ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესურსცენტრი იქმნება. მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის 7 200 ლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

პროექტისთვის საჭირო თანხა საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარების სოციალურ პროგრამას მოაკლეს და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ხარჯებში გადაიტანეს.  7 200 ლარი ამ პროექტში დასაქმებული 6 პიროვნების ხელფასია.

ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ პროექტის დაფინანსების მოთხოვნით მარტში მიმართა. დეპუტატებმა მაშინ პროექტის გადამუშავება მოითხოვეს.

„პროექტის მიზანია ხარაგაულში მცხოვრები უსინათლოების საზოგადოებაში ინტეგრაცია, – ამბობს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – რესურსცენტრში უსინათლოები ხუთი თვის მანძილზე ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას შეისწავლიან და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან. ბენეფიციარებისთვის ლიტერატურული წრე ჩამოყალიბდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ბიბლიოთეკა, რომელიც აღიჭურვება „ხმოვანი ბიბლიოთეკის“ პროგრამით.“

ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის სურვილი ხარაგაულში მცხოვრებმა ცხრა უსინათლომ გამოთქვა.

„პროექტში დასაქმებული სამი პიროვნება უსინათლოა, – ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ისინი შეასწავლიან ბენეფიციარებს ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას. დანარჩენი სამი პიროვნება ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები არიან. პროექტის მენეჯერია გულნარა ჭარბაძე, რომელიც 2017 წლის პირველ იანვრამდე პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად მუშაობდა.“

ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, მეცადინეობები კვირაში ორჯერ ჩატარდება. პროექტის მიმდინარეობისას ყოველთვიური ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარედგინება.

წიფაში მცხოვრები უსინათლო მალხაზ ბანცაძე მოხარულია, ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს რომ შეისწავლის. „კარგია, რომ დამოუკიდებლად წერა-კითხვას შევძლებ, – ამბობს მალხაზ ბანცაძე, – განსაკუთრებით კომპიუტერის შესწავლა მაინტერესებს, რომ ინტერნეტით საჭირო ინფორმაციების მოპოვება შევძლო.“

ორშაბათს 31 ივლისს, 11:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის პრეზენტაციას უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი, პროექტის ავტორი ზურაბ გოხაძე გამართავს.

ნინო კაპანაძე