ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 აგვისტოს რიგგარეშე სხდომა ხმაურით, დაპირისპირებითა და ურთიერთბრალდებებით წარიმართა. დეპუტატებს საბიუჯეტო ცვლილება უნდა დაემტკიცებინათ, რომლის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 700 ათასი ლარი გადმოირიცხა.
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა კოლეგებს სხდომის გაგრძელების უფლება არ მისცა. მან საკრებულოს სხდომაზე ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის, თემურ ფურცელაძის მოსვლა მოითხოვა, რომ მისგან მოესმინა სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი მალხაზ სებისკვერაძის სამსახურში მიღების მიზეზი.
თორნიკე ავალიშვილის განცხადებას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და იმის შეხსენება მოჰყვა, თუ რომელ პარტიაში უფრო მეტი კრიმინალია.
რეგლამენტის დარღვევის შესახებ კოლეგებს დეპუტატმა რომან შერგელაშვილმა მიუთითა. რეგლამენტის თანახმად, ჯერ დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხი უნდა განხილულიყო, ხოლო შემდეგ ემსჯელათ დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის წინადადებაზე.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ ჯერ პოლიცია გამოიძახა, ხოლო შემდეგ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორი საკრებულოში მივიდა.
„მაინტერესებს, ბატონო თემურ, რატომ მიიღეთ სამსახურში მალხაზ სებისკვერაძე, რომელმაც 2016 წლის 9 ოქტომბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უბისის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მახათაძეს და მისი ოჯახის წევრებს. სასამართლომ მალხაზ სებისკვერაძე სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო,“ – მიმართა თორნიკე ავალიშვილმა ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორს თემურ ფურცელაძეს.
თემურ ფურცელაძის განმარტებით, მას კანონი არ უკრძალავს ნასამართლევი პირის სამსახურში მიღებას.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მალხაზ სებისკვერაძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია. სასამართლომ მალხაზ სებისკვერაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) ბრალდებულად ცნო და მას 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის იურისტი ინგა თურქაძე განმარტავს, რომ სასამართლო განაჩენში არ მიუთითებს, რომ ნასამართლევ მალხაზ სებისკვერაძეს სამუშაოს დაწყება ეკრძალება. ინგა თურქაძის ინფორმაციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში წერია, რომ თუ საჯარო მოხელემ დანაშაული განზრახ ჩაიდინა, ის უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, ასევე არ შეიძლება დანაშაულის განზრახ ჩამდენი პირის საჯარო სამსახურში მიღება.
„ააიპ-ებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება, – ამბობს ინგა თურქაძე, – ააიპ-ის ხელმძღვანელს შეუძლია დასაქმებულს ერთიდან ექვს თვემდე გამოსაცდელი ვადა დაუწესოს.“
„თქვენ რაში გჭირდებათ, ბატონო თემურ, თანამშრომელი, რომელმაც სამი თვის ბავშვიც კი სცემა, – მიმართა დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორს. თქვენი სურვილით არ მიგიღიათ ახალი თანამშრომელი. ეს საკრებულოს თავმჯდომარემ დაგავალათ.“
თემურ ფურცელაძემ აღნიშნა, რომ სამსახურში მალხაზ სებისკვერაძის მიღებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა და ის ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს ბორითში გამგებლის წარმომადგენელი
ვლადიმერ ბარბაქაძე და მისი თანაშემწე მალხაზ სებისკვერაძე თავს დაესხნენ უბისაში მცხოვრები დავით მახათაძის ოჯახს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მისი ოჯახის წევრებს.
დავით მახათაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 2017 წლის 7 ივნისს, ვლადიმერ ბარბაქაძე და მალხაზ სებისკვერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში