწვავის ხარჯი.
ცხრილი 3: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი, საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯი (ლარი)
2016 წელი | 2017 წელი | ცვლილება | |
წარმომადგენლობითი ხარჯი | 3 150 | 4 000 | + 850 |
მობილური ტელეფონის ხარჯი | 1 870 | 2 000 | + 130 |
საწვავ-საპოხი მასალის ხარჯი | 20 515 | 20 000 | – 515 |
იმის გასარკვევად, ხომ არ განხორციელებულა წელს რაიმე ცვლილება ბიუჯეტში აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მივმართეთ. გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო მაღლაკელიძემ ფაქტ-მეტრს დაუდასტურა, რომ მსგავსი ცვლილება არ განხორციელებულა და მუნიციპალიტეტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული მასალა სრულ ინფორმაციას შეიცავს.
დასკვნა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გასულ წელს შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯები შემცირებულია, თუმცა არა მთავრობის მიერ რეკომენდირებული 10%-ით. ამ პუნქტებში საკრებულომ უფრო მეტი დათმო, ვიდრე გამგეობამ, რომელსაც აღნიშნული დაფინანსება, შეიძლება ითქვას, თითქმის არ შეუმცირებია.
გასულ წელთან შედარებით საპრემიო ფონდი მნიშვნელოვნად შემცირდა გამგეობაში, თუმცა არ გაუქმებულა და 2017 წლის გასულ 7 თვეში იგი სრულადაა ათვისებული. საპრემიო ფონდი გაუქმდა მხოლოდ საკრებულოში.
რაც შეეხება საკრებულოს წარმომადგენლობით, საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯებს, გასულ წელთან შედარებით (საწვავის ხარჯის გარდა, რომელიც 515 ლარითაა შემცირებული), სახსრები ამ კუთხით არათუ შემცირებული, უმნიშვნელოდ გაზრდილიც კი არის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს სხდომაზე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში