ქეთო თხელიძე და მარო შარიქაძეთოვლიან ეზოში შევაბიჯე. 98 წლის ქეთო ბებიამ სახლში თბილად შემიპატიჟა. ქეთო თხელიძე ხარაგაულელებისთვის ცნობილი ფარმაცევტ-პროვიზორია, რომლის მალამოები დღესაც პოპულარულია. ქეთო ბებია სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და თავისი ცხოვრებიდან საინტერესო მომენტებზე გვესაუბრა.

-როგორ გადაწყვიტეთ ფარმაცეტობა?

-თავიდანვე მთელი ჩემი არსებით მიყვარდა ეს პროფესია და მშობლებიც განსაკუთრებულად მიწყობდნენ ხელს. დედა დიასახლისი გახლდათ, მამა კი ექსპედიტორად მუშაობდა, – რუსეთში ღვინოები მიჰქონდა. ძალიან განათლებული კაცი იყო, ხუთი ენა იცოდა. 1931 წელს ჩავირიცხე ფარმაკო-ქიმიურ ტექნიკუმში. საკმაოდ რთული იყო ამ ტექნიკუმში მოხვედრა. 1935 წელს დავამთავრე სასწავლებელი და სამუშაოდ გამომგზავნეს ჩემს მშობლიურ რაიონში რეცეპტორ-ტექნოლოგად. აქ მაშინ მუშაობდა ხარაგაულში პირველი აფთიაქის დამაარსებელი პროვიზორი ნარიმან გუნცაძე, რომელმაც დიდი სიყვარულით მიმიღო.

-გაიხსენეთ სასიამოვნო და საამაყო მომენტები თქვენი ცხოვრებიდან.

-ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ჩემი სამსახური იყო, რომელიც ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გახლდათ. მახსოვს, ახალი მისული ვიყავი აფთიაქში, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაცას ფულით სავსე ჩანთა დარჩა აფთიაქში. ჩანთა უშიშროების უფროს კოლა სამხარაძეს მივუტანე. სასწრაფოდ გამოიძახეს ბანკის მოლარე, მილიციის უფროსი და შეადგინეს აქტი. ეს ფული ზვარის კოლმეურნეობის შრომადღეების თანხა აღმოჩნდა. ჩანთის პოვნის შესახებ შეატყობინეს ზვარის კოლმეურნეობას. ყველაფერი კარგად დამთავრდა და უღრმესი მადლობა გადამიხადეს. ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყო იყო.

-ახალგაზრდობის სასიამოვნო მოგონება.

-მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, გვარად მშვიდობაძე, რომელიც ფარმაცევტულ ქიმია გვასწავლიდა. მხოლოდ მე მიწერდა ხუთიანს. ვუთხარი, რომ მე არ მეკუთვნოდა ეს ნიშანი. მან გამიღიმა და მითხრა, ხუთზე ერთი მე ვიცი და ამ ბავშვებს შორის, – მხოლოდ თქვენო. აკადემიურად საკმაოდ ძლიერი ვიყავით.

-გვიამბეთ თქვენს კოლეგებზე.

-მე და როზა ლაბაძე ვიყავით პარტნიორები და მეგობრები, როგორც სამსახურში, ასევე საყოფაცხოვრებო საკითხებში. როზა ქართველი ვაჟკაცის სიყვარულმა ჩამოიყვანა საქართველოში. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ურთიერთობას ტელეფონით.

-რას უსურვებთ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველებს საახალწლოდ?

-პირველ რიგში ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მშვიდობიან ცხოვრებას. წამალი არასოდეს დაჭირვებოდეთ. შემთხვევით ვისარგებლებ და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ აკაკი მაჭავარიანს, რომელიც მეხმარება საჭიროებისამებრ.

თამარ ჩხიკვაძე

 

ფოტოზე: ქეთო თხელიძე კოლეგა მარო შარიქაძესთან ერთად