დღეს, 31 ივლისს, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესურსცენტრი შეიქმნა. პროექტის ავტორი, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი ზურაბ გოხაძე ამბობს, რომ საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა შშმ პირთა რესურსცენტრი, სადაც სწავლებას მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანებთან თავად უსინათლოები ჩაატარებენ.

„პროექტში ექვსი პიროვნება დასაქმდა, – ამბობს ზურაბ გოხაძე, სამი მათგანი უსინათლოა – ტრენერი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ბრაილის შრიფტის მასწავლებელი და ფინანსური მენეჯერი. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ბენეფიციარები სპეციალური ხმოვანი პროგრამით შეისწავლიან, წერა-კითხვას კი – ბრაილის შრიფტით.

ხარაგაულის ბიბლიოთეკაში „ინკლუზიური ბიბლიოთეკა“ შეიქმნება. ბიბლიოთეკაში უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ყველა სახის ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდება. საქართველოს უსინათლოთა კავშირი ხარაგაულის ბიბლიოთეკას აუდიო წიგნებსაც მოაწვდის.

რესურსცენტრში ლიტერატურული წრე ჩამოყალიბდება. ზურაბ გოხაძის ინფორმაციით, ხარაგაულელები გაეცნობიან უსინათლოთა შემოქმედებას, დაიგეგმება პოეზიის საღამოები.“

ხუთი თვის მანძილზე ხარაგაულელი უსინათლოები ხარაგაულის ბიბლიოთეკაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის შესასწავლად კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და პარასკევს შეიკრიბებიან.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე ბენეფიციარებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეასწავლის. ის ამბობს, რომ პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალში უსინათლოების დასაქმებისთვის.

ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის შესწავლაში ხარაგაულელ უსინათლოებს მზია კურტანიძე დაეხმარება. „დიდი საქმეა, რომ უსინათლოებს სახლიდან გამოვიყვანთ, – ამბობს მზია კურტანიძე, – ისინი თავს საზოგადოებისგან გარიყულად აღარ იგრძნობენ და ინფორმაციებს თავად გაეცნობიან.“

პროექტში, ჯერჯერობით, ცხრა ბენეფიციარი ჩაერთო.

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესურსცენტრის შექმნისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 200 ლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.