ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის I კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე იმსჯელა.

ამ ანგარიშის გაანალიზება ფინანსისტს, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის (2012-2016 წწ.) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს, ვთხოვეთ. გთავაზობთ ამ ანალიზს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის I კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი სჯობს საკუთარ შემოსავლებზე დაყრდნობით გავაკეთოთ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა, რომლებიც ცენტრალური (სახელმწიფო) ბიუჯეტიდან ფინანსდება, მიზნობრივია და დელეგირებულია ადგილობრივ თვითმმართველობებზე.

2017 წლის საკუთარი შემოსავლები დაგეგმილია 6 249,1 ათასი ლარით, რაც 2016 წლის საკუთარი შემოსავლების გეგმას (6 449.1 ათასი ლარი) 200 000 ლარით ჩამორჩება. თუ გადასახადებში ზრდა 70 ათასი ლარია, გრანტები და სხვა შემოსავლები შესაბამისად 220 000 და 50 000 ლარით ნაკლებია.

პირველი კვარტალის საკუთარი  შემოსავლები დაგეგმილი იყო 1 613,2 ათასი ლარით, რაც წლიური გეგმის 16.2%-ია. ფაქტობრივმა შესრულებამ 1 403.1 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 14%-ია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის საკუთარი შემოსულობების გეგმა 6 249.1 ათასი ლარი წინა წლის გეგმიურ პარამეტრს – 6 473.1 ათას ლარს 224 ათასი ლარით ჩამორჩება, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არაა. მიუხედავად პირველი კვარტალის დაბალი პარამეტრით დაგეგმვისა, შეუსრულებლობამ 13% შეადგინა.

გადასახადებში I კვარტალში დაგეგმილი იყო 147.2 ათასი ლარი, რაც მხოლოდ 16.9%-ით შესრულდა. გასაკვირია, რას ემყარებოდა ასეთი პარამეტრით დაგეგმვა, როცა წინა წელს იგივე პერიოდში მხოლოდ 69.7 ათასი ლარი იყო მიღებული.

ვფიქრობ, ახსნა სჭირდება, რატომ დაიგეგმა კვარტალური ტრანსფერი 1 331.6 ათასი ლარით, რაც წლიური გეგმის თითქმის 35%-ია, ანუ წლიური ტრანსფერის მესამედზე მეტი. თუკი ფინანსთა სამინისტრო მზად იყო გამოთანაბრებითი ტრანსფერი, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო კვარტალში ქონების გადასახადის ძირითადი ნაწილი შემოდის, ასეთი პროპორციით დაეფინანსებინა, რატომ მოხდა ასე მცირედ დაფინანსება.

დაგეგმვის ნაკლოვანებაზე მიუთითებს ისიც, რომ არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაცია დაგეგმილი არ იყო, თუმცა ფაქტობრივი შემოსულობა დაფიქსირდა.

კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა I კვარტალის ხარჯვით ნაწილში. გეგმური 2 154 ათასი ლარი შესრულდა მხოლოდ 75%-ით, რაც დაფინანსების კუთხით სერიოზულ პრობლემას ქმნის.

ვფიქრობ, მომავალ პრობლემებში განსაკუთრებით თავს იჩენს სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა გაიზარდა, ხარჯებმა იკლო, თანაც იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად მხოლოდ მიმდინარე ხარჯები (ხელფასები, საქონელი და მომსახურება) ფინანსდება და თითქმის არაა დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები და ეს მაშინ, როდესაც წლების წინ აშენებული ბაღების შენობები უკვე საჭიროებენ გარკვეულ კაპიტალურ ხარჯებს.

ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ საქართველოს კანონი მუნიციპალიტეტებს ავალებს საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარებას, რაც ბუნებრივია დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროებას წარმოშობს.

ვფიქრობ, კვლავ რისკის ქვეშაა შემოსავლების პარამეტრის შესრულება „ჯარიმები, სანქციები და საურავების“ მუხლში. მოგეხსენებათ, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით გამკაცრდა სანქციები ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევის მიმართულებით. ბუნებრივია, კანონის მიზანი არა საჯარიმო სანქციების ზრდაა, არამედ მოძრაობის წესების დარღვევის შემცირება, რაც ხარაგაულის ბიუჯეტში ამ სახის შემოსავლების დაგეგმილი პარამეტრების შესრულებას საფრთხეს უქმნის.

წარმოდგენილი კვარტალური ინფორმაცია არ შეიცავს მაჩვენებლებს სუბსიდიების ჩაშლით, თუმცა ისედაც ცნობილია, რომ კულტურისა და სპორტის მიმართულებით მოქმედი დაწესებულებების ხარჯების აბსოლუტური ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯებია და მათში მიზერულია ღონისძიებების დაფინანსება, რაც ტრადიციული ნაკლოვანებაა (არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის).

ასევე გასაკვირია, რატომ მოხდა სოციალურ პროგრამებზე გათვალისწინებული ხარჯების შემცირება. ამასთან ისედაც შემცირებული ხარჯებიც სრულად ვერ დაფინანსდა, და ეს მაშინ, როდესაც სოციალური მდგომარეობა ნამდვილად არ გაუმჯობესებულა და მით უფრო ის გარემოებაც, რომ ხარაგაული, სოციალური შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა პროცენტული რაოდენობით ქვეყანაში ერთ-ერთი „ლიდერი“ მუნიციპალიტეტია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მიდგომების შეცვლა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

თუკი სოციალური ხარჯების შემცირებას ახსნიან იმით, რომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს დასჭირდათ თანადაფინანსება, ვფიქრობ არამართებული იქნება, რადგან ჯერ კიდევ გასული წლის შუა პერიოდიდან იყო ცნობილი ასეთი მიდგომის შესახებ და მისი გათვალისწინება თავდაპირველ ბიუჯეტში უნდა მომხდარიყო.

ის, რომ კანონის მოთხოვნა არ სრულდება და ფაქტობრივად პროგრამული ბიუჯეტი არ დგება, ეს არა მარტო თვითმმართველობების, არამედ ქვეყნის ბიუჯეტის პრობლემაცაა, რაც სამწუხარო რეალობაა.

ნოდარ ებანოიძე