ხარაგაულის მუნციპალიტეტის საკრებულო 7 აგვისტოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს განიხილავს.

2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ააიპ-ებში (სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, კულტურის ცენტრი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, ხარაგაულდასუფთავება, ხარაგაულკეთილმოწყობა, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი) დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 10%-დან 40%-მდე შემცირდა. რაში ხედავს გამოსავალს, საიდან შეიძლება მოიძიონ ბიუჯეტში დამატებითი ფინანსები და კონკრეტულად რას აკეთებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ამისთვის, – ამ შეკითხვებით კომისიის თავმჯდომარეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

-კომისიის ანგარიშში, რომელიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 17 ივლისს წარადგინეთ, აღნიშნულია, რომ არ დაეთანხმეთ 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში სოციალური და ინფრასტრუქტურული მშენებლობის ხარჯების შემცირებას; მიმართეთ გამგეობას, რომ გამოენახა სხვა რესურსი დამატებითი ვალდებულებების შესასრულებლად. რა პასუხი მიიღეთ გამგეობიდან?

-გამგეობა სოციალური და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებას საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ითხოვდა. გადაწყვეტილება არ მოვიწონეთ. გამგეობამ შეძლო, რომ სოციალური ხარჯი, იმაზე ნაკლებით შეემცირებინა, ვიდრე გეგმავდა. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში გამგეობამ ჩვენი მოთხოვნა ვერ გაითვალისწინა და გვიპასუხა, რომ ფინანსების სიმწირის გამო სხვა გზა არ ჰქონდა.

წელს მივიღეთ ის, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა თითქმის აღარ გაგვაჩნია. არსებული თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის გადავიტანეთ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს პატარა ხარაგაულში სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე 7 ათასი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება 10 ათასი ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისთვის. წელს ადგილობრივ ბიუჯეტში ხიდ-ბოგირების მშენებლობისთვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა, იმ დროს, როცა 2016 წელს ამ მიმართულებით 21 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს შეკეთდა გზა ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში. გასულ წელს 7 ათასი ლარი მოხმარდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. წელს არც ამ კუთხით გვაქვს ხარჯები გაწეული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ხარაგაულში საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უმთავრესი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს არსებული ფინანსების გონივრულად განკარგვას.

138 ათას ლარს ვიღებთ ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და თავდაცვის დასაფინანსებლად. დაახლოებით ერთი ამდენ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვამატებთ. თუ საჭირო და სავალდებულოა ეს ხარჯები, მაშინ ფინანსთა სამინისტრო მოგვცემდა ამის თანხებს. ეს დელეგირებული უფლებამოსილების თანხაა და სპეციალური ფორმულით, საბიუჯეტო კოდექსითაა დადგენილი. ეს ხარჯები უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში. აუცილებელია ააიპების რეორგანიზაცია.

-რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით  ააიპ-ების რეორგანიზაციის კუთხით?

-საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებაა, რომ პრობლემებზე მიუთითოს, რეკომენდაცია გასცეს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, წლიური და პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისას ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში რეორგანიზაცია გამგეობის უფლებამოსილებაა.

ჩვენ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გვაქვს, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯებისა და ხელფასების თანაბრობა და მიზანშეწონილობა გადასახედია. ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვისას დავსვით საკითხი, რომ გამგეობას, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საშტატო ნუსხისთვის გადაეხედა. რიგი ააიპ-ების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ჩემთან პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათი ხელფასები არასამართლიანადაა განაწილებული.

გამგეობა დღემდე გვპირდება, რომ ამ საკითხს გადახედავს. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში „ჩემი იმერეთის“ რედაქციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკო თოფურიძისგან მოვისმინე, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან ყველაფერი დალაგდება. ალბათ კონკრეტული გეგმა აქვს.

მოსახლეობის წინაშე მეტად ვალმოხდილი ვიქნები, თუ უფლებამოსილების ამოწურვამდე გამგეობიდან კონკრეტულ გეგმას მივიღებ. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან თუ კონკრეტული გეგმა არ წამოვა დამატებითი ფინანსების მოძიებაზე, მზად ვართ მივუთითოთ უფლებამოსილების ფარგლებში.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ საბავშვო ბაღებში ტექნიკური პერსონალი შევინარჩუნოთ და მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის თანხა გამოვძებნოთ. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები წელს ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

„სათნოების სახლისა“ და „ხარაგაულკეთილმოწყობის“ საქმიანობაში რომ პრობლემები იყო, ამაზე რეაგირება კომისიის წევრებმა ინგა მაღრაძემ და ქეთევან ზუმბაძემ მოითხოვეს. ამ ორ ააიპ-ში დაშვებული დარღვევები შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშში აისახა. გამგებელს წერილობით მივმართე, თუ რა ღონისძიებები გაატარა საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ქმედებებზე. გამგებლისგან პასუხს დღემდე ველოდები. ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. მიმაჩნია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საკრებულოს მიმართ მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

-აღნიშნეთ, რომ გაქვთ დამატებითი ფინანსების მოძიების გეგმა. უფრო კონკრეტულად განმარტეთ ამის შესახებ.

