„მე ვარ მოლითზე უზომოდ შეყვარებული მხატვარი, მთელი ჩემი სულიერი სამყარო აქედან წარმოიშვა. მოლითში განსაკუთრებული ადგილები მაქვს შერჩეული. იქ დავდგები და ბავშვობიდან დღემდე ერთი და იგივე სიყვარულით გავცქერი ბუნებას“, – გვითხრა წარმოშობით მოლითელმა ნიჭიერმა მხატვარმა ლევან ცუცქირიძემ თორმეტი წლის წინ, როცა მას პირველად შევხვდით მოლითში, მამაპაპისეულ სახლში.
მამამისი შორაპნის მაზრის უფროსი გახლდათ. იგი 1937 წელს უდანაშაულოდ დახვრიტეს კომუნისტებმა. მეორე ძმა, ლევანის ბიძა, გიორგი ცუცქირიძე, ფაშისტებმა დახვრიტეს ტყვეობაში.
ლევან ცუცქირიძემ ბავშვობიდანვე გამოავლინა მხატვრობის ნიჭი. თავდაპირველად დოქის ნატეხებზე ხატავდა. დოქის ნატეხები დღესაც წარსულის მოგონებებს აღძრავს მასში.
მერე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სწავლობდა საკმაოდ დიდხანს, სერიოზული ბრძოლა უხდებოდა. მეორე კურსზე გადასული პირველ კურსზე დააბრუნეს, მეოთხე კურსიდან ისევ პირველ კურსზე დასვეს, რადგან ლევან ცუცქირიძის შემოქმედება სტანდარტულ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა:
„კომუნისტურ პერიოდში ჩვენთან ყოველგვარ ძიებას ებრძოდნენ, – გვიამბობს ბატონი ლევანი, – კაცი ნიჭიერი არ უნდა ყოფილიყო. კომუნისტური სტანდარტები უნიჭობასთან იყო დაკავშირებული. ვინც კომუნისტურ ჩარჩოებს ვერ ეგუებოდა, ისჯებოდა. სტუდენტებს აკრძალული ჰქონდათ, მაგალითად იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობა.“
დღეს ბატონი ლევანი მადლიერებით იხსენებს რუსეთში მოღვაწე იმ რუს მხატვრებს, რომლებსაც კარგად ესმოდათ მხატვრობა და იქ ჩასულ ქართველ სტუდენტებს ჩუმად აცნობდნენ იმპრესიონისტების შემოქმედებას.
„აკადემიაში ძალიან რომ გამიჭირდა, – გვიამბობს ბატონი ლევანი, – უკვე გარიცხვაზე იყო ჩემი საქმე მისული, ლადო გუდიაშვილთან მივედი. აკადემიაში მლანძღავდნენ.
ერთ მომენტში ეჭვიც კი დამებადა, – იქნებ მართლა ისინი იყვნენ მართლები, ვინც ითხოვდნენ, რომ მეხატა რუსული სკოლის მიხედვით. რუსული სკოლა, როგორც ასეთი, არ არსებობდა.
გუდიაშვილთან შეშინებული და შეწუხებული მივედი. მან, რა თქმა უნდა, დამამშვიდა, დამარწმუნა, რომ მართალი ვიყავი და ახალი ენერგიით უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა და ძიება.
ვინც კი ნიჭიერი იყო, ყველას რისხვა ატყდებოდა თავს, – ან რიცხავდნენ აკადემიიდან ან სწავლობდა 12 წელი. „ნამდვილი ხატვა ისწავლეთო“, – გვეუბნებოდნენ, რაც შეცდომა იყო.
მოგვიანებით, კომუნისტებს დასჭირდათ გამოეცხადებინათ, რომ ჩვენთან დემოკრატია და თავისუფლებაა, რის გამოც გარკვეული შეღავათი მიეცა ლადო გუდიაშვილს. აკრძალული იყო ფიროსმანი. მის პერსონალურ გამოფენას სულ რამდენიმე კაცი ვესწრებოდით.“
რომ დამორჩილებოდა მოთხოვნებს, დაეჯერებინა, დაჰყოლოდა, შესაძლოა, გარკვეული კომფორტიც შექმნოდა, მაგრამ „შინაგანი ძახილი ისეთია, რომ უნდა ეძიო ის, რასაც გრძნობ და სულიერად რასაც ხედავ,“ – მტკიცედ მიაჩნია ბატონ ლევანს.
