qarsacavi zoli karaletshiმიმდინარე წლის ოქტომბრიდან გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები ახორციელებენ პროექტს „მწვანე კედელი“ – ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციის ხელშეწყობა. გორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე თემში ქარსაცავი ზოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაუდგა გვერდით და პრობლემა გულთან მიიტანა,“ – ამბობს პროექტის კოორდინატორი თეა გიგუაშვილი.

გორის საკრებულოს აგრარული და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, სოსო ხუროშვილის თქმით, საქართველოში 5 ათასი ჰა ქარსაცავი ზოლი იყო, აქედან გორის მუნიციპალიტეტში – 1 500 ათ. ჰექტარი, – აღნიშნა სოსო ხუროშვილმა სოფელ კარალეთში, – ირგვლივ ხეხილის ბაღები ჰქონდათ, რომელთაც ოთხივე მხრიდან ქარსაცავი ზოლი ესაზღვრებოდა. ქარსაცავები მიწებსაც იცავდა ეროზიისგან. კარალეთს 119 ჰა ქარსაცავი ზოლი ჰქონდა. 90-იან წლებში ზოგი სათბობად გაიჩეხა, ზოგიც თავისთავად განადგურდა.

ახლა ხელახლა უნდა გავაშენოთ ქარსაცავი ზოლი, მაგრამ მთავარი მათი მოვლა-პატრონობაა. უმეტესად ისეთი ხეები უნდა გავაშენოთ, მორწყვა რომ არ სჭირდება. საკრებულოში ამ მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. ქარსაცავი ზოლის გაშენებისთვის ფინანსებს როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე დონორი ორგანიზაციებიდან მოვიძიებთ, ადგილობრივი ფერმერებიც მოგვეხმარებიან. ეტაპობრივად დავიწყებთ ქარსაცავი ზოლის გაშენებას შერეული ხეებით.“

პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი მიიჩნევს, რომ კარალეთის მონაკვეთი ერთ-ერთი რთული ადგილია, სადაც ქრის როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქარები. ყველაზე ხელსაყრელი მცენარე ქარსაცავი ზოლისთვის, რომელიც ადვილად ეგუება აქაურ პირობებს, არ უნდა მორწყვა, არ აზიანებენ შინაური ცხოველები, არის ფიჭვი. ადრე ალვიის ხეებს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ 30 წლის მერე ის უკვე საშიში ხდება.

კარალეთი-ძევერას მონაკვეთზე აუცილებელია დაირგას ფიჭვი. კონკრეტულად უნდა დაიგეგმოს მეცნიერული კვლევებით, თითოეული ზონისთვის რომელი მცენარის ნერგი იქნება უკეთესი. რა გვირჩევნია, ხუთ წელში გაზრდილი ალვის ხე, რომელიც 25 წლის მერე აღარ ვარგა, თუ ფიჭვი, რომელიც იქნება ორი-სამი საუკუნე. ფიჭვის კორომი უკეთდაიცავს ზამთარში, ვიდრე ფოთლოვანი მცენარე,“ – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

ნინო კაპანაძე

მასალა მომზადდა პროგრამის„ საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ მიერ 21-23 დეკემბერს ორგანიზებული სამეცნიერო-ჟურნალისტური ექსპედიციის ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.