-ვფიქრობ, რომ უნდა განხორციელდეს ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის“ რეორგანიზაცია. საინფორმაციო მომსახურებაზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ამ ააიპ-ს ბეჭვდური მომსახურება წელიწადში ექვსი ათასი ლარი უჯდება. ტენდერის გამოცხადება საინფორმაციო მომსახურებაზე, თანხების დაზოგვასთან ერთად, დემოკრატიიის ხარისხსაც გაზრდის. თვითმმართველობამ საქმე აკეთოს და ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე დამოუკიდებელმა მედიამ მიიტანოს. საჯაროობისა და დემოკრატიულობის კუთხით ეს მნიშვნელოვანია.

ასევე ტენდერის გამოცხადება შეიძლება სათნოების სახლის მომსახურებაზე. ამის პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გააჩნია.

აუცილებელია, რომ ყველა მეწარმე საბიექტთან, რომელიც მუნიციპალური ქონებით სარგებლობს, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდეს. ეს კარგად დასათვლელია და აქედან შეიძლება დამატებითი თანხების მოძიება. 2016 წელს ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

ვფიქრობ, მნიშნელოვნად მოიმატა დასუფთავების მოსაკრებელმა და მეწარმეებთან ხელშეკრულებების გაფორმება შედეგიანი აღმოჩნდა. მეწარმე სუბიექტებზე დაკისრებული ჯარიმები სასამართლოს წესით უნდა ამოვიღოთ.

ჯარიმები შემოსავლის ის ნაწილია, რომელზეც მუნიციპალიტეტი მყარად ვერ იქნება დამოკიდებული. რკინიგზიდან ქონების გადასახადი მყარია და შესრულდება.

მსგავსი საქმიანობის ააიპ-ების ადმინისტრაციების გაერთიანებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს საკითხიც გამგეობას უნდა წარმოედგინა. რთულია დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გაშვება, სათუთი თემაა, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე მხრიდან უნდა შევხედოთ. უნდა დავინახოთ იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც ვერც სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდნენ, სამუშაო არ აქვთ, მედიკამენტების შესაძენი და ოჯახის სარჩენი სახსრები არ გააჩნიათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მათიცაა.

საერთო ჯამში წელს, შარშანდელთან შედარებით, სოციალური მიმართულებით თანხა ნაკლები არ იქნება, მაგრამ მაინც არასაკმარისია არსებული პრობლემების ფონზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საბის მოსახლეობა დაესწრო. ისინი ხიდის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. ბოლომდე მივყევით ამ საკითხს და ახლა უკვე ტენდერია გამოცხადებული საბეში ხიდის აღსადგენად. სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილეთ მოლითისა და დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მოთხოვნა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე. გული მწყდება, რომ ხარაგაულში ბავშვებისთვის ატრაქციონები ვერ მოეწყო.

-ბიუჯეტში არსებული პრობლემების მიუხედავად, საკრებულომ მხარი არ დაუჭირა გამგეობაში ხელფასების 10%-ით შემცირებას. რატომ?

-ცენტრალური ხელისუფლების მითითება, ხარჯების 10%-ით შემცირებაზე, სარეკომენდაციო ხასიათის იყო და უპირობოდ ხელფასების შემცირებას არ გულისხმობდა. 2017 წელს გამგეობასა და საკრებულოში გავაუქმეთ საპრემიო ფონდი. საკრებულოში წარმომადგენლობითი, საწვავისა და სატელეფონო ხარჯები შევამცირეთ. ეს თანხები სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდა.

საკრებულო აღარ მონაწილეობს კონკრეტულ ააიპ-ებში ხელფასების განაწილებაში. ეს უშუალოდ გამგებლისა და ააიპ-ის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, – წლის დასაწყისში გამგეობიდან თითქმის ერთდროულად შემოვიდა ინიციატივა კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებში შტატების დამატებისა და შემდეგ ხელფასების შემცირების თაობაზე. ერთდროულად ეს ინიციატივები არასამართლიანად მივიჩნიე, რადგან ხელფასების დაკლების ხარჯზე შტატები არ უნდა გავზარდოთ. საჯარო მოხელეები კონკურსით, უვადოდ არიან დანიშნულები. მათ კონკურსით მიიღეს მყარი სოციალური გარანტიები. ჩემთვის ნამდვილად უხერხულია, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ხელფასები შეუმცირდათ, მაგრამ მე არც მათი ხელფასების შემცირებისთვის დამიჭერია მხარი. ჩვენ ხელფასების დაკლებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ესა თუ ის შტატი ამა თუ იმ სამსახურში.

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, გამოსავალს ვხედავ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაზრდაში, ააიპ-ების რეორგანიზაციასა და შტატების გადახედვაში. თანხა ტენდერებიდანაც დაიზოგება. ვფიქრობ, გამართლდება ჩვენი მოლოდინები დაგეგმილ ჯარიმებსა და სხვა შემოსავლებზე. წინასწარი ინფორმაციით, ექვსი თვის ბიუჯეტი 93%-ით შესრულდა. სამწუხაროდ, ფინანსური რესურსების სიმწირეა და ძირითადად მაინც ცენტრალური ხელისუფლების იმედად ვართ.

ნინო კაპანაძე