„ჩვენ გვქონდა ერთი ბედნიერება, რომ საქართველოში არსებობდა ბიზანტიური სკოლა და ეკლესიები მოხატული იყო ქართველი მხატვრების მიერ. საოცარი ქმნილებაა უბისის მხატვრობა.
მათი ასლები მაქვს შესრულებული. ჩემი სულიერი სამყარო ამ ნიადაგზე ვითარდებოდა. ამიტომ ჩემი ფერწერა არის მონუმენტური,“ – გვიამბობს ბატონი ლევანი.
ლევან ცუცქირიძემ სიონის ეკლესიაში კედლის მხატვრობა შეასრულა. „სიონის ეკლესია სანთლისგან გაიჭვარტლა. საავადმყოფოში ვიწექი. ვითხოვე კედლები გაჯით არ შეელესათ, მასზე ხატვა არ შეიძლება. მაინც გაჯით შელესეს, – ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდი იყო. მაინც არ გავუშვი მომენტი და სამი კედელი მოვხატე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით.
ეკლესიის მოხატვა ჭერიდან უნდა დაიწყოს, კომუნისტები რატომღაც კედლის ძირიდან მხოლოდ ექვსი მეტრის სიმაღლეზე ხატვის უფლებას გვაძლევდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, წესს არ ვარღვევდით და ჭერიდან ვიწყებდით მოხატვას“.
ლევან ცუცქირიძემ შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ თხუთმეტი ილუსტრაცია, რომლებიც საქართველოში ალბომის სახით გამოვიდა; რუსეთში, იაპონიაში, სომხეთში და ორჯერ გერმანიაში – წიგნად.
ლევან ცუცქირიძემ გააფორმა ვაჟა-ფშაველას პოემები, გალაკტიონის, ანა კალანდაძის, ირაკლი აბაშიძის კრებულები, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, გოეთეს „ფაუსტი“.
გამოიცა მისგან დასურათებული ბიბლია. მისი ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ბელგიაში, გერმანიაში. ლევან ცუცქირიძის ნამუშევრებს გაეცვნენ ჰოლანდიაში, დანიაში, ინგლისსა და იტალიაში.
გერმანიაში ვაჟა-ფშაველას ილუსტრაციების ანაბეჭდები ჩაიტანა. ამ ანაბეჭდებით შეძლო გამოფენის მოწყობა. ბატონ ლევანს კომუნისტური რეჟიმი უფლებას არ აძლევდა გამოფენას დასწრებოდა. ამიტომ მის მაგივრად გერმანიაში მცხოვრები ქართული ოჯახი მიიწვიეს და ბატონი ლევანისთვის გადასაცემი ქრიზანთემები მათ გადასცეს.
ბატონ ლევანისგან გაფორმებული გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ რუსმა მეგობარმა წაიღო ბრაზილიაში, სადაც ამ ნამუშევარმა პრემია დაიმსახურა.
ზაფხულს ბატონი ლევანი, ოჯახთან ერთად, ხშირად ატარებს მშობლიურ სოფელში. მოლითში აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით წვას. მისი ნამუშევრების თემატიკა ასეთია: სიყვარული, ახალგაზრდობა, ქართული სუფრა და რაც მთავარია, რელიგია.
რაღაცამ ძლიერად უნდა ააღელვოს, რომ ნამუშევრების შექმნა დაიწყოს. შექმნის პროცესში ყველა თავისი ნახატი უყვარს. როცა მუშაობას დაასრულებს, ახალი ნამუშევრის შექმნაზე იწყებს ფიქრს.
ლევან ცუცქირიძე პროფესორია, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვარის წოდება.
2016 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭა.
ხარაგაულელები კარგად უნდა იცნობდნენ შემოქმედ თანამემამულეს. ლევან ცუცქირიძე იმიტომაა ძლიერი, რომ აკეთებს იმას, რასაც შინაგანად გრძნობს და სულიერად ხედავს.
ეს პუბლიკაცია გვინდა დავასრულოთ ერთი ნიუანსით, რომელიც ბატონ ლევანის მეუღლემ ქალბატონმა დალი ღვინიანიძემ გვამცნო: ბატონმა ლევანმა შექმნა ბავშვების ნახატი, როცა საკუთარი შვილები არ ჰყავდა. დახატული ბავშვები საოცრად გვანან მის შვილებს…
ლაურა გოგოლაძე
ლევან ცუცქირიძის ნახატები შეგიძლიათ იხილოთ აქ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი